ახალი ამბები

“ნუ დადგები ძალადობის მხარეს!”- თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია იმართება [Video]

17 მაისი, 2017 • 2408
“ნუ დადგები ძალადობის მხარეს!”- თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია იმართება [Video]

დღეს 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT) აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით ლგბტქი თემის წევრები და მათი მხარდამჭერები აქციას მთავრობის კანცელარიასთან მართავენ.

ეს დღე აღიარებულია ძალადობის დაგმობისა და სოლიდარობის გამოხატვის დღედ ლგბტი ადამიანების მიმართ. აქციის ორგანოზიატორებმა ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე უფრო და უფრო იზრდება ნეგატიური დამოკიდებულებები ლგბტი ჯგუფის წევრთა მიმართ, რაც ხშირად შეუძლებელს ხდის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანებისთვის თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას სხვა მოქალაქეების თანასწორად. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ გენდერსა და სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები დღემდე ძირითადად „მორალისა“ და „ტრადიციების“ კონტექსტში განიხილება და იგნორირებული რჩება საკითხის უფლებრივი და სოციალური ასპექტები. სახელმწიფოს არასეკულარული პოლიტიკის გამო, ლგბტი თემისა და მათი მხარდამჭერებისთვის დღემდე პრობლემურია გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა.

ლგბტქი აქტივისტების აქცია 17 მაისთან დაკავშირებით, თბილისი, კანცელარიის შენობის წინ. 17.05.2017. ფოტო: გივი ავალიანი/ნეტგაზეთი

წელსაც, ცალკეული კლერიკალური და  რადიკალურად განწყობილი სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხის გამო, ლგბტი აქტივისტებსა და მათ მხარდამჭერებს ისევ დროსა და სივრცეში შეზღუდულ, აქციის წინასწარი დაანონსების გარეშე, პოლიციის მკაცრი კონტროლის პირობებში, გვიწევს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა.

ნეგატიური დამოკიდებულებები მანიფესტირდება ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაში, დისკრიმინაციისა თუ სოციუმიდან გარიყვის ცალკეულ ფაქტებში. სათემო და უფლებადაცვითი ორგანიზაციების მიერ ბოლო წლებში დოკუმენტირებული ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტები და სტატისტიკა აჩვენებს, რომ ლგბტი თემის ყოველ მესამე წევრს აქვს ფიზიკური ძალადობის გამოცდილება, ათიდან 9 კი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია. ბოლო პერიოდში გახშირდა თავდასხმის ფაქტები ტრანსგენდერ ქალებზე, რომელთაგან 2 მკვლელობით დასრულდა.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მაღალი დონის გამო ამ დანაშაულთა უმეტესობა შეუმჩნეველი რჩება. სწორედ ამიტომ, 2017 წლის 17 მაისს დაგეგმილი აქციის მთავარი მიზანი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნუ დადგები ძალადობის მხარეს!”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი