ახალი ამბები

ერდოღანი ისრაელს პალესტინის გამო აკრიტიკებს

9 მაისი, 2017 • 2068
ერდოღანი ისრაელს პალესტინის გამო აკრიტიკებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პალესტინის მიმართ ისრაელის პოლიტიკას აკრიტიკებს და რასისტულსა და დისკრიმინაციულს უწოდებს.

მისი განცხადებით, შუა აღმოსავლეთში მშვიდობის შენარჩნუნება შეუძლებელი იქნება, თუ პალესტინის საკითხი არ გადაწყდება. ისრაელი კი კრიტიკას არ მიიღებს იმ ლიდერისაგან, რომლის “ქვეყანაშიც ადამიანის უფლებები სისტემურად ირღვევა.” მათ უკვე მოსთხოვეს თურქეთის ელჩს ისრაელში, განმარტება გააკეთოს პრეზიდენტის განცხადების შესახებ.

თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა მუსლიმებს, რომ იერუსალიმში სალოცავად ჩავიდნენ. მან იერუსალიმი ალ-ქუდსად მოიხსენია, რაც იერუსალიმის არაბული სახელწოდება იყო.

“ჩვენ, როგორც მუსლიმები, უფრო ხშირად უნდა ჩავდიოდეთ ალ-ქუდსში სალოცავად. ეს იქნება ჩვენი იქაური ძმებისათვის დახმარება,” – განაცხადა ერდოღანმა – “როგორც რელიგიის გამო, ისე ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობების გამო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პალესტინელი ძმების ბრძოლა სამართლიანობისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას, რომ ალ-ქუდსი იქცეს მშვიდობიან ქალაქად.”

ერდოღანის განცხადებით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს დაარსებაა, რომლის დედაქალაქიც დასავლეთ იერუსალიმი იქნება. იმ საზღვრებში, რაც 1967 წელს იყო დადგენილი.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ისრაელის ხელისუფლების მიერ ინიცირებული შეზღუდვა, რომელიც მუსლიმების სალოცავად მოსახმობად ხმის გამაძლიერებლების გამოყენებას კრძალავს.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნის ლიდერი, სადაც ადამიანის უფლებები სისტემურად ირღვევა, ისრაელს, რეგიონის ერთადერთ დემოკრატიულ ქვეყანას, მორალს არ უნდა უკითხავდეს. მისი თქმით, ისრაელი თანაბრად დაიცავს ყველა რელიგიის აღმსარებლობის ადამიანის უფლებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი