ახალი ამბები

ბებიაქალი ნეიტრალური ტერმინით, მეანი ექიმით ჩანაცვლდება – კანონპროექტი

27 ნოემბერი, 2023 • 890
ბებიაქალი ნეიტრალური ტერმინით, მეანი ექიმით ჩანაცვლდება – კანონპროექტი

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის, რაც კანონმდებლობაში ექთნის დეფინიციის შეტანასა და ამ პროფესიის რეგულირებას გულისხმობს. დეფინიციის განსაზღვრისას ავტორებმა გადაწყვიტეს ბებიაქალის ჩანაცვლება უფრო ნეიტრალური ტერმინით, მეანი ექთნით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

“ბებიაქალი, მოგეხსენებათ, რამდენადმე გენდერულად სენსიტიური ტერმინია. აღიქმება საზოგადოებაშიც, რომ ძირითადად ქალბატონი შეიძლება გახდეს ბებიაქალი, როდესაც მსოფლიო პრაქტიკა მიუთითებს, რომ მამრობითი სქესის პროფესიონალები მზარდად არიან დაინტერესებული ამ მიმართულებით პრაქტიკის განვითარებით.  ამდენად, როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ პროფესიულ პლატფორმასთან, მათივე რეკომენდაციით შეირჩა დასახელება მეანი ექთანი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კანონპროექტი, რომელიც გაბუნიამ კომიტეტს წარუდგინა, გულისხმობს რამდენიმე ცვლილებას და ეხება როგორც ექთნად მუშაობისთვის საჭირო პროცედურების რეგულირებას – მათ შორის, შესაბამისი გამოცდების შემოღებას – , ისე ამ პროფესიონალების პოსტდიპლომური განათლების ხელშეწყობას.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ცვლილებების მთავარი მიზანია ექთნის პროფესიის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დაინტერესება ამ სფეროში მუშაობით.

“მთავარი მოტივაცია ამ კანონპროექტის მომზადების გახლავთ ის, რომ ცნობილია, რომ დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ექთნების რაოდენობა ექიმების რაოდენობასთან შედარებით ბევრად უფრო დაბალია. თუ ევროპის და აშშ-ის ეს მაჩვენებელი არის 1 ექიმზე 4 ექთანი, ჩვენთან 1 ექიმზე არის ერთიც არა – 0.8 მაჩვენებელი.

ამის მიზეზი მრავალია. მათ შორის, წლების განმავლობაში ექთნის პროფესიის არაღიარება კანონმდებლობის დონეზე. ასევე, შედარებით განუსაზღვრელი პროფესიული კვალიფიკაცია, ნაკლები პრესტიჟი, რის გამოც ახალგაზრდა კაცი არ არის დაინტერესებული ამ სპეციალობით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი არის ის, რომ საკანონმდებლო დონეზე უზრუნველვყოთ ექთნების აღიარება და მივცეთ ამ პროფესიას ის სტატუსი, რომელიც მას რეალურად ეკუთვნით”, – განაცხადა გაბუნიამ კომიტეტის სხდომაზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, ექთანი არის ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანი მუშაობა სწორედ ექთნებზე და მათი გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული.


მთავრობის ინიციატივით, ექთნისა და მეანი ექთნის პროფესიები საკანონმდებლო რეგულირების ქვეშ მოექცევა. კონკრეტულად, ამ მიმართულებით მუშაობისთვის საჭირო იქნება შესაბამისი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება

ექთნებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება იქნება საჭირო – მთავრობის ინიციატივა

მასალების გადაბეჭდვის წესი