ახალი ამბები

შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს დაეხსნენ

3 აპრილი, 2017 • 3321
შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს თავს დაეხსნენ

გაზეთ “ქრონიკა +”-ის რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე გელა ხვედელიძეს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კილაძის ინფორმაციით, თავდასხმა გუშინ ღამით მოხდა და ხვედელიძეს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. მისივე თქმით, ხვედელიძე მანამდე კილაძესთან ოფისში იმყოფებოდა, სადაც სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის შესახებ აცნობა ინფორმაცია და გააფრთხილა:

“წუხელ გელა ხვედელიძე იყო  ჩემთან, “ქრონიკა პლუსის” ოფისში. მან  გადმომცა დანაბარები, რომ  იოსებ გოგაშვილი, სუს-ის უფროსის მოადგილე გამწარებულია ჩემი არსებობით და იმ მასალებით, რაც მე გამოვაქვეყნე. მე გამაფრთხილეს, რომ ვყოფილიყავი ძალიან ფრთხილად.

გელა ხვედელიძეს თავს დაეხსა საკუთარ სახლთან უკნიდან ნიღბიანი ორი ახალგაზრდა. იქ არის კამერები და ველოდები, დაუყოვნებლივ დააკავონ ეს ადამიანები და დაასახელონ მათ აუცილებლად დამკვეთი. მე ვიცი, ვინ არის დამკვეთი – დამკვეთი არის იოსებ გოგაშვილი,” – აცხადებს კილაძე. 

“ნეტგაზეთი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ხვედელიძეზე თავდასხმასთან იოსებ გოგაშვილს, როგორც ამას ელისო კილაძე ამბობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლო და აბსურდულია, “გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ მის შედეგებს” – აცხადებენ უწყებაში.

2014 წლის 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ პირველ მოაგილეს, გელა ხვედელიძეს ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე 2013 წლის 12 მაისს დააკავეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტში განთავსებისა და გავრცელების გამო. იმავე წლის 15 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.

გელა ხვედელიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას ან გავრცელებას იმის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების შეზღუდვა ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ასევე, სამ წლამდე ვადით ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი