საზოგადოებრივი მაუწყებელი © ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

ემუქრება თუ არა საფრთხე საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას საკონსტიტუციო ჩანაწერით

საქართველოს კონსტიტუციაში პირველად ჩნდება ჩანაწერი საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის შესახებ, თუმცა შემოთავაზებული ფორმულირებით ყველა მხარე კმაყოფლი არ არის და მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველადაც შეაფასეს. 

კონსტიტუციის პროექტში, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ უმრავლესობით მიიღო, წერია, რომ “კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან”.

კონსტიტუციაში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ჩანაწერის გაჩენა კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ინიციატივა იყო. კომისიამ ეს წინადადება გაითვალისწინა, თუმცა – მასში ცვლილება შეიტანა. ეს ცვლილება სიტყვა “არსებითის” ჩამატებას უკავშირდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ჩანაწერი არის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონშიც. ოღონდ აქ “არსებითი” არ გვხვდება და წერია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის “პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი”.

რესპუბლიკელი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ამ ფორმულირებით შეტანილი ჩანაწერი აუარესებს დღეს არსებულ ვითარებას და საფრთხეს უქმნის მაუწყებლის დამოუკიდებლობას.

“როდესაც კონსტიტუციაში კეთდება ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ “არსებითი” გავლენისგან, ესე იგი, კონსტიტუცია უშვებს იმას, რომ კომერციული გავლენა, როგორც ასეთი, შესაძლებელია არსებობდეს, მაგრამ არსებითი არ უნდა იყოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის არსი არის ის, რომ ის არის საზოგადოების სამსახურში, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული და სწორედ იმიტომ, რომ კომერციული ტელევიზიები არსებობენ ქვეყანაში, კომერციული გავლენა აქვთ ამ ტელევიზიებს, საზოგადოება აფინანსებს საზოგადოებრივ მაუწყებელს,  რომ მსგავსი გავლენებისგან იყოს თავისუფალი. ამ ტიპის ჩანაწერი უშვებს შესაძლებლობას, რომ არაარსებითი კომერციული გავლენა არსებობდეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გარდა მისი მაყურებლისა, ვინც მას აფინანსებს, არავითარი სხვა ინტერესი და გავლენა არ უნდა იქონიოს გარედან,”- ამბობს თამარ კორძაია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის, ქეთი მსხილაძისთვისაც ბუნდოვანია, თუ რა შეიძლება იგულისხმებოდეს პოლიტიკურ გავლენაში.

“აქ სიტყვა “არსებითი”, ალბათ, უმიზეზოდ არ არის შეტანილი. რომ არ იყოს ეს სიტყვა, საერთოდ არანაირი კითხვა არ გამიჩნდებოდა ამ ჩანაწერთან დაკავშირებით. ბუნდოვანია ეს “არსებითი” იმიტომ, რომ რა იგულისხმება ამ “არსებითის” ქვეშ, როგორ ინტერპრეტაციას მისცემს, მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ამ მენეჯმენტში, დღევანდელი თუ მომავალი. არის ბუნდოვანება ამ სიტყვასთან დაკავშირებით და გარკვეულ ხიფათსაც ვხედავ, რომ არ მოხდეს “არაარსებითი” კომერციული გავლენა საზოგადოებრივ მაუწყებელზე,”- გვეუბნება ქეთი მსხილაძე.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე, რომელიც კონსტიტუციაში საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ჩანაწერის გაჩენის ერთ-ერთი ინიციატორი იყო, ამბობს, რომ კომისიას ამ ჩანაწერის განსხვავებული ფორმულირება შესთავაზეს.

“მიგვაჩნდა, რომ უმჯობესი იყო, ჩაწერილიყო “კომერციული დამოუკიდებლობა”, თუმცა იმის ხაზგასასმელად, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია ზოგიერთ შემთხვევაში კომერციული რეკლამის განთავსება საკუთარ ბადეში, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატის დროს კოკა-კოლის რეკლამის გამოყენება, ან სხვადასხვა მასობრივი სპორტული ან კულტურული მოვლენის ტრანსლირებისას სხვადასხვა პროდუქციის რეკლამის არსებობა, რადგან საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ღონისძიების ჩვენების უფლებას ვერ იყიდი, თუ ამ რეკლამის გაშვების ვალდებულებას არ აიღებ საკუთარ თავზე. ასეთი რამ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ამის გამო ჩაიდო ეს ჩანაწერი უმრავლსეობის მხრიდან. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ისედაც იგულისხმება, მაგრამ, მეტი სიცხადისთვის, უმრავლესობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს არის ასახული უკვე პროექტში,”- განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას ვახუშტი მენაბდემ.

ამ ინიციატივის თანაავტორი, კონსტიტუციონალისტი გიორგი გოცირიძე გვეუბნება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ჩანაწერი კომისიაში დისკუსიის და განხილვის საგნად იქცა. მისივე თქმით, უკეთესი იქნება, რომ ტერმინი “არსებითი” დაზუსტდეს და უფრო დაკონკრეტდეს. მაგალითად, მაუწყებელს ევროვიზიის ჩვენებისას აქვს რეკლამების ჩვენების შესაძლებლობა და არც ერთ შემთხვევაში – საინფორმაციო ან სოციალური გადაცემების ეთერში გაშვებისას.

“პრობლემა იყო ის, რომ ალბათ ვერ შეირჩა სწორი სიტყვები იმისთვის, რომ დაუშვებელი კომერციული გავლენა აგვეცილებინა თავიდან. შეიძლება, ეს ტერმინები დაიხვეწოს, თუმცა იდეა, რის გამოც ეს ჩაიწერა, “არსებითი კომერციული გავლენისგან თავისუფალი”, გულისხმობდა იმას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სარეკლამო შეკვეთების მიღების შესაძლებლობა მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ღონისძიებების გაშუქებისას ჰქონოდა, თუმცა, შეიძლება, ესეც სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის საგანი გახდეს… საპარლამენტო განხილვებია წინ და კარგი იქნება, კიდევ უფრო დაზუსტდეს ეს ტერმინი, რომ განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობა იყოს გამორიცხული,”- განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

ნეტგაზეთმა პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დაუსვა კითხვა, თუ რა იგულისხმებოდა “არსებით” კომერციულ გავლენაში. კობახიძე ამბობს, რომ კომერციული გავლენისგან საზოგადოებრივი მაუწყებელი “პრინციპულად დამოუკიდებელი” უნდა იყოს, თუმცა, მისივე თქმით, სიტყვა არსებითის გარეშე შეიძლება ეს ჩანაწერი წავიკითხოთ ისე, თითქოს მაუწყებელს საერთოდ ეზღუდება ყოველგვარი ურთიერთობა კომერციულ სტრუქტურებთან.

“მაგალითად, კომერციული რეკლამის განთავსების ტოტალური აკრძალვა შეიძლება ამოვიკითხოთ ასეთი ჩანაწერიდან, თუ სიტყვა “არსებითი” არ დაემატება. ვიცით, რომ სხვადასხვა ქვეყანში საზოგადოებრივ მაუწყებელს გარკვეული დოზით შეუძლია კომერციულ სტრუქტურებთან ურთიერთობა, მათ შორის, კომერციული რეკლამის განთავსება, და აქედან გამომდინარე, სიტყვა არსებითის დამატება იყო პრინციპული მნიშვნელობის,”- განაცხადა კობახიძემ.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ ვართ დაზღეული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის მენეჯმენტი ამ ჩანაწერით ბოროტად არ ისარგებლებს და სხვა სახის კომერციულ ურთიერთობებშიც არ შევა, კობახიძემ გვიპასუხა, რომ ამ საშიშროებისგან მაუწყებელს კანონი და საკონსტიტუციო სასამართლო დააზღვევს.

“თუ ჩვენ დავინახავთ, რომ არის ჭარბი კომერციული გავლენა საზოგადოებრივ მაუწყებელზე,  კანონმა უნდა დააზღვიოს ეს ყველაფერი და კანონი თუ არ აზღვევს, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას შესაბამის ნორმატიულ აქტთან დაკავშირებით. კონსტიტუციაში ჩანაწერი ჩნდება იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მსჯელობის საშუალება და ამ კუთხით საკონსტიტუციო სასამართლოს ეძლევა ძალიან მყარი საფუძველი იმისათვის, რომ დაგვაზღვიოს ჩვენ არსებითი კომერციული გავლენისგან,”- განაცხადა კობახიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი