კომენტარი

ინტერვიუ ნათია გვიანიშვილთან – აიკრძალოს თუ არა აბორტი?

6 მაისი, 2013 • 2630
ინტერვიუ ნათია გვიანიშვილთან – აიკრძალოს თუ არა აბორტი?

როგორ შეაფასებდი აბორტის კრიმინალიზაციის ინიციატივას, რომელიც ილია მეორემ გაახმიანა თავის სააღდგომო ეპისტოლეში?

 

განცხადებას შევხვდი ძალიან დიდი იმედგაცრუებით. ერთია იქადაგო, რომ აბორტი ცოდვაა და ასე შემდეგ და მრევლს მოუწოდო მოერიდოს ამას, –  მეორე, სახელმწიფოს როდესაც კარნახობ, რომ მთავრობამ “უნდა” გააკეთოს რაღაც ეკლესიის მოსაზრებიდან გამომდინარე.

რამდენად გამართლებულია აბორტის აკრძალვა? თუ შეგიძლია ივარაუდო, რა შედეგს გამოიღებს საქართველოსთვის სხვა ქვეყნების მაგალითის მოხმობით?

 

აბორტის აკრძალვა არასოდეს იღებს დადებით შედეგს. ლეგალური აბორტის ხელმიუწვდომლობა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ აბორტები გაკეთდება არალეგალურად, ხშირ შემთხვევაში, არასათანადო (ანუ არასტერილურ ან არასათანადოდ მოწყობილ) გარემოში, რაც თავისთავად იწვევს გართულებებს. დედათა სიკვდილიანობა გაიზრდება. ტყუილია, რომ აბორტის აკრძალვით ის ქალები, ვინც ამა თუ იმ მიზეზის გამო იკეთებს აბორტს, ამას არ იზამენ.

 

მიესალმები თუ არა დიმიტრი ხუნდაძის, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა  კომიტეტის თავმჯდომარის, განცხადებას, რომ მხოლოდ შერჩევითი აბორტის აკრძალვას უჭერს მხარს. როგორ იქნება შესაძლებელი გაარკვიო, სელექციურია თუ არა აბორტი?

 

ბუნებრივია, სელექციური აბორტების აკრძალვას მივესალმებოდი. ოღონდ ეს ნიშნავს რას, რომ, მაგალითად, აიკრძალება მშობლისათვის ნაყოფის სქესის გამჟღავნება გარკვეულ დრომდე.

 

ექიმი უფრო მიხვდება ალბათ, რატომ გადაწყვიტა ადამიანმა აბორტის გაკეთება. ხშირად ამას არც მალავენ. ანუ ადამიანი თუ მივიდა და აშკარად აპირებს ბავშვის გაჩენას და სქესის გაგების შემდეგ უცებ გადაწყვიტა, რომ აბორტი გაიკეთოს, ცოტა საეჭვოა.

 

პრევენციის გზებზე საუბარი, ბუნებრივია, საჭიროა და ექიმების მონაწილეობით უნდა ხდებოდეს, თუმცა, არა აბორტის სრული აკრძალვის საფუძველზე.

 


ითქვა, რომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი განიხილავს ამ საკითხს და არა, ვთქვათ, ადამიანის უფლებათა კომიტეტი. ხომ არ არის ეს იმ წინასწარგანწყობის მაჩვენებელი, რომელიც ქალის რეპროდუქციული ფუნქციის მიმართ აქვს პატრიარქალურ საზოგადოებას?

 

რამდენადაც ვიცი, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, ისევე როგორც დემოგრაფიის საკითხები, ამ მხრივ სწორედ ჯანდაცვის კომიტეტისა და შესაბამისი სამინისტროს იურისდიქციაა და შესაბამისი ცვლილებები გატარდება თუ არა აბორტთან დაკავშირებით, სწორედ მათი მუშაობის შედეგად უნდა გამოჩნდეს.

 

უპრიანი იქნებოდა, ადამიანის უფლებათა კომიტეტიდან და გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს რომელიმე წარმომადგენელს გაეკეთებინა განცხადება, სადაც დაგმობდა ამ მოწოდებას.

 

რაღაც მომენტში კი მართალი ხარ, ხშირად ქალთა უფლებები ბიოლოგიურ საკითხებამდე დაიყვანება მხოლოდ, რაც ასე არაა. თუმცა ამ შემთხვევაში რამდენად გვაქვს საქმე ამასთან, არ ვიცი.

 

პატრიარქმა ქალებს შესთავაზა, აბორტის სანაცვლოდ გააჩინონ შვილი და მას საპატრიარქო მოუვლის. ამ შემთხვევაში შეცვლის თუ არა საპატრიარქო ოჯხს?

 

განცხადების ეს ნაწილი არის სრული სისულელე. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ისევ გაჩნდება ბავშვთა სახლები, მაშინ, როცა ძლივს მივაღწიეთ დეინსტიტუციონალიზაციას. ასეთ სახლებში რთულია ჰიგიენური პირობების, ჯანდაცვის საკითხების, ამ ბავშვების აღზრდის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, ზოგადად განვითარების უზრუნველყოფა.

 

ამის ნათელი მაგალითია, თუ რა საშინელ მდგომარეობაში იყვნენ ეს ბავშვები საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ბავშვთა სახლებში. ინსტიტუცია ვერ შეგიცვლის ოჯახს, გამორიცხულია ეს!

 

 

ერთადერთი გამოსავალი, რაშიც, მე ვთვლი, რომ ორივე მხარე, ანუ აბორტის უფლების მომხრე და აბორტის უფლების წინააღმდეგი, უნდა გაერთიანდეს, არის კონტრაცეფციული საშუალებების პოპულარიზაცია, შესაბამის სექსუალურ განათლებასთან ერთად, როგორც მოზარდებში, ისე ზრდასრულ ადამიანებში.

 

ეს იქნება პრევენციის ერთადერთი გზა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ქალი იმიტომ იკეთებს აბორტს, რომ თავი არ ან ვერ დაიცვა, ან პარტნიორმა არ დაიცვა თავი. რეგიონებში საერთოდ ბევრგან შეიძლება არ იცოდნენ, კონტრაცეფცია რა არის

 

სახელმწიფოში არ არსებობს ოჯახის დაგეგმვის სისტემა და ინფორმირებულობა თავდაცვის საშუალებებზე. ეს ორი კომპონენტი არის ერთადერთი, რასაც აბორტების დიდ რაოდენობას დაუპირისპირებ.

 

ანუ აბორტების საჭიროებას გარკვეულწილად წარმოშობს ის გარემოება, რომელსაც ქმნის კონსერვატული საზოგადოება, რომლის ნაწილიც საქართველოს მართლმადიდებლური საპატრიარქოა?


კი. მე ასეც ვიტყოდი. ქვეყნებში, სადაც ეკლესიის როლი არის ძალიან სუსტი, იქაც კეთდება აბორტები და ალბათ არც ისე ცოტა. იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოებრივი “მორალი” გეუბნება, რომ სექსი ცუდია, რომ ის მხოლოდ გამრავლებისთვის არის, თავდაცვა ცოდვაა, სადაც პრეზერვატივის რეკლამებს საღებავებს ესვრიან, სადაც რეგიონში ქალებს გინეკოლოგი შეიძლება თვალით არ ენახოთ, ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფო და ეკლესია  სექსუალური და რეპროდუქციული განათლების მნიშვნელოვნებას არად აგდებს.

იმ ქალებს, ვისაც აიძულებენ, ან ვისაც ამა თუ იმ მიზეზის გამო უნდათ, რომ ფეხმძიმობა შეწყვიტონ, ეგულება ერთადერთი მეთოდი: აბორტი.

 

არიან ქალები, ვინც, ცოდნა და საშუალება რომ ჰქონოდა, საერთოდ არ დაფეხმძიმდებოდა და აბორტიც არ ექნებოდა გასაკეთებელი. ანუ აბორტების გარკვეული რაოდენობა, ასე გამოდის, რომ ჩვენი მორალისტი საზოგადოებისა და ეკლესიის ნამუსზეა.

 

შენი აზრით, პარლამენტ უნდა განიხილოს თუ არა საერთოდ ეს ინიციატივა?

 

ჩემი აზრით პარლამენტმა საერთოდ არ უნდა განიხილოს ეს ინიციატივა.

 

ნათია გვიანიშვილი არის გენდერის მკვლევარი. აქტივისტი–ფემინისტი
ნათია გვიანიშვილი არის გენდერის მკვლევარი. აქტივისტი–ფემინისტი

მასალების გადაბეჭდვის წესი