ახალი ამბები

ანა ნაცვლიშვილი: გაუგებარია პრეზიდენტის განცხადება ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციაში ჩაწერაზე

20 აპრილი, 2017 • 2078
ანა ნაცვლიშვილი: გაუგებარია პრეზიდენტის განცხადება ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციაში ჩაწერაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ანა ნაცვლიშვილისთვის გაუგებარია პრეზიდენტის არგუმენტაცია კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფების ჩაწერის საწინააღმდეგოდ.

დღეს, 20 აპრილს,  გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ რაიმეს ჩაწერა სწორად არ მიაჩნია – “ჩვენთვის კონსტიტუციაში ევროატლანტიკური სივრცის შესახებ რამის ჩაწერა არ იქნება ადეკვატური ნაბიჯი,”- ამბობს პრეზიდენტი.

“მე ნამდვილად ვერ გავიგე, ეს განცხადება რას ნიშნავს. ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ეს განცხადება უფრო გაურკვევლობას იწვევს, ვიდრე პოზიციის მკაფიო და გასაგებ ახსნას… ჩემთვის გაუგებარია, როგორც ზოგადად, უფრო უარყოფითი, ვიდრე დადებითი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და არგუმენტებიც არ არის ბოლომდე გასაგები,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ჩანაწერში, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას “ქართულმა ოცნებამ” 18 აპრილს შესთავაზა, ნათქვამია, რომ“კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

ანა ნაცვლიშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც საკონსტიტუციო კომისიაში ადვოკატირებდა კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩანაწერის გაჩენას. ნეტგაზეთთან იგი საუბრობს ისტორიულ და პრაქტიკულ მიზეზებზე, თუ რატომ არის ეს ჩანაწერი საჭირო კონსტიტუციაში:

“ეს სიმბოლური დატვირთვის არის, ჩვენ მრავალი საუკუნეა მივისწრაფით ევროპისკენ და ევროპული სტრუქტურებისკენ. სწორედ ამ მისწრაფების გამო და ამ გზაზე ჩვენ, როგორც სახელმწიფოს და საზოგადოებას, არაერთი სერიოზული წინააღმდეგობები შეგვხვდა, ამას შეეწირა ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან ბევრი თაობა, ძალიან ბევრი თაობის მიზანი იყო ამ მისწრაფების განხორციელება.

ამას აქვს ძალიან დიდი პრაქტიკული დატვირთვაც იმიტომ, რომ ჩანაწერი, რომელიც ჩნდება, არის საკმაოდ ძლიერი. ის მითითებას აძლევს არაერთ სახელმწიფო უწყებას, რომ მიიღონ ყველა ზომა, რათა მოხდეს საქართველოს ინტეგრაცია ამ უწყებებში. ეს არის ძალიან პრაქტიკული, ძალიან საქმიანი ტექსტი, რომელიც ქმნის მყარ საკონსტიტუციო გარანტიას იმისათვის, რომ უწყებების მთელი ძალისხმევა იყოს მობილიზებული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, რაც არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის გაცხადებული ნება. ამ ნებას სჭირდება დღედაღამ ბეჯითი მუშაობა და ამ ბეჯითი მუშაობის დავალებას ახდენს კონსტიტუციის ეს ჩანაწერი,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი