ახალი ამბები

რუსეთი: დასაფიქრებელია, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებული ფორმატით

6 მაისი, 2017 • 5185
რუსეთი: დასაფიქრებელია, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებული ფორმატით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 3 მაისის გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ.

“დოკუმენტი აღმაშფოთებელია მისი მიკერძოებულობის გამო, რომელიც არსებული რეალობიდან გამომდინარე, აბსურდამდე მიდის. დეკლარირებულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსადმი არარსებული კუთვნილება. არის მცდელობა, რომ რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს კონფლიქტური დამოკიდებულებისადმი ამ ოდესღაც მის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკებთან, მათ შორის არსებულ შიდა პრობლემებზე,” – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების მიხედვით, თბილისი დასავლელი მფარველების დახმარებით აგრძელებს პოლიტიკურ–პროპაგანდისტულ საქმიანობას, რომლის ერთადერთი მიზანია იმის დაკანონება, რომ საქართველოს არ სურს ნორმალური ურთიერთობის დამყარება მეზობლებთან.

“ნუთუ, გასაკვირია, რომ საქართველოს დელეგაცია სისტემატიურად უარს აცხადებს კონსტრუქციულად მუშაობაზე ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხების შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების დროს? ასეთ სიტუაციაში საერიოზულად დასაფიქრებელია, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებული ფორმატით,” – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებები ერთადერთი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც აშშ–ისა და ევროკავშირის მეთვალყურეობით მიმდინარეობს რუსეთისა და საქართველოს მოლაპარაკებები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე.

2017 წლის 3 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება – ევროსაბჭო და კონფლიქტი საქართველოში”. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014, 2015 და 2016 წლების  გადაწყვეტილებები, რომლებშიც გამოიხატა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ყურადღება გამახვილდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისგებლობაზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ საქართველო ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების, მათ შორის, ადგილზე მისი სამხედრო ნაწილების ყოფნის გამო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოებმა პირველად საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში ჩამოაყალიბეს მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედება არის მიზეზი იმისა, რომ საქართველო ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას თავისივე რეგიონებში.

აღსანიშნავია, რომ მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი – მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პოლიტიკა და ქმედებები, მათ შორის, ე.წ. ხელშეკრულებების დადება საქართველოს რეგიონებთან და ჩატარებული რეფერენდუმები/არჩევნები, ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და იურიდიული ძალის არმქონეა. გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის არც ერთ უკანონო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ ექნება სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს და გააუქმოს ეს პროცესი და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი