ახალი ამბები

ომბუდსმენი მოსმენების კანონზე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს

5 აპრილი, 2017 • 1891
ომბუდსმენი მოსმენების კანონზე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს

სახალხო დამცველი  კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვს ე.წ. მოსმენების მომწესრიგებელი ახალი კანონმდებლობის გამარტივებული წესით არაკონსტიტუციურად ცნობას.  გამარტივებული წესით საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს იმ შემთხვევაში განხილავს, თუ მოხდება მის მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ანალოგიური შინაარსის ნორმის მიღება და, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების დაძლევა.

აღნიშნულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას არასამთავრობო ორგანიზაციებიც გეგმავენ, თუმცა გამომდინარე იქიდან,  რომ სახალხო დამცველს გააჩნია დამოუკიდებელი კომპეტენცია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა, როდესაც ის, მისი აზრით, ეწინააღმდეგება ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს – არასამთავრობო ორგანიზაციებთან საუბრისას გადაწყდა, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებლად გამოიყენებს ამ კომპეტენციას.

“თუმცა, ვინაიდან დავის საგანი ყველა შემთხვევაში იქნება საერთო, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლო გააერთიანებს ამ საქმეებს, მათი ერთობლივად განხილვის მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველი და მოძრაობა „ეს შენ გეხებას“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ”  – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გადაწყვეტილება სახალხო დამცველის აპარატმა მოძრაობა “ეს შენ გეხებაში” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შესაბამისად, ე.წ. ფარული მიყურადების ტექნიკური შესაძლებლობა კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 14 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი