ახალი ამბები

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

10 დეკემბერი, 2019 • 1804
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა. ის 83 წლის იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული რედაქცია ავრცელებს.

ლუჟკოვი მოსკოვის მერი 1992-2010 წლებში იყო. მოსკოვის მერის პოსტი 18 წლის განმავლობაში ეკავა და  2010 წლის 28 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა. იმავე წლის დეკემბრის ბოლოს მედვედევმა მედიასთან საუბარში ეს გადაწყვეტილება დედაქალაქში კორუფციის დონის მატებით ახსნა.

2006 წლის 20 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც გადაეცა საპროტესტო ნოტა მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის აფხაზეთში ვიზიტის თაობაზე, რომელიც თბილისთან არ იყო შეთანხმებული. თბილისმა ლუჟკოვის სოხუმში ჩასვლა 2009 წელსაც გააპროტესტა. 2009 წელს ლუჟკოვი ცხინვალშიც იმყოფებოდა. მაშინ საქართველოს საგარეო უწყებამ დაგმო ლუჟკოვის ცხინვალში ჩასვლა და რუსეთის სხვა ლიდერების ვიზიტების მსგავსად, შეაფასა, როგორც “საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების იგნორირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობები”.

ლუჟკოვი საქართველოს 2017 წელსაც ეწვია, სადაც მცხეთაში ერთ-ერთ სასულიერო პირს ესტუმრა. მაშინ შსს-მ თქვა, რომ ლუჟკოვის წინააღმდეგ სამართლებრივ სანქციებს ვერ გამოიყენებდა, რადგან ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევისთვის ხანდაზმულობის ვადა (6 წელი) იმ დროისთვის გასული იყო. თუმცა, შსს-ს პირობის მიხედვით, მოსკოვის ყოფილ მერს შავ სიაში შეიყვანდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი