ახალი ამბები

თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევისთვის 3 თვეში 160 პირი დაჯარიმდა

27 აგვისტო, 2018 • 2651
თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევისთვის 3 თვეში 160 პირი დაჯარიმდა

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, სამი თვის განმავლობაში, სიგარეტის მოწევის წესის 167 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, საიდანაც 160 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.

როგორც შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან ნეტგაზეთს აცნობეს, მაის-ივნის-ივლისში ჯარიმების საერთო ოდენობა 74 150 ლარია. თუმცა, შესაძლოა, ეს ციფრი უფრო მეტიც იყოს, რადგან სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ზუსტი ოდენობის დათვლას ვერ ახერხებს.

უწყებაში განგვიმარტეს, რომ თანხის ოდენობა დათვლილია გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის მიხედვით, ხოლო ჯარიმების შემდგომი სამართლებრივი სტატუსის (გადახდილია, ვადაგადაცილება და სხვა) შესახებ ინფორმაციის დამუშავება სცილდება სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპეტენციას:

“სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში შემოსულ სამართალდარღვევის ბარათში ყოველთვის არ არის მითითებული ჯარიმის ოდენობა. ამასთან, შემდგომი დამაზუსტებელი ინფორმაცია რიგ შემთხვევებში არ იგზავნება სასამართლო ორგანოებიდანაც. ამდენად, დაკისრებული ჯარიმების შესახებ ჩვენ მიერ მოწოდებული მონაცემები შესაძლოა არ იყოს სრული.”

  • 2018 წლის მაისი-ივლისის პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711 მუხლით (თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა) დაჯარიმებულ პირთა რაოდენობისა და ჯარიმის ოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნეტგაზეთმა გამოითხოვა.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მოწევა აიკრძალა შენობა–ნაგებობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი