ახალი ამბები

რუსეთში აბორტებზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავენ

5 დეკემბერი, 2023 • 929
რუსეთში აბორტებზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავენ

რუსეთის სახელმწიფო დუმა შეისწავლის პატრიარქ კირილის შეთავაზებას აბორტების შეზღუდვაზე. კერძოდ, მისი შეთავაზებით, აბორტები უნდა აიკრძალოს რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, თუმცა- მხოლოდ კერძო კლინიკებში.

პატრიარქ კირილის ინიციატივასთან ერთად, არაერთმა კერძო კლინიკამ თავად, კანონით დავალდებულების გარეშე, ან მთლიანად, ან ნაწილობრივ თქვა უარი აბორტების ჩატარებაზე. როგორც „მედუზა“ აღნიშნავს, ეს მოხდა კურსკის, ჩელიაბინსკის და ლიპეცკის ოლქებში, ასევე, თათრეთსა და ანექსირებულ ყირიმში. მორდოვიაში, ტვერისა და კალინინგრადის ოლქებში კი ადგილობრივმა ხელისუფლებებმა დააწესეს ჯარიმები “ქალების დაყოლიებაზე, აბორტი გაიკეთონ”.

აბორტის შეზღუდვაზე ალაპარაკდნენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა, რომ აბორტების აკრძალვის და კრიმინალიზაციის გზით ხელისუფლება „ნამდვილად არ წავა“, თუმცა დაამატა, რომ შეზღუდვები ნამდვილად დაწესდება.

მატვიენკოს თქმით, წარსულში რუსეთში აბორტების აკრძალვის გამოცდილება „სავალალო შედეგებით“ დასრულდა და ასეთი ზომის მიღება პროცედურის კუსტარულად ჩატარებასა და ქალთა სიკვდილიანობის ზრდას გამოიწვევს. თუმცა, როგორც იგი ამბობს, ხელისუფლების მიზანია, რომ აბორტები არა ქალის ნებით, არამედ მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში ჩატარდეს – სამედიცინო მიზეზებით ან/და „ქალთა მიმართ რაღაც ძალადობის“ შემთხვევაში.

„ამისკენ მივდივართ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ სამუშაოს ეფექტიანობა უნდა გაიზარდოს“, – აღნიშნა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი