ჩემი ცოლის დაქალები. მოწევის სცენა. ფოტო: სქრინი ვიდეოდან

ჩცდ-ში ყველა ქალი ლამაზად ეწევა, ამან გოგოებზე გავლენა იქონია – ინტერვიუ გუგული მაღრაძესთან

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის კანონპროექტის ავტორი გუგული მაღრაძე ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ფილმებში, სადაც მოწევის სცენებია, ან დაფარონ, ან 18 წლამდე შეზღუდვა ამოქმედდეს და მხოლოდ ღამის საათებში აჩვენონ. რამდენად ეფექტური იქნება ასეთი შეზღუდვა და იქნება თუ არა ეს ჩარევა შინაარსსა და შემოქმედებით საქმიანობაში, ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” პარლამენტარ გუგული მაღრაძეს ესაუბრა.

ფილმებში, სადაც ჩანს მოწევა, რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს?

“ბევრი ქვეყანა იყენებს ამას, რომ სიგარეტის ადგილზე დაედება [დაფარვა], ხომ გინახავთ, სახეს რომ არ უჩვენებენ ასეთი ტიპის, რომ სიგარეტი არ ჩანდეს. აქ არის მეორე ამბავი, როდესაც ადამიანი ძალიან ლამაზად ეწევა სიგარეტს, ეს ახდენს დადებით განმაწყობელ გავლენას. [დაფარვის] შემთხვევაში ეს არ იწვევს ასეთ მიმზიდველობას. ეს არის აპრობირებული ფორმა ბევრ ქვეყანაში, რომ ძველ ფილმებში, რომლის გადაღების დროსაც სიგარეტის მოწევაზე არ იყო [შეზღუდვები]. ამ ბოლო ხანებში თუ ნახავთ, ამერიკულ-ევროპულ ფილმებში სიგარეტის მოწევას თითქმის არ უჩვენებენ.

არის კიდევ მეორე ვარიანტი, რომ ამ ფილმებზე 18 წლამდე შეზღუდვა [დაწესდეს]. ამიტომ ეს ფილმები უნდა იყოს ნაჩვენები ღამით, როცა 18 წლამდე შეზღუდვის ფილმებია ნაჩვენები იმიტომ, რომ არასრულწლოვნებისთვის არ იყოს ზეგავლენის მომხდენი.

გაეცანით კანონპროექტს: კანონპროექტის მიხედვით, შენობებში, ტრანსპორტში და სტადიონებზე მოწევა აიკრძალება

თქვენ რომელ ინიციატივას ემხრობით?

ეს უნდა ვნახოთ ჩვენ – ტექნიკურად ადვილია, ძნელია. მე, მაგალითად, ვემხრობი იმასაც, რომ დაფარულიც იყოს და ასაკობრივი შეზღუდვაც იყოს. რაც შეიძლება მეტი იყოს. უნდა ვნახოთ ტექნიკურად, როგორ გამოვა. განსაკუთრებული ხარჯები ამას არ სჭირდება. ასე რომ, მეორე მოსმენის ამბავია ეს. ჩვენ გაქვს მთელი ორი კვირა და ექსპერტები ჩამოდიან 18 აპრილს. ეს არიან “მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის” ძალიან მაღალი დონის ექსპერტები.

ამერიკაში სად არის, რომელ შტატებში ამგვარი შეზღუდვა გამოყენებული?

ამერიკის პროდუქცია, რომელსაც აწერია “უორნერ ბრაზერსი” თუ “მეტრო გოლდუინ მიერსი”… რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერ ახალ ფილმში, აბა, ნახეთ სიგარეტის მოწევა აღარ არის ნაჩვენები. ადრე იყვნენ მომღერლები, გამოდიოდნენ სიგარეტით, თან მღეროდნენ. ახლა ეგეთი რაღაცები აღარ არის. გინახავთ ახლა, რომელიმე მომღერალი სიგარეტით აკეთებდეს რეკლამას?

კონკრეტულ ფილმებში არის, სადაც მოწევა პერსონაჟის განუყოფელი ნაწილია.

ჩემი ცოლის დაქალები. მოწევის სცენა. ფოტო: სქრინი ვიდეოდან

ჩემი ცოლის დაქალები. მოწევის სცენა. ფოტო: სქრინი ვიდეოდან

რაღაც-რაღაცები არის ისეთი, რომელიც მიგვაჩნია, რომ რაკი არსებობს სადმე, შეიძლება ჩვენც გავაკეთოთ, შეიძლება არ იყოს რომელიმე შტატში, მაგრამ იყოს სადღაც. ჩვენ რა მიგვაჩნია, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. არის ეს გავლენის მომხდენი? – არის. იმიტომ, რომ “ჩემი ცოლის დაქალებში” რომ სპეციალურად ყველა ქალი ეწევა და ლამაზად ეწევა, ამან, სხვათა შორის, გარკვეული გავლენა მოახდინა, გოგონების მწეველობა იზრდება და იზრდება.

კვლევა უნდა არსებობდეს, უნდა იყოს დათვლილი. საიდან იცით, რომ ამან მოახდინა გავლენა? მეორე მხრივ, ამერიკის შემთხვევაში იქ რა გავლენა მოახდინა აკრძალვებმა, რამე კვლევები თუ არის?

ამერიკა იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მწეველი ქვეყანა. მას შემდეგ, რაც ეს კანონი შემოვიდა, განახევრდა მწეველთა რაოდენობა. ეს გავლენა მოახდინა ამ ტიპის აკრძალვებმა, თორემ თავისთავად არ ხდება ეს. მარტო კეთილი ნება, რომ რა ცუდია სიგარეტი, არ მუშაობს. აქ არის პირდაპირი შეზღუდვები, არაპირდაპირი შეზღუდვა. რეკლამის ზემოქმედება, ყველა გზა უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მოწიოს და არ ჩაერთონ მოწევაში ახალი ადამიანები. ის შეზღუდვა, რომ ოფისში არ უნდა მოწიოს და გარეთ უნდა გამოვიდეს, ეს ადამიანებს მოტივაციას უძლიერებს, რომ თავი დაანებონ სიგარეტს. ერთხელ უხერხულობა, მეორედ უხერხულობა, მესამედ, და თუ წევდა 10 ღერს, მერე მოწევს 5 ღერს, მერე თანდათანობით გადავა ნაკლებზე. ჩვენ მწეველებს ვუწყობთ ხელს.

ფილმების ნაწილი არის მნიშვნელოვანი ასპექტი ამ შეზღუდვის?

ცხადია. გავლენები და განწყობები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ადამიანებს ჯერ განწყობები ექმნებათ და მერე აკეთებენ ქცევებს.

“ჩემი ცოლის დაქალებმა” დიდი გავლენა მოხდინა, ეს ნამდვილად იცით?

მე არ მჭირდება ამის გამოკვლევა, არსებობს სოციალურ ფსიქოლოგიაში განწყობის შემუშავების, ფორმირებისა და ცვლილების კვლევები, რომ ქცევის მოდელი ახდენს გავლენას განწყობის შექმნაზე. ქცევის მოდელი დადებით განწყობას იწვევს, რომ ახალგაზრდა, სიმპათიური ქალი, რომელიც დადებითია და მოსწონთ გარეგნობის გამო, ქცევების გამო ეწევა სიგარეტს, არაცნობიერად მოქმედებს ეს ფსიქიკაზე, რომ ეს არის კარგი ქცევა. რატომ ეწევიან ახალგაზრდები, განსაკუთრებით გოგონები? მიბაძვის გამო, რომ ვიღაც ლამაზი ქალები ეწევიან სიგარეტს და მათაც უნდათ, ჩქარა დაემსგავსონ ამ ლამაზ ქალებს. ეს მიბაძვის მომენტი არსებობს ყველგან.

ამერიკაში იყო საუბარი, რომ ფილმებზე შეზღუდვა შეიძლება იყოს ჩარევა თავისუფლების კუთხით, შემოქმედებითი თვალსაზრისით?

 

გუგული მაღრაძე © PACE

გუგული მაღრაძე © PACE

ადამიანის თავისუფლება თავდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება. როდესაც შენი გამოხატვის ფორმა ზიანს აყენებს სხვის ჯანმრთელობას, ასეთ შემთხვევაში შეზღუდვა არსებობს. შინაარსში ჩაწვდომა აუცილებელია. ატრიბუტიკა, რომ იგინებოდეს, აუცილებელია, რომ სიგარეტს ეწეოდეს. ეს ხშირად არის სასამართლო დავის საკითხი. ყოფილა ასეთი დავები, აქაც რაღაც შეზღუდვები არსებობს და ხშირად დამტკიცება სჭირდება სასამართლოში, რომ მართლა აუცილებელია თუ არა ფილმის შინაარსისთვის ამ მომენტის გამოყენება. ფაქტიურად არგუმენტებიც მიდის და განწყობებსაც აქვს მნიშვნელობა. მე მიმაჩნია, რომ საქართველომ და ჩვენ, ვინც ვმუშაობთ ამ საკითხზე, გამომდინარე მენტალობიდან, გამომდინარე, რომ სხვა ტიპის მარეგულირებელი არ არის… ამერიკაში დაიწყო პროპაგანდა, რომ მოწევა ითვლებოდა სირცხვილად. როდესაც ერთმა ჩემმა მეგობარმა 10 წლის წინ ბოდიშიო, თქვა და გავიდა მოსაწევად, რომ დაბრუნდა, საკმაოდ მაღალი განათლების ადამიანმა, ყველამ ძალიან ალმაცერად შეხედა და უთხრა: შენო ეწევიო? ჩვენთან ბომჟების მეტი არავინ ეწევაო. იქ უკვე ცუდ ტონადაა მიჩნეული და ადამიანს, რომელიც ეწევა, ალმაცერად უყურებენ.

სტიგმა ცუდი არ არის?

სტიგმა კი არ იყო. როგორ არის ცუდი. ჩვენთან ადამიანი რომ დათვრება, დაბოდიალობს აქეთ-იქეთ და ათას სისულელეს აკეთებს და მის მიმართ არ არის უარყოფითი დამოკიდებულება? ასევეა სიგარეტი. სიგარეტი კიდევ უფრო უარესია. ეს არის ერთადერთი ლეგალური ლეტალური – ლეგალურად მიღებული მომაკვდინებელი პროდუქტი. ამიტომ ახლა მის მიმართ ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მოწიოს სიგარეტი. იმაზე ლაპარაკი, რომ შინაარსი, გამოხატვა და კარგით, რა. რა არის უფრო მთავარი ღირებულება, ეს უნდა წამოვწიოთ წინ.

საპარლამენტო უმრავლესობას ფილმების ნაწილში რა აზრი ექნება?

დაგვეთანხმება. უმრავლესობა დაგვეთანხმება. მთავარია, კარგი არგუმენტები მივაწოდოთ. ყველას აინტერესებს, რომ თვითონ თუ ვერ ანებებს თავს, მისმა შვილმა მაინც არ მოწიოს. თუ დაუმტკიცებ, რომ ეს არის ერთი პატარა წვეთი, მაგრამ დამატებითი წვეთი, რომ მისი შვილი და მომავალი თაობა უფრო ნაკლებად იყოს მიდრეკილი მოწევისკენ, მე მგონი, დაგვეთანხმება.


არიზონის შტატში 2006 წლიდან მოქმედებს კანონი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის საწინააღმდეგოდ. თუმცა კანონი უშვებს გამონაკლისს და ასეთია თეატრალური წარმოდგენა სცენაზე, ფილმი ან სატელევიზიო ნაწარმი.  ასეთივე გამონაკლისი არსებობს ჰავაის შტატსა და პუერტო რიკოზე აშშ-ის ფარგლებში.

კალიფორნიაში 1995 წლიდან მოქმედებს კანონი, რომელიც  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვას ისახავდა მიზნად. 2016 წლიდან შეზღუდვა დაწესდა თეატრალურ პროდუქციებში მოწევის ჩვენებაზე, რომელზეც მანამდე არ ვრცელდებოდა.

“ამერიკის მხატვრული ფილმის ასოციაციის შეფასებით, ,ამგვარი მიდგომა გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, რომელიც ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორებითაა გარანტირებული.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, “უოლტ დისნეისა” და “21-ე საუკუნე ფოქსის” ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ფილმების 56%-ში ჩანს მოწევის სცენები.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, 36.5% ამერიკელი სტაბილურად ეწევა სიგარეტს, 16 მილიონი ადამიანი მოწევასთან დაკავშირებული დაავადების მატარებელია. 2005-დან 2015 წლამდე მოწევის მაჩვენებელი 15.1%-ით შემცირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ ფილმებზე, რომლებშიც მოწევის სცენებია აღბეჭდილი, მოზარდებისა და ბავშვების დასაცავად სპეციალური შეზღუდვა დააწესოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი: გაეცანით ბმულზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com