საქართველოს პარლამენტი 23.02.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

საკანონმდებლო წინადადების ავტორი შესაძლოა კომიტეტის სხდომაზე აღარ მიიწვიონ

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი,  რომლის მიხედვით, მოქალაქის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას დამსწრეებს კომიტეტის თავმჯდომარე გააცნობს.

“პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ” მომზადებული კანონპროექტის თანახმად, კომიტეტი უფლებამოსილია, კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადების განხილვისას მოიწვიოს საკანონმდებლო წინადადების ავტორი. კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო წინადადებას განსახილველად წარადგენს სხდომის თავმჯდომარე.  აქამდე მოქმედი წესებით კი, კომიტეტს კანონპროექტს საკანონმდებლო წინადადების ავტორი მოქალაქე აცნობდა.

ამასთან, საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება ცნონ მიღებულად ან უარყოფილად. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილებას აცნობებს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.

ინიციატივის მიხედვით, საკანონმდებლო წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს კანონპროექტის ანდა მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ დასაბუთებას ცვლილების მიზეზისა და არსის მითითებით, ავტორის ხელმოწერას, მისამართს და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.

კანონპროექტით, საკანონმდებლო წინადადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას. პარლამენტის ბიურო საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან (საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, სხვა კომიტეტს) კომიტეტს, რომელიც მას განიხილავს მისთვის გადაცემიდან 30 დღეში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა შეიძლება წამყვანი კომიტეტის მოთხოვნით გააგრძელოს პარლამენტის ბიურომ არაუმეტეს 30 დღით. თუ საკანონმდებლო წინადადება გადაეცა სხვა კომიტეტს, ის დასკვნას საკანონმდებლო წინადადების თაობაზე წამყვან კომიტეტს წარუდგენს გადაცემიდან არაუადრეს 5 და არაუგვიანეს 20 დღისა.

ცვლილებებით, საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის სხდომაზე შეიძლება განხილულ იქნას თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. თუ საკანონმდებლო წინადადება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, 5 დღის ვადაში წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის) წერილით უბრუნდება საკანონმდებლო წინადადების ავტორს და ეძლევა მას ვადა არაუმეტეს 10 დღისა ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდა, საკანონმდებლო წინადადება ითვლება უარყოფილად.

კანონპროექტს დღეს, 16 მაისს, პარლამენტის საპროცედურო და წესების კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს. ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.