Screen Shot 2017-05-08 at 1.23.54 PM

პეტიცია: აღსრულდეს კანონი იური ლუჟკოვის მიმართ

საქართველოში მყოფი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მიმართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების (ჯარიმა) გატარების მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა.

“საქართველოს კანონის “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” მეოთხე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

აღნიშნული კანონით ასევე იკრძალება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც არაერთხელ არის დაფიქსირებული ჩვენი კანონმდებლობის დარღვევაში, საქართველოს დედაქალაქში იმყოფება, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის დაუყოვნებელი მოქმედების პირდაპირი საფუძველია.

ვითხოვთ კანონით დადგენილი ღონისძიებების აღსრულებას იური ლუჟკოვის მიმართ”, – ნათქვამია პეტიციაში.

ამ დროისთვის ონლაინ-პეტიციას ხელს 189 ადამიანი აწერს.

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“საზღვრის კვეთის მომენტში, პასპორტში რამე კონკრეტული მონაცემი არ არსებობდა, რის საფუძველზეც მესაზღვრე გადაწყვეტილებას მიიღებდა. დანარჩენი დამატებითი მოკვლევის საგანია და ჩვენ გავარკვევთ,” – აღნიშნა ხუციშვილმა.

კითხვას, დაირღვა თუ არა კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მინისტრის მოადგილე პირდაპირ პასუხს არ სცემს და ამბობს:

“შემოვიდა ლეგალური საბუთებით, რომელშიც არ იყო მონაცემი, რომ მას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჰქონდა დარღვეული. შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო.”

მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სქემარქიმანდრიტმა სერაფიმ ბით ხარიბმა გაავრცელა.

ლუჟკოვი მოსკოვის მერი 1992-2010 წლებში იყო. მას მოსკოვის მერის პოსტი 18 წლის მანძილზე ეკავა და  2010 წლის 28 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა. იმავე წლის დეკემბრის ბოლოს მედვედევმა მედიასთან საუბარში ეს გადაწყვეტილება დედაქალაქში კორუფციის დონის მატებით ახსნა.

2006 წლის 20 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც გადაეცა საპროტესტო ნოტა მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის აფხაზეთში თბილისთან შეუთანხმებელი ვიზიტის თაობაზე. თბილისმა ლუჟკოვის სოხუმში ჩასვლა 2009 წელსაც გააპროტესტა.

2009 წელს ლუჟკოვი ცხინვალშიც იმყოფებოდა. მაშინ საქართველოს საგარეო უწყებამ დაგმო ლუჟკოვის ცხინვალში ჩასვლა და რუსეთის სხვა ლიდერების ვიზიტების მსგავსად შეაფასა, როგორც ”საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების იგნორირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობები”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com