ახალი ამბები

პრეზიდენტმა 1 800 მეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასა გახსნა

16 იანვარი, 2013 • • 4265
პრეზიდენტმა 1 800 მეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასა გახსნა

“როდესაც შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვლაპარაკობთ, ეს  არის ერთ–ერთი ყვლაზე მტკივნული ჩემთვის. მე გუშინ მოვისმინე, რომ თითქოს არაფერი შეჩერებულა, თუ არ შეჩერებულა, აბა, ეს რა არის. თუ ეს არ განახლდა, ესეც დაიშლება, როგორც ანაკლია იშლება ახლა”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ  ახალი კურორტის განვითარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვის, რადგან ხელს შეუწყობს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ამ ადგილს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ კურორტად აქცევს მთელ საქართველოში. მისივე თქმით, აუცილებელია გაგრძელდეს ის პროექტები, რომლებიც ხელისუფლების ცვლილებამდე დაიწყო.

 

“უნდა ამოვიყვანოთ და ახალ მთავრობასაც ვაჩვენოთ რამხელა საქმე კეთდება, მაგათ ჰგონიათ, რომ ტელევიზორში რომ ხედავდნენ, იძახდნენ, პიარია და მოჩვენებითიაო, როგორ არის პიარი, ეს არ არის ვიღაცისთვის თავის მოსაწონებლად, ხალხისთვისაა. ამ ხალხმა შემოსავალი უნდა მიიღოს, გაიხაროს, გამდიდრდეს, შვილებს ასწავლოს და შემოსავალი ჰქონდეს ყოველდღიურად მეტი და მეტი”

 

პრეზიდენტის “ფეისბუქის” გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალი საკურორტო ზონის მშენებლობისთვის ქართულ-ავსტრიული ერთობლივი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის გამოიყო 12 მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო ინვესტიცია, ხოლო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად ავსტრიული კომპანია „დოპელ მაიერი“ კრედიტით 10 მილიონი ევროს სამუშაოებს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ახალ საკურორტო ზონაში 4 კმ-იანი საბაგირო აშენდება, რომლის 2კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა ამ ეტაპზე დასრულებულია.

“თანამედროვე საბაგიროს დამონტაჟება ავსტრიული კომპანიის „დოპელ მაიერის“ მიერ განხორციელდა. ახალი კურორტის მშენებლობაზე 200-მდე ადგილობრივი იყო დასაქმებული.ახალ კურორტს ტურისტების მიღება წელიწადის ნებისმიერ დროს შეუძლია. უკვე ამოქმედდა 16- ნომრიანი სასტუმრო „გოდერძი“ და მიმდინარეობს კოტეჯების მშენებლობა. ამჟამად დამონტაჟებულია წყლისა და ელექტრომომარაგების ახალი სისტემები. ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.”– ნათქვამია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი