ახალი ამბები

კილაძე ქოლ-ცენტრზე ბრალდებას უარყოფს, პოლიციამ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა

25 აპრილი, 2023 • 15423
კილაძე ქოლ-ცენტრზე ბრალდებას უარყოფს, პოლიციამ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა

“ქრონიკა+”-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის განცხადებით, პოლიცია ე.წ ქოლ-ცენტრს ეძებდა ბიზნესცენტრში, სადაც თავად და მისი ჩართულობით დაფუძნებული კომპანიები საქმიანობენ. კილაძის თქმით, სამართალდამცავები ადგილზე ანონიმური ზარის საფუძველზე მივიდნენ, რომლის კონტექსტშიც დავით კეზერაშვილის კვალზე საუბრობს.

თბილისში ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა BBC-მ ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. ტელეარხის მიხედვით, გლობალურ თაღლითურ ქსელთან, რომელიც კლიენტების მოტყუების გზით ფულს გამოიმუშავებს, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც არის დაკავშირებული.

ამჟამად საქართველოში გამოძიება მიმდინარეობს ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე.

ვინ რაში ადანაშაულებს კილაძეს

გაზეთ “ქრონიკა+”-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე დავით კეზერაშვილს BBC-ის გამოძიებამდეც ადანაშაულებდა ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირში.

კილაძის თქმით, მისი გაზეთის, ისევე როგორც მის მიერ დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო Cnews-სა და მისივე ჩართულობით შექმნილი კომპანიის, “ნომადაოს” ოფისები თბილისში, ერთ ბიზნესცენტრშია განთავსებული. ბიზნესცენტრი ფანჯიკიძის ქუჩაზე მდებარეობს.

კილაძის განცხადებამდე, 24 აპრილის შუადღეს, პროსახელისუფლო სააგენტო ongo.ge-მ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც ელისო კილაძეს თავად აქვს ე.წ. ქოლ-ცენტრი და ოფისიც სწორედ ფანჯიკიძის ქუჩაზე, ბიზნესცენტრშია განთავსებული.

სააგენტო წერს, რომ კილაძე პოლიციაში დავით კეზერაშვილმა “ჩაუშვა” და ამ ფორმით, ერთი მხრივ, “შური იძია” “ქრონიკა+”-ის დამფუძნებელზე, მეორე მხრივ კი, “ბაზრიდან ჩამოიშორა შედარებით მცირე კალიბრის, მაგრამ მისთვის მაინც მნიშვნელოვანი კონკურენტი”.

სააგენტოს მტკიცებით, კილაძესთან ერთად ხსენებულ ქოლ-ცენტრს ასევე ფლობენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი და სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე, რომელიც წარსულში თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული.

ongo.ge-ის მიხედვით, პოლიცია ბიზნესცენტრში მივიდა და “საგამოძიებო მოქმედებები დილის 10 საათამდე, მთელი ღამე მიმდინარეობდა”.

ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”(ISFED) ongo.ge-ს ახასიათებს “ახალი ამბების წყაროდ, რომელიც ანტიოპოზიციურ ხედვებს იზიარებს”.

რას ამბობს კილაძე

ongo.ge-ს მიერ გავრცელებულ ცნობას ელისო კილაძე 24 აპრილის საღამოს, ფეისბუკ ლაივით გამოეხმაურა. კილაძე ადასტურებს, რომ პოლიცია ბიზნესცენტრში მართლაც იყო მისული და ტექნიკაც ამოიღო, თუმცა უარყოფს ბრალდებას ე.წ. ქოლ-ცენტრის ფლობის შესახებ.

კილაძის თქმით, კომპანია, რომელსაც ongo.ge “ქოლ-ცენტრს” უწოდებს, არის ახლად დაფუძნებული “ნომადაო”. ელისო კილაძის თანახმად, ესაა სასტუმროების დაჯავშნის საერთაშორისო ონლაინპლატფორმის, booking.com-ის “ქართული ვერსია”.

“ნომადაო გახლავთ სრულიად ახალი ტექნოლოგიური [კომპანია], რომელიც საჯარო აქტივობებით გამოირჩევა. ჩვენ ვიყავით აშშ-ის საელჩოსთან ერთად რიყეზე გამართული ამერიკული დღეების სპონსორები”, – აღნიშნავს კილაძე.

ელისო კილაძის ინფორმაციით, მარტის ბოლოს “ნომადიოს” ოფისში სტუმრად ჰყავდათ გერმანლი ჟურნალისტი თომას ფრანკე. ფოტოები: Facebook/ელისო კილაძე

ელისო კილაძის თქმით, შაბათს, 22 აპრილის ღამით, დაურეკეს და აცნობეს, რომ ბიზნესცენტრში სამართალდამცავები იყვნენ მისულნი.

“პოლიციამ გვითხრა, რომ 112-ში განხორციელდა ანონიმური ზარი, რომ აქ შესაძლებელია იყოს ქოლ-ცენტრი. ზარის ავტორის ვინაობა არ გვითხრეს, შენობის დათვალიერება გვინდაო. შემოვიყვანეთ კრიმინალური პოლიცია და ყველა სართული შემოვატარეთ…” ,— ყვება კილაძე.

მისივე თქმით, სამართალდამცავებს “მთელ სისტემაზე” მისცეს წვდომა და კომპიუტერების პაროლებიც გადასცეს, რათა დროულად გადაამოწმონ ინფორმაცია.

“არანაირი საეჭვო ამ შენობაში აღმოჩენილი არ ყოფილა. შესაბამისად, ამ სიტუაციაში ველოდებით იმას, რომ სწრაფად გადაამოწმებენ ამ ამოღებულ ტექნიკაზე, ნახავენ, რომ იქ არანაირი ქოლ-ცენტრი არ არსებობს და დაგვიბრუნებენ ჩვენს ტექნიკას”, — დასძენს ის.

ელისო კილაძის თქმით, არ იცის, ვინ არის ანონიმური ზარის უშუალო განმახორციელებელი, თუმცა ვარაუდობს, რომ პროცესის უკან დავით კეზერაშვილი დგას. “ქრონიკა+”-ის დამფუძნებელი აღნიშნულს უკავშირებს მის გამოძიებას დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც, როგორც ამბობს, ახლა ამთავრებს და რომელიც შეეხება კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდს.

“ამან შეაშინა კეზერაშვილი და გადაწყვიტა, რომ უნდა მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია და ჩემი შანტაჟი”, — ამატებს კილაძე.

დავით კეზერაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, 2006 წლიდან 2008 წლის მიწურულამდე, იყო თავდაცვის მინისტრი.

ელისო კილაძემ, ვალერი გელბახიანმა და გივი ჯიბლაძემ 25 აპრილს ბრიფინგიც გამართეს ბრალდებების უარსაყოფად.

რას ამბობენ საგამოძიებო სამსახურში

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ:

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ამ ეტაპზე აღნიშნულ ობიექტებზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები”.

დამატებით დეტალებს სამინისტროში არ ახმაურებენ.

ფინანსთა სამინისტროს ეს პასუხი ჰქონდა 21 აპრილსაც, როცა “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა ანტიკორუფციულმა მოძრაობამ ვარაუდი გამოთქვა თბილისის ცენტრში, “ატრიუმის” ბიზნესცენტრში, ე.წ. ქოლ-ცენტრების ფუნქციონირების შესახებ.

“ატრიუმი” სააკაძის მოედანზე მდებარეობს.

ე.წ. ქოლ-ცენტრების სკანდალი და კეზერაშვილი

ბრიტანული BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “ფორმულას” თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია “ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან”, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

კეზერაშვილი უარყოფს ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმიანებულ ბრალდებებს. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა “ფორმულას” თანამშრომლები დარწმუნებული იყვნენ, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ცილისმწამებლურია, დაშვებები კი — უსაფუძვლო.

ამავე დროს, კეზერაშვილმა გაახმიანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც “ფორმულაში” თავისი წილის(51%) ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი