გიგა ბოკერია © დათო ქოქოშვილი ნეტგაზეთი

“გზა იმისკენ, რომ მეტმა ადამიანმა იზრუნოს ჯანმრთელობაზე და ნაკლებმა მოწიოს თამბაქო, სიღარიბიდან გამოსვლაა”

,,ამ კანონის შედეგი იქნება ის, რომ ბევრჯერ და ბევრგან იქნება იგნორირებული კორუფციის წყარო და ყველა შემთხვევაში დააზიანებს ბიზნესს და ტურიზმს’’, – ეს განცხადება მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გააკეთა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით. ბოკერიას კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს:

,,კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ როგორი არაკომპეტენტური და, რაც მთავარია, რეალობისგან მოწყვეტილია ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი. როგორც გუშინ ერთ-ერთი ლიდერისგან, ზოიძისგან გაირკვა, მათ ომი გამოუცხადეს სიგარეტის ბიზნესს საქართველოში და პარლამენტში. მთელ მსოფლიოში არავინ დავობს, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, მაგრამ ერთადერთი გზა იმისკენ, რომ მეტმა ადამიანმა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და მათ შორის ნაკლებმა ადამიანმა მოწიოს თამბაქო, არის სიღარიბიდან გამოსვლა, გამდიდრება და არა ასეთი დრაკონული რეგულაციები, ისეთი, როგორიც ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც კი არ არის.  ეს აისახება ათასობით ჩვენი მოქალაქის შემოსავალზე. ისინი დაკარგავენ შემოსავალს, სამსახურებს და სრულიად საპირისპირო შედეგს მივიღებთ,’’- განაცხადა გიგა ბოკერიამ.


 

თამბაქოს კონტორლის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს  85-მა დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

პროექტის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის, აგრეთვე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარდა.

მოწევა ასევე აიკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაში, საჰაერო ხომალდში, მეტროპოლიტენში, მატარებელში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში, გემზე და სხვა სანაოსნო საშუალებებზე, გარდა  ტაქსის და კატერის. წესების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს 5 ლარით დააჯარიმებენ, ხოლო საჰაერო ხომალდში მოწევისთვის – 500 ლარით.

მოწევა საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო, და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზეც აიკრძალება, აგრეთვე, 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები; მოწევა აიკრძალება სტადიონებზეც.  ამ წესის დარღვევა 10-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

პროექტი ითვალისწინებს მოსამზადებელ პერიოდსაც. კერძოდ, 2018 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია კაფე-ბარების, რესტორნების და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტების, სამორინეების, სათამაშო აპარატების სალოების ან/და აზარტული კლუბების შენობა-ნაგებობებში ამ დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) გამოყოფა. ეს სპეციალური მოსაწევი ადგილი (ადგილები) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: არ უნდა იკავებდეს შესაბამისი დაწესებულების საერთო ფართობის 50%-ზე მეტს; ჰქონდეს ვენტილაცია, ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.

ამასთან,  2018 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია საჯარო დაწესებულებების, სილამაზის სალონების, მაღაზიების და სხვა სავაჭრო ობიექტების, კერძო ოფისების, ქარხანა-ფაბრიკების, საამქროების, საწყობების, ტერმინალების და სხვა მსგავსი დაწესებულებების შენობა- ნაგებობაში სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) გამოყოფა. ეს სპეციალური მოსაწევი ადგილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:  არ უნდა იკავებდეს დაწესებულების საერთო ფართის 5%-ზე მეტს; სრულად (კედლებით) გამიჯნული უნდა იყოს დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან/ტერიტორიისაგან; ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.

რაც შეეხება სტადიონებს,  2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიის არაუმეტეს 50%-ში თამბაქოს მოწევა. ასეთ გადაწყვეტილებას იღებს სტადიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ამავდროულად, 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში. დაუშვებელია სასტუმროს მოსაწევ და არმოსაწევ ნომრებში თამბაქოს მოწევის რეჟიმის ცვლილება. მოსაწევი ოთახების ნომრები უნდა გამოიყოს სასტუმროს ადმინისტრაციის სპეციალური ბრძანებით, რომელიც უნდა განთავსდეს სასტუმროს თვალსაჩინო ადგილზე.

თუ დაწესებულების მფლობელი/ხელმძღვანელი ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, ის  500 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში- 1000 ლარით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com