50935

რა იცვლება კონსტიტუციის პროექტში რელიგიის თვისუფლების კუთხით – თამთა მიქელაძის მოსაზრება

ნეტგაზეთი გთავაზობთ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების იოგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის მოსაზრებას რელიგიის თავისუფლების ნაწილში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.


საკონსტიტუციო ცვლილებების არსებეული პროექტი რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან დაკავშირებით სამ ძირითად ცვლილებას ითვალისწინებს:

1. ზოგადი დებულებების თავში, დებულება – „სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად ის აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან“-  იცვლება და რწმენის და აღმსარებლობის სრული თავისუფლების აღიარების ნაცვლად ცვლილებების პროექტში გამოყენებულია უფრო სუსტი ჩანაწერი, რომ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად, სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან;

2. ზოგად დებულებებში საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისობის თაობაზე დებულებაში დამაზუსტებელი ჩანაწერი, რომ კონსტიტუციური შეთანხმება, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში აღიარებულ პრინციპებს და ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს, ვარდება და მის ნაცვლად ზოგადი ხასიათის ჩანაწერი რჩება დოკუმენტის საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებთან ზოგადი შესაბამისობის თაობაზე.

3. მოქმედი 19-ე მუხლით დაცული სფერო, რომელიც მოქმედი რედაქციით სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას იცავს, ვიწროვდება და რჩება მხოლოდ რწმენის და სინდისის თავისუფლება. სიტყვისა და აზრის თავისუფლება მომდევნო მუხლში ინაცვლებს. აღნიშნულ ცვლილებებს ერთი შეხედვით რედაქციული ხასიათი აქვს და არსებითად არ ცვლის რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ სტანდარტებს, თუმცა მკაფიოდ ჩანს ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესი, კონსტიტუციური შეთანხმებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული კონსტიტუციური სტატუსი სომბოლურად კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს და ხაზი გაესვას მას სწორედ რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების მნიშვნელობის თაობაზე დეკლარაციული ჩანაწერების დასუსტებისა და ამოღების ხარჯზე.

იმ პირობებში, როდესაც ზოგად დებულებებში არ გვხვდება მკაფიო ჩანაწერი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთგამიჯნულობისა და ურთიერთდამოუკიდებლობის შესახებ და კომისიას ამ ნაწილში სეკულარიზმის კონსტიტუციური გარანტიების მკაფიო დეკლარირებაზე არც უფიქრია, ზოგად დებულებებში ეკლესიის განსაკუთრებული როლის შესახებ ჩანაწერის კიდევ უფრო გაძლიერება (რელიგიის სრული თავისუფლების აღიარების თაობაზე ჩანაწერის შეცლისა და ადამიანის უფლებებით აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან კონსტიტუციური შეთანხების შესაბამისობაზე სპეციალური ხაზგასმის ამოღების გზით) ცხადად აჩვენებს ხელისუფლების ინტერესს, დაიცვას და კონსტიტუციურად გაამყაროს არა სეკულარიზმის კონსტიტუციური პრინციპი, არამედ დომინანტი ეკლესიის ექსკლუზიურ პრეფერენცირებაზე (მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე) დაფუძნებული მიდგომა. კონსტიტუციის მე-9 მუხლში დღეს არსებული ჩანაწერები ადამიანის უფლებების მნიშვნელობის თაობაზე სწორედ იმ რისკის დაბალანსების და განეიტრალების მცდელობა იყო, რომელიც მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციასთან უპირობო პრივილეგიების მიმნიჭებელი და ძალიან მაღალი იურიდიული რანგის შეთანხმების დადება შეიძლებოდა შეექმნა.

იმ პირობებში, როდესაც კონსტიტუციური შეთანხმების სტატუსთან დაკავშირებით ისედაც ბევრი სამართლებრივი კრიტიკა არსებობს, მათ შორის, სახელმწიფოსა და არა ხელისუფლების რომელიმე შტოსა (მაგალითად, მთავრობას) და ეკლესიას შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც სამართლებრივი გაგებით არასწორია და მსგავსი ანალოგი სხვა ქვეყნებშიც არ გვხდება;

კონსტიტუციური შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის წარმოუდგელად რთული და თითქმის შეუძლელებლი პროცედურა, რომელიც ეკლესიის თანმობას ითხოვს ტექსტში ცვლილებებისთვის; კონსტიტუციური შეთანხმებისთვის საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მაღალი იურიდიული ძალის მინიჭება, რომელიც მხოლოდ ეკლესიის მიმართ მაღალი ლოიალობის ჩვენების მცდელობაა და რთულად შეიძლება დასაბუთდეს ლეგიტიმური მიზნით; კონსტიტუციური შეთანხმების კონსტიტუციური კონტროლის პრაქტიკული შეუძლებლობა, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტით კონსტიტუციური შეთანხმების და დომინანტი ეკლესიის როლის კიდევ უფრო გაძლიერების ინტერესი მოკლებულია სამართლებრივ რაციონალობას და კონსტიტუციის ტექსტში რწმებისა და აღმსარებლობის თავისუფლების მხარდამჭერი დეკლარაციული ჩანაწერების და ღირებულებების მინიმიზაციის მცდელობაა. ზოგად დებულებებში სწორედ სახელმწიფოს პოლიტიკური და სოციალური ორგანიზების ფუნდამენტური პრინციპები უნდა გაიწეროს და არსებითია, ეკლესიასთან დაკავშირებულ ჩანაწერში ძირითადი და არსებითი აქცენტი სწორედ სეკულარიზმის – სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთდამოუკიდებლობის და ურთიერგამიჯვნის პრინციპზე გაკეთებულიყო.

უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კონსტიტუციის მე-9 მუხლში, რომლის შინაარსიც არც არსებული პროექტით იცვლება, საკონსტიტუციო სასამართლომ სეკულარიზმის კონსტიტუციური პრინციპი ამოიკითხა და 2016 წლის ერთ-ერთ განჩინებაში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთსაქმეებში ჩაურევლობის პრინციპი დაადგინა. ამდენად, სეკულარიზმის პრინციპი კონსტიტუცირი წესრიგის ფუნდამენტური ნორმა-პრინციპი და ღირებულებაა, თუმცა მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ ეს პრინციპი კიდევ უფრო მკაფიოდ ჩაიწერებოდა კონსტიტუციაში, რისი პოლიტიკური ინტერესიც კომისიას, როგორც ჩან,ს არც გააჩნდა. აღსანიშნავია, რომ 1921 წლის კონსტიტუცია ამ კუთხით გაცილებით დახვეწილ და მკაფიო ჩანაწერებს შეიცავდა.

ზოგადი დებულებიდან რწმენის და აღმსარებლობის სრული თავისუფლების აღიარების ჩანაწერის შესუსტებით და სიტყვის ‘სრულის’ ამოღებით რელიგიის თავისუფლებით დაცული სფერო ზოგადად არ იცვლება (რომელსაც კონსტიტუციის მე-19 მუხლი იცავს და შინაარსობრივად ახალი პროექტით ის არ იცვლება), თუმცა სიმბოლურ დონეზე ის აქცენტებს ცვლის. თუ ძველი ტექსტი სიმძიმის ცენტრს რელიგიის თავისუფლებაზე სვამდა და მასთან კავშირში ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე საუბრობდა, შემოთავაზენული ცვლილების პროექტი მახვილს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე აკეთებს.

ცხადია, ამ ჩანაწერის მიუხედავად, სახელმწიფოს რჩება ვალდებულება, რელიგიის თავისუფლება სრულყოფილად და არადისკრიმინაციულად დაიცვას. ამდენად, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, კონსტიტუციაში აქამდე არსებული ჩანაწერი შენარჩუნდეს და აქცენტი სწორედ რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების სრული დაცვის მნიშვნელობაზე გაკეთდეს. ზოგადი დებულებიდან ადამიანის უფლებების სფეროში საყოველთაო პრინციპებთან და ნორმებთან კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისობის ამოღება ტექნიკურად ამგვარი შესაბამისობის აუცილებლობის მოთხოვნას ვერ გააუქმებს, რადგან ნორმა ტოვებს ზოგადად საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან და ნორმებთან კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისობის თაობაზე დათქმას, რომლის არსებითი და ძირითადი ნაწილი სწორედ ადამიანის უფლებების სფეროა, თუმცა ეს დაზუსტება მნიშვნელოვანი ხაზგასმაა ადამიანის უფლებების პრინციპების პრიმატზე და არსებითია, ის შენარჩუნდეს და და სიტყვა კერძოდ, სიტყვით მათ შორის ჩანაცვლდეს.

აღსანიშნავია, რომ ამ ხაზგასმის დატოვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როცა თავად კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც კონსტიტუციის შემდეგ ადგილს იკავებს ნორმათა იერარქიების სისტემაში და მაღალი რანგის საკანონმდებლო აქტია, რაიმე ტიპის დათქმას ადამიანის უფლებებზე და მათ შორის, თანასწორობის პრინციპებზე არ აკეთებს. მეტიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონსტიტუციის მე-6 მუხლში (რომელიც ადგენს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები კონსტიტუციისა და კონსტიტუციური შეთანხმების შემდეგომ იერარქიულ ადგილს იკავებს) მნიშვნელოვანია გაკეთდეს მითითება, რომ კონსტიტუციურ შეთანხმებასთან მიმართებით იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს ენიჭებათ უპირატესობა, რომლებიც ადამიანის უფლებების დეკლარირებასა და დაცვას ახდენს.

მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ იმ პირობებში როდესაც კონსტიტუციური შეთანხმება და სხვა საკანონმდებლო აქტები დომინანტი ეკლესიისთვის პრივილეგირებულ, უთანასწორო და ასემიტრიულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის და ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთგადაჯჭვულობის ნიშნებს შეიცავს, კონსტიტუციაში, როგორც ძირითად კანონში და პოლიტიკური და სოციალური შეთანხმების დოკუმენტში, რელიგიის თავისუფლებისა და ზოგადად ადამიანის უფლებების სფეროს მნიშვნელობის დაკნინება პრობლემურია და კიდევ უფრო მეტად აღრმავებს კრიტიკას ხელისუფლების მკვეთრად არასეკულარული მიდგომების და მათი ინსტიტუციონაზაციის მცდელობის შესახებ. ჩვენ ვგეგმავთ მათ შორის აღნიშნულ საკითხებზე ვენეციის კომისიისთვის მიმართვას და იმედი გვაქვს, რომ მომავალი კონსტიტუციის ტექსტი მინიმუმ შეინარჩუნებს დღეს არსებულ ჩანაწერებს და შინაარსს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი