ახალი ამბები

პრეზიდენტი მედიას და არასამთავრობო სექტორს 1 მილიონით დააფინანსებს

18 დეკემბერი, 2012 • 1107
პრეზიდენტი მედიას და არასამთავრობო სექტორს 1 მილიონით დააფინანსებს

პრეზიდენტის ბრძანებულება სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ითვალისწინებს ამ პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შერჩევას კონკურსის საფუძველზე.

 

საკონკურსო კომისია დაკომპლექტებულია საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებით, ესენი არიან: ნინო კალანდაძე (საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე), ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი, ვერა ქობალია (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი) და ნატალია ყანჩელი.

 

აღნიშნული კომისია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩეულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, რომელიც 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად 10 მილიონი ლარისგან შედგება, გამოეყოფა 1 000 000 ლარი მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით.

 

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოში შეიცვალა მთავრობა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი ნაწილი არასამთავრობო სექტორში გადავიდა. მაგალითად, 9 ოქტომბერს შეიქმნა “საქართველოს რეფორმების ასოციაცია”, რომლის დირექტორია საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე, ხოლო დამფუძნებლებს შორის კაპანაძის გარდა არიან: იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი, იუსტიციის სამინისტრის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ანდრო გიგაური, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი მატკავა, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა უტიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე ელენე ხოშტარია და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი