ახალი ამბები

„ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და შეუსაბამო შრომის პირობები“ – ექს-თანამშრომელი “ლოპოტას” წინააღმდეგ

16 თებერვალი, 2024 • 1099
„ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და შეუსაბამო შრომის პირობები“ – ექს-თანამშრომელი “ლოპოტას” წინააღმდეგ

ყოფილ თანამშრომელი მარია კოზმანიშვილი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაზე, შრომის დაბალ ანაზღაურებასა და სხვა პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით სასტუმრო „ლოპოტა სპა & რეზორტში“ მუშაობისას წააწყდა.

„სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში“ გამოქვეყნებულ პოსტში კოზმანაშვილი წერს, რომ სასტუმროს საჯინიბოში, ცხენებთან მუშაობისას, ზურგის დაზიანება მიიღო, თუმცა ადგილზე სასწრაფო არ გამოუძახეს, ვინაიდან მედიკოსებს სამართალდამცავებიც მოჰყვებოდნენ, რაც, მენეჯერის თქმით, „ლოპოტას“ რეპუტაციას დააზიანებდა.

პოსტს, რომელსაც ორ ათასზე მეტი რეაქცია და ათასამდე კომენტარი აქვს, სამედიცინო დასკვნის დოკუმენტი და ცხოველთა შეუსაბამო მდგომარეობის ამსახველი ვიდეოებიც ერთვის.

ყოფილი თანამშრომლის პოსტს ფეისბუკზევე უპასუხა “ლოპოტამ და “ბევრ ცრუ ინფორმაციასა და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფაქტებზე” გაამახვილა ყურადღება.

რას ვიგებთ ლოპოტას ყოფილი თანამშრომლის პოსტიდან

კოზმანაშვილის ცნობით, „ლოპოტაში“ მუშობა 2022 წლის 22 მარტს დაასრულა. თავდაპირველად სტუმრებისთვის კვადროციკლების მიქირავებაზე იყო პასუხისმგებელი – შემდგომ კი, საჯინიბოში, ცხენებთან მუშაობდა. პოსტში ავტორი შეუსაბამო შრომის პირობებზე საუბრობს.

ტრანსპორტირება

ავტორის თანახმად, სამარშრუტო ტაქსები, რომლითაც კომპანია თელავიდან სამუშაო ადგილამდე თანამშრომლების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა, ხშირად იყო გაუმართავი. ასევე, თანამშრომლებს ამავე ტრანსპორტში ხშირად უწევდათ ფეხზე დგომაც:

„[დილის] 9 საათზე თელავში ხვდები ლოპოტას სტაფის ტრანსპორტს (რომელზეც სულ ვხუმრობდი, რომ ლოპოტელებისთვის ფილტრი უნდა შემექმნა სახელით, “რომელ მარშუტკაში მოკვდები”. ამის მიზეზი იყო ის, რომ ხან ბორბალი გვძვრებოდა გზაში, ხან შუა გზაზე ბენზინი თავდებოდა, თავად მარშუტკაში იყო მტვერი იმ დონის, რომ საჯინიბოშიც არ მინახავს ცხენებთან ორწლიანი მუშაობის მანძილზე.

ზაფხულში კონდინციონერს არ რთავდნენ და ზამთარში გათბობას. გარედან ქარი გიბერავდა შუა ტრანსპორტში. მგზავრობის [აბსოლუტური უმრავლესობის, 90%-ის დროს] ნახევარი სტაფი ფეხზე იდგა… ფეხზეც ძლივს იდგა იმიტომ, რომ ხარჯი იყო ტრანსპორტის დამატება. თუ გაგასწრებდა [ტრანსპორტი], 20 ლარი უნდა გადაგეხადა ტაქსისთვის თელავიდან ლოპოტამდე, შენი დღიური [შემოსავლის] 17.80 თეთრიდან“.

„ყველაფერჩიკობა“

კოზმანაშვილი აგრეთვე აცხადებს, რომ „ლოპოტაში“ მუშაობისას უწევდა იმის კეთება, რაც არ შედიოდა მის მოვალეობებში:

“შენ უნდა მიეხმარო საჯინიბოს თანამშრომელს, რადგან ბევრი ხალხია, შენ ვერ უნდა გამოიყენო შენი 1 საათი შესვენება, შენ უნდა სდიო სტუმრების აქეთ-იქით მიგდებულ ველოსიპედებს და დააბრუნო, შენ უნდა ადგე დღის ბოლოს და შენ უნდა გადაიტანო ჩეკები ადმინისტრაციაში! შენ უნდა იცოდე ყველაფერი და უნდა ქნა ყველაფერი ვიღაცის ბიზნესისთვის, რომ 500 ლარი [ხელფასი] მოგიგდონ“.

მუშაობა საჯინიბოში

მარია კოზმანაშვილის თქმით, გარკვეულ პერიოდში კვადროციკლებთან მუშაობას თავი დაანება, შემდეგ კი მენეჯერისგან საჯინიბოში მუშაობის შეთავაზება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ცხენებთან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. ცხენებით სტუმრების გასეირნების დროს ტრავმაც კი მიიღო.

“დავარტყი წელი და მოვიტეხე ხერხემლის მორჩები. თუ გგონიათ, რომ სასწრაფო გამომიძახეს – ცდებით. არა, რადგან მერე პოლიციაც მოვა და “ლოპოტას” სახელი გაუფუჭდება და ჯარიმას დაუწერენო. წამიყვანა ჩემმა მენეჯერმა რენტგენზე თელავში, ჩემი შეყვარებულის მანქანით, სადაც მითხრეს, რომ ვითომ დაბეჟილობა იყო. საპასუხოდ, რომ სტუმარი არ მოკვდა და მე შევეწირე, და საერთოდ მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი ვარ და ტვინი იქ არ დავტოვე, მითხრეს მადლობა და დააყოლეს, ძეგლი უნდა დაგიდგათო და მორჩა.

მე, რომელიც ფეხს ვერ ვადგამდი და ვიდექი გაშეშებული, კორსეტით ვმუშაობდი ისევ საჯინიბოში. დღემდე მტკივა წელი და ალბათ ყოველთვის დარჩება, მიუხედავად მათი უაღრესი მადლობისა. საჯინიბოში მომუშავე ადამიანს უნდა ჰქონდეს 100%-იანი [ჯანმრთელობის] დაზღვევა. მე მქონდა 0%“, – წერს იგი.

ცხოველებისადმი არასათანადო მოპყრობა

პოსტიდან აგრეთვე ვიგებთ, რომ ყოფილი თანამშრომლის თანახმად, „ლოპოტაში“ ცხოველებისდამი არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი. კოზმანაშვილის განცხადებით, ბოლო  წვეთი, რამაც გადააწყვეტინა  სამსახურიდან წამოსვლა, ახალი თანამშრომლის გამოჩენა იყო, რომელიც ცხენებს სცემდა. მან პოსტს ამის დამადასტურებელი ვიდეოც დაურთო.

მაგალითად, [ცხენი] შახორა არ მოსწონდა და აბამდა ისე, რომ ვერც წყალს მისწვდენოდა და ვერც საჭმელს, მიუხედავად იმისა, რომ არ უყრიდა საჭმელს, რადგან არ მოსწონდა, სცემდა, მუშტებს ურტყამდა.

“ჩემს მენეჯერს ვუთხარი ყველაფერი და შედეგი ნული. მან მითხრა, რომ ეტყოდა უფროსობას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მათ არც კი იცოდნენ ამის შესახებ“, – აცხადებს იგი.

„მაო [ერთ-ერთი ცხენი] კვდებოდა ყველა ტურზე ხველებით, მაგრამ ვეტერინარი ვერ მოვაყვანინე. გაგანია ზაფხულში, დილის ათიდან საღამოს ექვსამდე ცხენები არ ჩერდებოდნენ, ისე სცხელოდათ, სულ სველები იყვნენ უნაგირებიანად, გამოფიტულები, გადაღლილები.. მათთვის ჭიის წამლის მიცემაც არ უნდოდათ, რადგან ყველას ერთად უნდა დაელიათ, მათ კი არცერთი დღე არ უნდა დაესვენათ და არ უნდა ჩაგდებულიყო [მუშაობა].

თუ გგონიათ, რომ იდეალური კვება ჰქონდათ – არა, 0,5 თეთრით იაფად ნახეს ერთხელ შვრია და მომიტანეს სამი ტონა, საიდანაც ნახევარი ობი იყო და ნახევარი – ქვები”.

„კონტექსტიდან ამოვარდნილი ფაქტი და ცრუ ინფორმაცია“

„ლოპოტას“ თანამშრომლის პოსტს ჯგუფის წევრთა ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. კომენტარებში ისინი კომპანიას აკრიტიკებენ და სახელმწიფო ორგანოებისგან რეაგირებას მოითხოვენ.

„ნეტგაზეთმა“ შრომის ინსპექციას მიმართა კითხვით, – ხომ არ დაიწყო, ან ხომ არ დაიწყება მოკვლევა კოზმანიშვილის პოსტის საფუძველზე. უწყებაში გვიპასუხეს, რომ კონკრეტულად ამ შემთხვევაში არ აქვთ ამ ხანდაზმულობის საქმის [დაახლოებით – 2-3 წელიწადი] ინსპექტირების მანდატი.

კოზმანიშვილის პოსტის საპასუხოდ განცხადება „ლოპოტამაც“ გამოაქვეყნა. კომპანიის განცხადებით, მის პოსტში „მოყვანილია ბევრი კონტექსტიდან ამოვარდნილი ფაქტი და ცრუ ინფორმაცია“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ცხოველებისადმი სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტის შესახებ მენეჯმენტის ინფორმირებისთანავე, ყველა პირდაპირ თუ ირიბად ჩართული მხარე იქნა სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებული“.

თუმცა განცხადებაში არაფერია ნათქვამი სხვა ბრალდებებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი