ახალი ამბები

დაპირისპირება ჯარიმის გამო მოქალაქესა და პატრულს შორის ამჯერად ახალქალაქში [Video]

29 მარტი, 2017 • 21368
დაპირისპირება ჯარიმის გამო მოქალაქესა და პატრულს შორის ამჯერად ახალქალაქში [Video]

სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში პატრულის ეკიპაჟსა და მანქანის მძღოლს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ჟურნალისტის, კრისტინა მარაბიანის თქმით, ამის გამო დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ქალაქის ცენტრში გზა ნაწილობრივ გადაკეტილი იყო.

მისი ინფორმაციით, პატრულის ოფიცერმა მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რადგან მას ღვედი არ ეკეთა. მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებდნენ მძღოლი და მომხდარის თვითმხილველები. შელაპარაკება პატრულის ოფიცრებსა და მოქალაქეს შორის საკმაო ხანს გაგრძელდა. მათ გარშემო ხალხმა დაიწყო შეკრება, რამაც მოაძრაობა შეაფერხა. თუ აღმოჩნდება, რომ  საპატრულო მანქანის ვიდეოთვალის ჩანაწერის ნახვის შემდეგ, მძღოლს ღვედი ეკეთა, პატრული ბოდიშს მოიხდის, სხვა შემთხვევაში მოქალაქე თანახმაა, გადაიხადოს ჯარიმა.

ამჟამად ადგილზე აღარავინ იმყოფება და სიმშვიდეა. მარაბიანი ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები – დაპირისპირება უკმაყოფილო მოქალაქეებსა და პატრულის თანამშრომლებს შორის გახშირდა. ამბობს, რომ ამაზე ადგილობრივ მედიაში თავადაც წერენ.

“ხალხმა მათ გარშემო შეგროვება დაიწყო, ამიტომ მანქანები გავლას ვეღარ ახერხებდნენ. ახლა სიმშვიდეა. პატრულიც და მძღოლიც აქ აღარ იმყოფებიან. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება, განსაკუთრებით ბოლო დროს,”- ამბობს კრისტინა მარაბიანი.

წყარო: კრისტინა მარაბიანი, jnews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ მოქალაქე თვლის, რომ უსამართლოდ დააჯარიმეს, მას აქვს უფლება, გაასაჩივროს ჯარიმა. ამ შემთხვევაშიც პროცედურის დაცვით გადამოწმდება, რამდენად სწორად გაიცა ჯარიმა.

პატრულის თანამშრომლებსა და მოქალაქეს შორის ჯარიმის გამო დაწყებული დაპირისპირებით დაიწყო არეულობა 11 მარტს ბათუმში. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც “ბათუმი პლაზას” მიმდებარედ პატრულმა ადმინისტრაციული წესით მამა–შვილი დააჯარიმა, ხოლო შემდეგ ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ამას მოჰყვა ასობით ადამიანის პროტესტი. დემონსტრანტები პოლიციელებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კუთხით არაადეკვატურ ჯარიმებშიც ადანაშაულებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი