აქცია შრომის პირობების უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 28.04.2017

ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო 9 მაისს თბილისში აქცია გაიმართება

დღეს, 9 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობასთან, აუდიტორია 115-ის ორგანიზაებით, აქცია გაიმართება. აქციის დაგეგმვის მიზეზი ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევაა.

“ჩვენ ახლა შეგვიძლია ყელშიბურთგაჩხერილები ვისხდეთ სახლში, ტელევიზორებთან, სოციალურ ქსელებთან, ან ვთქვათ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური ხედვები, ვემხრობით სხვადასხვა ეკონომიკურ მოდელებს, მაგრამ დღეს საქმე ეხება ადამიანის თავისუფლებასა და სიცოცხლეს.

უპასუხისმგებლო სახელმწიფო და ბიზნესელიტები აიძულებენ ადამიანებს, იცხოვრონ და იმუშაონ მონურ პირობებში. ელიტები ამბობენ, რომ მუშები შეიძლება დაიხოცნენ ერთეულების გამდიდრებისათვის.

ჩვენ კი ვამბობთ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!

აქ და ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა მონობის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის და სიცოცხლის გადასარჩენად.

დღეს. 22:30 საათზე, შევიკრიბოთ პარლამენტთან !” – აღნიშნულია ანონსის ტექსტში.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, დაღუპულია ოთხივე მუშა, რომლებიც დღეს ტყიბულის მაღაროს სატვირთო ლიფტის შახტში ჩავარდნენ.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი, თემურ გვენეტაძე გვეუბნება, რომ  ცხედრები არ უპოვიათ, თუმცა 400 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნილი მაღაროელების გადარჩენის შანსი ძალზე მცირეა. იგი მუშების მონათხრობის საფუძველზე გვიყვება, თუ რა მოხდა ტყიბულის შახტში:

“წინასწარი ინფორმაციით, შახტის აწევის მექანიზმი, ლიფტი, რომელიც რემონტდებოდა, ჩაწყდა. როგორც მაღაროელები ამბობენ, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ბაგირები, ტროსები იცვლებოდა და ეს ოთხი ადამიანი ემსახურებოდა ამ მექანიზმის რემონტს. ჩაწყდა, 350-400 მეტრის სიღრმეში ჩავარდა ეს მექანიზმი და ჩაიყოლა ოთხი მაღაროელი. ამ წუთას მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილები არიან, არ არის, თუმცა შანსი ძალიან ცოტაა იმიტომ, რომ სიმაღლე დიდია. ცხედრები არ უპოვიათ, გართულებულია სამძებრო სამუშაოები იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული მექანიზმი ჩაიშალა,”- გვეუბნება თემურ გვენეტაძე.

გვენეტაძის თქმითვე, პროფკავშირი აუცილებლად მოითხოვს უბედური შემთხვევის კვლევის კომისიაში მონაწილეობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. შსს-ს ცნობითვე, ადგილზე მობილზებული არიან სამართალდამცველები, სამაშველო  სამსახურის თანამშრომლები. თბილისიდან ტყიბულში კი დამატებით სამთო- სამაშველო ჯგუფი მიემართება.

ასევე, ეკონიმიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა გიორგი გახარიამ ტყიბულში ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები გაგზავნა.

მოგვიანებით ეკონომიკის სამინისტრომ გვაცნობა, რომ ტყიბულში გაემგზავრა გიორგი გახარიაც.

“ჩვენ ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა,”- აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.