ახალი ამბები

სოფიის ფესტივალზე ფილმმა „ჩემი ბედნიერი ოჯახი” საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი მიიღო

20 მარტი, 2017 • 2488
სოფიის ფესტივალზე ფილმმა „ჩემი ბედნიერი ოჯახი” საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი მიიღო

სოფიის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნანა ექვთიმიშვილს და სიმონ გროსს ფილმისათვის „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის გადაეცათ.

18 მარტს სოფიის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა, სადაც ქართული ფილმის, „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ რეჟისორები, ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის დაჯილდოვდნენ.  სოფიის კინოფესტივალი 9-დან 19 მარტს გაიმართა, სადაც ქართულ ფილმთან ერთად მთავარ საკონკურსო პროგრამაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სულ ცამეტი მხატვრული ფილმი იყო წარდგენილი.

“ჩემი ბედნიერი ოჯახის” მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა, საერთაშორისო პრემიერა კი ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართა.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია “ნეტფლიქსმა”  შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისათვის ხელმისაწვდომი გახდება. “ნეტფლიქსი” არის ინტერნეტ-კინოგაქირავების მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელსაც უახლესი მონაცემებით, 2017 წლის იანვარში 93,8 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. “ნეტფლიქსის”  პრემიერამდე, 2017 წელს, “ჩემი ბედნიერი ოჯახის” ნახვას მაყურებელი საფრანგეთის, გერმანიისა და საქართველოს კინოეკრანებზე შეძლებს.

სოფიის კინოფესტივალზე გამარჯვების შემდეგ ფილმს “ჩემი ბედნიერი ოჯახი”  ნიუ იუორკში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში,” მომაში”, 15-დან 26 მარტის ჩათვლით უჩვენებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი