მოქალაქე ამბობს, რომ სავარაუდოდ ჰომოფობიურ ნიადაგზე სცემეს

დღეს ავლაბარში, სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ჰომოფობიურ ნიადაგზე ერთ ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” “თანასწორობის მოძრაობის” იურისტმა, ანზორ ხატიაშვილმა მიაწოდა.

იურისტის თქმით, დაზარალებული ავლაბარში გადაადგილდებოდა, რა დროსაც რამდენიმე ახალგაზრდამ ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ანზორ ხატიაშვილის თქმით, დაზარალებული ვარაუდობს, რომ თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა, რაზეც თავდამსხმელების რეპლიკები მეტყველებს:

“ახლახან ვესაუბრე. სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაზე, რომელიც შესასვლელს მიუყვება, მანდ მიდიოდა. მარტო იყო და იქვე  მდგომმა რამდენიმე უცნობმა ახალგაზრდამ დაუწყო ხმამაღლა მიმართვა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით. ამის შემდეგ ვითომ სიგარეტი სთხოვეს და მის სხეულზე არსებული ტატუირების გამო მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც შემდგომში გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. გაიყვანეს სხვა ქუჩაზე, ჩიხში და იქ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ ადამიანმა სცადა, რომ თავი დაეღწია ამ სიტაუაციიდან და გაერიდა, ტაქსი გააჩერა და ტერიტორია დატოვა. პოლიციისთვის არ მიუმართავს, საკმაოდ აღელვებული იყო. პირველად მოუვიდა ასეთი შემთხვევა. როგორც თვითონ განაცხადა, უნდა დამშვიდდეს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება,  მიმართავს თუ არა პოლიციას,” – ამბობს ადვოკატი.

დღეს, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT) აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით ლგბტქი თემის წევრებმა და მათი მხარდამჭერებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს. ეს დღე აღიარებულია ძალადობის დაგმობისა და სოლიდარობის გამოხატვის დღედ ლგბტი ადამიანების მიმართ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.