ახალი ამბები

დავითაშვილი: არ ვნანობ ჩემს საქციელს, არც ბოდიშს ვიხდი

14 თებერვალი, 2013 • 1273
დავითაშვილი: არ ვნანობ ჩემს საქციელს, არც ბოდიშს ვიხდი

დავითაშვილმა დღეს, 14 თებერვალს, “ხალხის პარტიის” ოფისში ჟურნალისტების წინაშე გაიხსენა ტელევიზიის სტუდიაში მომხდარი ფაქტი:

 

“რატიანმა ხელი მოიქნია, მაგრამ ხელი არ მომხვედრია. რომ მოენდომებინა, ალბათ, დამარტყამდა, იმდენად ახლოს იდგა ჩემთან. მე ვკარი ხელი, მას დაუცდა ფეხი და დაეცა. არ ვნანობ ჩემს საქციელს, არც ბოდიშს ვიხდი. სანამ არ იქნება ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო და თითოეული დანაშაულისთვის ყველა პირი არ აგებს პასუხს, ქვეყანაში მუდმივად იქნება ძალადობა”.

 

კობა დავითაშვილი
კობა დავითაშვილი

დავითაშვილის თქმით, ის მზად არის პასუხი აგოს გუშინდელ მის საქციელზე როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად:

 

“ვიცი და მესმის, რომ არსებობს თმენის ვალდებულება, მაგრამ რთულია გამოიჩინო თმენა: სხვა სხვის ომში ბრძენია. როდესაც ცინიკურად გელაპარკებიან, ძნელია მოითმინო.”

 

მისი თქმით, უმრავლესობის წევრებმა გუშინდელი საქციელის გამო ის მკაცრად გააკრიტიკეს და ყველაზე მწვავე კრიტიკა თინა ხიდაშელისგან მიიღო, როდესაც განაცხადა, რომ თუ პოლიტიკოსი ნერვებს ვერ იკავებს, სახლში უნდა დაჯდეს. დავითაშვილის განცხადებით, უმრავლესობის წევრებს ბოლო დროს ის მხოლოდ საჯაროდ ხვდება, თუმცა იქვე დააზუსტა, რომ რაიმე პრობლემა თანაგუნდელებთან ურთიერთობაში არ აქვს.

 

კობა დავითაშვილის თქმით, მასთან ძალოვანი უწყების თანამშრომლები დაკითხვაზე არ მისულან, ასევე, ის არ ფლობს ინფორმაციას დაიწყო თუ არა გუშინ, “მაესტროს” ეთერში მომხდარი ფაქტის გამო გამოძიება, თუმცა, ამბობს, რომ არ დაიმალება და ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თუკი დაკითხვაზე დაიბარებენ.

 

დავითაშვილი აცხადებს, რომ უმცირესობის წევრებთან თანამშრომლობა გაუჭირდება, მაგრამ მათთან დებატებში ისევ დაჯდება.

 

კობა დავითაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ შეიქნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ქვეყანაში მომხდარ ძალადობას, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბერს და ასევე, 2013 წლის 8 თებერვალს მომხდარ ფაქტებს.

 

“ქვეყანაში ყველა ძალადობის ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დაისაჯონ დამნაშავეები”, – აცხადებს დავითაშვილი.

 

მისი თქმით, პარლამენტში იყო დასმული საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რომლის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო თინა ხიდაშელი, თუმცა მისთვის უცნობია, თუ რატომ შეჩერდა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. დავითაშვილი აცხადებს, რომ თუკი ისევ ხიდაშელის კანდიდატურა დასახელდება ამ კომისიის თავმჯდომარის პოსტზე, ის ამას მხარს დაუჭერს.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატებმა კობა დავითაშვილმა და სერგო რატიანმა. რატიანმა გუშინ საღმოსვე გამოხატა წუხილი მომხდარი ფაქტის გამო და აღნიშნა, რომ ხალხი არ უნდა უყურებდეს პოლიტიკოსების ჩხუბს ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი