საკრებულოს გეგმები გარე აბრებზე ქართული წარწერების განთავსების ვალდებულების აღსრულებაზე

დღეს, 11 მაისს, თბილისის საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიამ მოწვეულ სტუმრებთან ერთად რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში გარე აბრებზე ქართული ენის დაცვის საკითხები შესახებ იმსჯელა. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რიგი დიდი ბრენდებისა არ ასრულებს კანონის მოთხოვნებს და ლათინურ წარწერასთან ერთად აბრაზე ქართულის განთავსებაზე უარს აცხადებენ. 300 ლარის ოდენობის ჯარიმა სიტუაციაზე გავლენას ვერ ახდენს.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის თქმით,  კომისიის მიზანი რეგულაციების გამკაცრება არაა:

“საჯარიმო გათვლებით სვლა არაა ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია ის, რომ ბიზნესთან ერთად გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც გამოიხატება ცნობიერების ამაღლებაში, სოციალურ კამპანიაში და სხვა ტიპის კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს ერთ რამეს – პოპულარული გახდეს ქართული ენა,” – თქვა ტალიაშვილმა.

კომისიის სხდომას ენათმეცნიერებიც ესწრებოდნენ. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, თინათინ ბოლქვაძის თქმით, კანონი კომპანიას ავალდებულებს სახელწოდების ტრანსლიტერაციას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ტრანსლიტერაციის ნაცვლად, სახელწოდების თარგმნაა საჭირო, რაც პროცესში ლინგვისტების ჩართულობის აუცილებლობას განაპირობებს, რადგან ხშირ შემთხვევაში ტრანსლიტერაციისას ქართული ენის პრინციპები ილახება.

კომისიის წევრები და მოწვეული სტუმრები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ, მათ შორის, სოციალური კამპანიის დაწყებასა და სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე:

“აუცილებლად ვთანხმდებით იმაზე, რომ მართლაც ცნობიერების ამაღლება და სოციალური კამპანიები არის ეფექტური და საჭიროა ამ მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები. ამიტომ ეს არის საკითხი, რომელზეც  ვთანხმდებით. მეორე საკითხია, ჩვენ შევქმნათ საინიციატივო სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ქართული ენის დაცვის საკითხებზე და რომელშიც აუცილებლად იქნებიან საქართველოს სამრეწველო პალატის წარმომადგენლები. ასევე, ჩვენ დავგეგმავთ ენათმეცნიერებთან შეხვედრებს,” – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

2015 წელს საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ შეიმუშავა განკარგულება, რომლის საფუძველზეც, ადგილობ დონეზე გარე აბერბზე სახელმწიფო ენის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების აღსრულების მექანიზმი განისაზღვრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი