ჯაფარიძის თქმით, მისი დაჯარიმება ნარკოპოლიტიკის გაადამიანურებისკენ გადადგმული ნაბიჯია

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სასამართლოს მიერ მარიხუანის საჯაროდ დათესვისთვის 500 ლარით მის დაჯარიმებას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ნარკოპოლიტიკის გაადამიანურებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ოთხშაბათს, 10 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც განიხილეს საქმე, რომელიც შეეხებოდა 2016 წლის 31 დეკემბერს გირჩის ოფისში განხორციელებულ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს – კანაფის საჯაროდ დათესვას.

შეგახსენებთ, რომ ამ აქტიდან რამდენიმე დღეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გირჩის ოფისიდან ამოიღო 84 ძირი კანაფის ნერგი. ასევე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება), რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 12 წლამდე.

მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე შეწყდა იმ მოტივოთ, რომ გირჩის ოფისიდან ამოღებული კანაფი არ შეიცავდა სათანადო ოდენობით ნარკოტკულ ნივთიერებას – ტერტაკანაბინოლს, და საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

მიმდინარე წლის 10 მაისს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა საქმე და 84 ძირი მარიხუანის დათესვისთვის 500 ლარით დააჯარიმა გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.

“ჩვენ არ ვაპირებთ, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს სასამართლო გადაწყვეტილება არის პრეცედენტი და კონკრეტული წინ გადადგმული ნაბიჯი ნარკოპოლიტიკის გაადამიანურების მიმართულებით. ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ფაქტობრივად, აზრს კარგავს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის იმ ნაწილის კრიმინალიზება, რომელიც კანაფის დათესვას შეეხება,” – ამბობს ჯაფარიძე.

პარტიის ლიდერის თქმით, აღნიშნულმა სასამართლო გადაწყვეტილებამ  ნათლად დაგვანახა, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს განხორციელებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტის კონკრეტული შედეგი – 84 ძირამდე კანაფის დათესვა, აღარ წამოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს:

“გვესმის რომ ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ სწორედ ეს იყო ამ დაუმორჩილებლობის აქტის მიზანიც.”

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, “გირჩში” თვლიან, რომ ეს ზღვაში წვეთია და საქართველოში რჩება არაადამიანური და ადამიანის ღირსების შემლახველი ნარკოპოლიტიკა: “ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს უდანაშაულო ადამიანების ტერორი.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.