ახალი ამბები

მთავრობა აბორტების მიმართულებით “დამატებით ღონისძიებებს” გეგმავს

16 ნოემბერი, 2023 • 1570
მთავრობა აბორტების მიმართულებით “დამატებით ღონისძიებებს” გეგმავს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს მორიგი სხდომა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს დემოგრაფიული ტენდენციები:

„შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს დემოგრაფიული ტენდენციები და ის საჭიროებები, რომლებიც დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესების კუთხით არსებობს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, დაწყებულია კვლევა, რათა გამოვლინდეს გაუარესებული დემოგრაფიული ვითარების მიზეზები, მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები და ის ბარიერები, რაც ხელს უშლის დემოგრაფიული პროცესების სტიმულირებას“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოს წევრებმა აბორტის „საგანგაშო“ სტატისტიკა განიხილეს და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობას.

„საბჭოს წევრებმა განიხილეს აბორტის საგანგაშო სტატისტიკა. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობას. სხდომაზე უწყებათშორისო სამუშაო ჯგუფის წევრებმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებული ინიციატივების პაკეტი წარმოადგინეს, რომელიც მოიცავს როგორც უკვე არსებული პროგრამების გაფართოებას, ისე ახალ პროექტებს. აღნიშნული ინიციატივების პაკეტს დემოგრაფიული საბჭოს მომდევნო სხდომაზე სამუშაო ჯგუფი უფრო დეტალურად პროექტების სახით წარადგენს“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რას გულისხმობენ აბორტის „საგანგაშო“ სტატისტიკაში, რადგანაც 2012 წელთან შედარებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის საიტზე ატვირთული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს თითქმის 2.5- ჯერ შემცირდა. სტატისტიკა კლებადია წლების მიხედვით.

კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2012 წელს რეგისტრირებული აბორტების რაოდენობამ 39 200 შეადგინა, 2022 წელს კი 16 600-მდე შემცირდა.

საქსტატის მონაცემები

მთავრობის ადმინისტრაციის აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება. ზურაბ აზარაშვილმა აბორტის შესახებ ბრძანებაში ცვლილებები შეიტანა. ბრძანების ახალი რედაქცია 26 ოქტომბერს შევიდა ძალაში.

ცვლილების მიხედვით, აბორტის გაკეთებამდე კონსულტაციის გავლა მეან-გინეკოლოგის გარდა სავალდებულო იქნება ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან. ეს დათქმა 2024 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. ბრძანების მიხევდით ეს სავალდებულო კონსულტაციები ე.წ. 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის პერიოდში, “კონფიდენციალურ პირობებში, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ექიმის საკონსულტაციო ოთახში” უნდა ჩატარდეს.

გარდა ამისა, 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ექიმი ვალდებულია, აბორტის გაკეთების მსურველ პაციენტს კონსულტაცია გაუწიოს და 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადა მისცეს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაუშვან, თუ ამ 5 დღეში ქალის ორსულობის ვადა 12 კვირას, ანუ ლეგალური აბორტის დასაშვებ ვადას აჭარბებს. ამ შემთხვევაში მოსაფიქრებელი ვადა 5-დან 3 დღემდე მცირდება.

კიდევ ერთი ცვლილება შეეხება 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის გასვლის შემდეგ ჩასატარებელ აუცილებელ პროცედურებს. ახალი ბრძანების მიხევდით, თუ პაციენტმა მოსაფიქრებელი ვადის შემდეგ აბორტის პროცედურის ჩატარება გადაწყვიტა, აუცილებელი იქნება რადიოლოგიური კვლევის (ექოსკოპიის) ჩატარება. შედეგები, სურათთან ერთად, უნდა განთავსდეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში.

ახალი ბრძანების მიხევდით, ორსულობის სხვადასხვა ვადაზე მედიკამენტური აბორტი სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გაკეთდეს. უფრო კონკრეტულად, ორსულობის 7 კვირამდე მედიკამენტური აბორტის გაკეთება შესაძლებელი იქნება I დონის ანტენატალურ (რომელსაც აქვს სერვისი ორსულებისთვის) დაწესებულებაში სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის უფლების მქონე ექიმის მიერ.

10 კვირამდე მედიკამენტური აბორტი კი აუცილებლად უნდა გაკეთდეს სტაციონარულ დაწესებულებაში, ან სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონემინიჭებულ ამბულატორიაში. შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმის მეთვალყურეობა და საჭიროების შემთხვევაში დროული რეფერალის შესაძლებლობა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა.

ცვლილებების მიხევდით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, 12 კვირის შემდეგ აბორტის გაკეთებისას სამედიცინო დაწესებულებამ შეტყობინება უნდა გაუგზავნოს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებულ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს.

ცვლილებებია იმ სამედიცინო ჩვენებების ჩამონათალშიც, რომელთა საფუძველზე აბორტი დასაშვები იქნება 12 კვირის შემდეგაც.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: რა იცვლება აბორტის შესახებ მინისტრის ბრძანებაში

მასალების გადაბეჭდვის წესი