ადამიანის უფლებათა კომიტეტმა აბორტის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა

დღეს, 11 მაისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21”-ის საკანონმდებლო წინადადება განიხილა, რომელიც აბორტის აკრძალვას ეხება. კენჭისყრისას წინადადებას მხარი არც ერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით,  ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა 12 კვირამდე ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ:

  • ორსული წარმოადგენს ერთი ექიმის (გინეკოლოგი) დასკვნას იმის შესახებ, რომ თუ ორსულობა დაუყოვნებლივ არ შეწყდება, ქალი დაიღუპება.
  •  ორსული წარმოადგენს ორი ექიმის (გინეკოლოგი) დასკვნას იმის შესახებ, რომ ორსულობის პროცეში ქალის ან ნაყოფის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
  • ორსული წარმოადგენს ორი ექიმის (ფსიქიატრის) დასკვნას, რომ თუ ორსულობა არ შეწყდება, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ქალმა სიცოცხლე სუიციდით დაამთავროს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, არავინ ამბობს, რომ აბორტის გაკეთება კარგია, მაგრამ მისი აკრძალვა დაუშვებელია:

“ბუნებრივია, ეს ცუდია, მაგრამ აკრძალვაზე დისუკუსიაში რამდენიმე კომპონენტი შემოდის. პირველი არის უფლებრივი საკითხი. ქალს ცალსახად აქვს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს ეს და არ შეიძლება საზოგადოებამ ან კანონმა დაუწესოს, თუ როგორ უნდა მოიქცეს.  მეორე ის რომ, თუ ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, აბორტი იატაკქვეშეთში, არასათანადო გარემოში გაკეთდება, რაც თითოეულ ქალს დიდ ზიანს აყენებს და მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ზედმეტად ვერევით ქალის ორგანიზმის მართვის პროცესში და მიმაჩნია, რომ დაუშვებელია ამ კანონპროექტის ასეთი ფორმით მიღება,” – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ამ აზრის საპირისპიროდ, ზვიად ტომარაძემ განაცხადა, რომ უფლებები ზოგჯერ შეიძლება შეიზღუდოს:

“ნარკოტიკების მოხმარებაც უფლებრივი საკითხია, ადამინის უფლებაა, საკუთარ თავს დააზიანებს თუ არა, მაგრამ სახელმწიფო აწესებს რეგულაციებს და უფლებრივ შეზღუდვებს. ამ ჭრილში განიხილება აბორტის საკითხიც. ჩვენ ამ წინადადებით შევეცადეთ, რომ დისკუსია გაგვეხსნა ამ თემაზე და იმედია, რომ პარლამენტი ოდნავ მაინც გაამკაცრებს რეგულაციებს. თუ იქნება დისკუსია, ვიმსჯელოთ და აბორტის გაკეთების ლეგიტიმურ მიზნებში გაუპატიურებაც შევიტანოთ, ეკონომიკური სიდუხჭირეც შევიტანოთ, ოღონდ არსებული რეალობა რამენაირად შევცვალოთ. ”

კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დაეთანხმა ზვიად ტომარაძის მსჯელობას, რომ ჩასახვის პირველივე დღიდან ემბრიონი ცოცხალი არსებაა და მას არსებობის უფლება აქვს:

“გეთანხმებით, რომ ეს არის სიცოცხლე და პირველივე დღიდან აქვს არსებობის უფლება. უფლებრივის გარდა, ამ პრობლემას დემოგრაფიული მიმართულებაც აქვს და ეს ჩემთვის დიდი სატკივარია.  ჩვენ მართლაც ვმცრიდებით და ძალიან დიდი რამ გააკეთა პატრიარქმა, რომ ყოველი ოჯახის მესამე შვილს ნათლავს. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის იმის კულტურა, რომ ადამიანებმა იფიქრონ საკუთარ მდგომარეობაზე და თავი დაიცვან. ჩვენი მხრიდან უკეთესი იქნებოდა გაგვეძლიერებინა პრევენციული მიმართულებები. მტკივნეული საკითხია, მაგრამ აკრძალვა გამოსავალი არ არის. სხვადასხვა კვლევები მართლაც ადასტურებს, რომ აკრძალვა დიდ უბედურებას გამოიწვევს. აქვე ვიტყვი, მე არ ვეთანხმები აზრს, რომ ადამიანმა თავის თავს რაც უნდა, ის უნდა უქნას.”

კილაძის თქმით, აჯობებს საინფორმაციო კამპანიების წარმოება, რათა ადამიანებმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ.

________________________________________________________

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ აბორტი ქალის უფლებაა. ქალთა უფლებადამცველების აზრით, აბორტის აკრძალვა არასოდეს იღებს დადებით შედეგს. მათი თქმით, ლეგალური აბორტის ხელმიუწვდომლობა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ აბორტები გაკეთდება არალეგალურად, ხშირ შემთხვევაში, არასათანადო (ანუ არასტერილურ ან არასათანადოდ მოწყობილ) გარემოში, რაც თავისთავად იწვევს გართულებებს, დედათა სიკვდილიანობა გაიზრდება. აბორტის მიზეზების აღმოფხვრის გზებს ევროკავშირის წევრი ქვეყნები  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების გზით მომავალი მშობლების ფინანსური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში ხედავენ და არა აბორტების აკრძალვაში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.