ახალი ამბები

სასამართლომ მშობლებს უფლება მისცა, შვილისთვის 3 სახელი დაერქმიათ

11 აპრილი, 2017 • 3059
სასამართლომ მშობლებს უფლება მისცა, შვილისთვის 3 სახელი დაერქმიათ

საქართველოში სასამართლომ სახელმწიფო დაავალდებულა, უფლება მიეცა მშობლებისთვის, რომ შვილისთვის ოფიციალურად დაერქმიათ სამი წევრისგან (სახელისგან) შემდგარი სახელი.

საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია ბავშისთვის ორზე მეტი წევრისგან შემდგარი სახელის დარქმევა, თუმცა სასამართლომ განსხვავებულად იმსჯელა.

ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საუბარია კვლევაში “საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების სტანდარტები”, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომზადდა.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა, კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, მშობლებს უარი უთხრა ბავშვისთვის სამი სახელის დარქმევაზე.

“ეროვნულმა სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო და პროგრესული გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შეზღუდვის მართლზომიერად მიჩნევისთვის საკმარისი არ არის შეზღუდვის კანონშესაბამისობა,”- ვკითხულობთ კვლევაში.

ამავე კვლევის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, რატომ აჭარბებდა სახელმწიფოს ინტერესი მოსარჩელეების, ბავშვის მშობლების ინტერესს.

ეს საქმე სახელმწიფომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლო თავისი უფლებამოსილების ფარგლებს გასცდა და იმსჯელა კანონის კონსტიტუციურობის საკითხზე. სააპელაციო სასამართლომ ეს მსჯელობა არ გაიზიარა:

“სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საკითხზე, რა დროსაც მიიჩნია, რომ სახელმწიფოს ინტერესი, არ დაერეგისტრირებინა ორზე მეტი სახელისგან შემდგარი სახელი, განსახილველ შემთხვევაში ვერ აჭარბებდა მოსარჩელეთა ინტერესს, მათი შვილის სახელში ასახულიყო მამის ინდური წარმომავლობა და ტრადიციები, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იყო,”- აღნიშნულია კვლევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი