ახალი ამბები

პროკურატურა: გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურვას მოვითხოვთ

5 მაისი, 2017 • 2363
პროკურატურა: გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურვას მოვითხოვთ

ბრალდების მხარე დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობას დააყენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა განუცხადა:

“ჩვენ პოზიციას გავაჟღერებთ სასამართლოზე, შუამდგომლობა გვაქვს შესაბამისი და მოსამართლე მოისმენს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ სისხლის სამართლის კოდექსით და კანონით. ჩვენ გვაქვს კანონიერი საფუძველი და საკმაოდ მყარი გონივრული არგუმენტები, რატომაც ვითხოვთ სხდომის დახურვას, რასაც დავადასტურებთ სასამართლოზე,” – თქვა პროკურორმა.

მისი თქმით, გამოძიება მამალაძის მიმართ დასრულდა, თუმცა გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები შესაძლო თანამზრახველების გამოვლენის მოზნით:

“გამოძიება დასრულდა ბრალდებულ გიორგი მამალაძის მიმართ. რაც შეეხება სხვა გარემოებებს, კვლავ გრძელდება გამოძიება გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით სავარაუდო თანამზრახველთა გამოვლენის მიზნით და მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი პირი, მიუხედავად მისი სტატუსისა, მიიცემა პასუხისგებაში,” – ამბობს წიკლაური.

მისი თქმით, ბრალდების მხარე დარწმუნებულია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები წინასასამართლო ეტაპს გადალახავს:

“როგორც იცით, დასრულდა გამოძიება და ჩვენ სასამართლოში წარვდექით მყარი მტკიცებულებებით. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე შეაფასებს მტკიცებულებების დასაშვებობას, რომელიც მოპოვებულია კანონის სრული დაცვით.

ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეო-აუდიოჩანაწერები და თავად ბრალდებულის ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია. ეს გახლავთ უტყუარი მტკიცებულება, რომელთა ეჭვქვეშ დაყენება პრაქტიკულად წარმოუდგენელია”.

პროკურორმა კომენტარი სოსო ოხანაშვილზეც გააკეთა. მისი თქმით, პატრიარქის ყოფილ დაცვის უფროსს სრული უფლება ჰქონდა, ქვეყანა დაეტოვებინა, რადგან საქმეში მოწმის სტატუსით იყო.

დღეს, 5 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ბადრი შონია განიხილავს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს, რომელსაც ბრალად ანგარებით პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

წინასასამართლო სხდომა 11:00 საათისთვისაა დანიშნული. სხდომის პარალელურად გიორგი მამალაძის მხარდამჭერებს გამოცხადებული აქვთ, რომ ისინი გამართავენ აქციას სასამართლოსთან.

უცნობია, დაიხურება თუ არა დღევანდელი პროცესი, პროკურატურას სურს, რომ ეს პროცესი იყოს დახურული, თუმცა საჯარო განხილვის მომხრეა ბრალდებული.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში.

“გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში შეინიღბებოდა მისი განზრახვა. ამავდროულად, მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა გართულდებოდა საგრძნობლად”, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების ცნობით, გიორგი მამალაძემ უმოკლეს ვადაში შეიძინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამვლელი ნივთიერება, „ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი