ელექტროსიგარეტი. ლიცენზია: CC

მომხმარებლები ელქტროსიგარეტზე თამბაქოს მსგავსი რეგულაციების დაწესებას ეწინააღმდეგებიან

ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლები აპროტესტებენ თამბაქოს კონტროლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის თანახმადაც, ელექტროსიგარეტებზეც იგივე შეზღუდვები გავრცელდება, რაც თამბაქოს ნაწარმზე.

ამის შესახებ 18 აპრილს გამართულ კომიტეტის სხდომაზე, სადაც კანონპროექტს განიხილადნენ, “ღრუბლის მოყვარულთა ასოციაციის” წევრმა, ალექსანდრე გოგიაშვილმა ისაუბრა.

ფეისბუკზე შექმნილი არის საქართველოს ორთქლის მოყვარულთა ასოციაციის გვერდი, სადაც მოითხოვენ, თამბაქოს პროდუქტებისგან ელექტრონული სიგარეტი გაიმიჯნოს.

კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს ნაწარმის მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის გარდა, პარლამენტში მეორე მოსმენის ეტაპზეა.

კანონპროექტის განმარტებითი ნაწილის თანახმად, ფართოვდება ტერმინი ,,თამბაქოს ნაწარმი‘‘ და მას ემატება ისეთი თამბაქოს ნაწარმის სახეობა, როგორებიცაა, მაგალითად, “ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო”, “საწუწნი თამბაქო”, “ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების ნიკოტინის შემცველი მასალები/კარტრიჯები/კაფსულები”. მათზეც იმავე ტიპის შეზღუდვები ვრცელდება, რაც თამბაქოზე.

როგორც ალექსანდრე გოგიაშვილი ამბობს, ელექტრონულის სიგარეტის თამბაქოსთან გაიგივება  არ არის მართებული.

“მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ კანონით თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის გაიგივება ხდება. გაყიდვა, შემოტანა, განბაჟება, ყველანაირი პროცედურები, რაც ამ ბიზნესთან არის დაკავშირებული, ყველაფრის ასოცირება ხდება ამასთან.  თუ ეს გათანაბრდა თამბაქოსთან, წარმოიდინეთ, რომ ეს არის თამბაქოს პროდუქტი, ესე იგი, აქციზი უნდა მიეწეროს,”- განახადა ალექსანდრე გოგიაშვილმა.

მისივე თქმით, რეგულაციების ამ სახით მიღება ელექტრონული სიგარეტების მაღაზიების დახურვას გამოიწვევს:

“ელექტრონულ სიგარეტებს აქვთ სპეციალური მაღაზიები, რომლებიც დედაქალაქში რამდენიმეა, სხვა ქალაქებშიც არსებობს, იქ შედის ადამიანი კონკრეტული მიზნით, რომ დაანებოს სიგარეტს თავი და აარჩოს ელექტროსიგარეტი ან სითხე, რომელიც ძალიან ბევრი გემოსი და არომატის არსებობს. რომ შევა ადამიანი, მან უნდა აარჩიოს, გასინჯოს. თუ დისპლეიზე გამოტანა ამ პროდუქტის, ამ სითხის გასინჯვა არ შეიძლება, მაშინ როგორ უნდა აარჩიოს?”- ამბობს გოგიაშვილი.

მისივე თქმით, ელექტროსიგარეტის შეზღუდვის მაგალითი საზღვარგარეთაც არსებობს.

“ნორმალურია, რომ დარეგულირდეს, არ შეიძლება დაურეგულირებელი იყოს, მაგრამ დარეგულირება გულისხმობს იმას, რომ კონკრეტულად უნდა ჰქონდეს განკუთვნილი ელექტროსიგარეტს რაღაც რეგულაციები და არ უნდა იყოს მიკუთვნებული თამბაქოსთან,”- ამბობს გოგიაშვილი.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტი, რომელიც თამბაქოს ნაწარმზე მკაცრ კონტროლს აწესებს, შემუშავებულია საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების მაღალი მაჩვენებლების შედეგად სიკვდილობის, დაავადებიანობის და ეკონომიკური ტვირთის მასშტაბების გამო, აგრეთვე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებისათვის.

გარდა ამისა, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული დირექტივებისა და რეკომენდაციების განხორციელების საჭიროებით, კერძოდ, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა:

  • პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა;
  • არამწეველობის ნორმად აღიარება და თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ჰაერზე და თამბაქოს მეორადი კვამლის მავნე ზემოქმედებისგან დაცულობაზე თითოეული მოქალაქის უფლების ცნობა;
  •  თამბაქოს მოხმარების გავრცელების მყარი ყოველწლიური შემცირების აუცილებლობა საზოგადოების ყველა სექტორში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი