ეკა ბესელიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადება მოულოდნელი არ ყოფილა. მისივე თქმით, უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს.

დეპუტატის განცხადებით, პრეზიდენტმა მის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობისთვის დრო არ დატოვა:

“საკოსნტიტუციო სასამართლოს მიერ ვადები ძალიან შეზღუდულია, ეს ვადა 31 მარტს იწურება, პრეზიდენტმა კი მისთვის განსაზღვრული დრო ბოლომდე გამოიყენა, რაც ამ პროცესს საფრთხეს უქმნის. საქმე ეხება უსაფრთხოების სისტემას, ჩვენ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაცვის გარანტიებზე გვევალება პასუხისმგებლობა. ახლა მოგვიწევს, სწრაფ რეჟიმში მივიღოთ გადაწყვეტილება. რაც არ უნდა ეწეროს შენიშვნებში, პრეზიდენტმა დისკუსიის დრო არ დატოვა,” – ამბობს ბესელია.

ეკა ბესელიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა კანონს მიიღებს [ვეტოს დაძლევს] და მოსახლეობას საფრთხეების წინაშე არ დატოვებს.

“პრეზიდენტის ვეტოების რაოდენობა არ არის საამაყო. არ მგონია, რომ ეს კარგი ტონის მაჩვენებელი იყოს. გერმანიასაც აქვს მსგავსი შესაძლებლობა და აბა, იკითხეთ, ბოლოს როდის გამოიყენა პრეზიდენტმა ვეტო. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ჩართული იყო სამუშაო პროცესში. პარლამენტმა კანონპროექტით ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი შემოიღო. ასევე, უსაფრთხოების დაცვის მაღალი გარანტიები. ამ ბალანსს მოკლე დროში მივაღწიეთ,” – აღნიშნავს ბესელია.

საქართველოს პრეზიდეტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 20  მარტს მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო.

პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული კანონის  თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში შეიქმნება სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც ფარულ მოსმენებს განახორციელებს.

პარლამენტმა შეცვალა მოსმენების არსებული კანონმდებლობა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ “ეს შენ გეხებას” სარჩელის საფუძველზე მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო.

“ეს შენ გეხებაში” შემავალ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ასევე არაკონსტიტუციურია ფარული მოსმენების ის მოდელი, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ისინი სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის ვერსიას განიხილავენ.

ვიდრე პრეზიდენტი კანონთა პაკეტს ვეტოს დაადებდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკვე დააანონსა, რომ პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევდა. პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად პარლამენტის 76 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.


 

  • 1 მარტს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
  • პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკონმდებლო ცვლილებების პაკეტი იმიტომ მიიღო, რომ   საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს   “ეს შენ გეხებას”  სარჩელი  დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. საკონსტიტუციო სასამართლომ სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • კამპანია “ეს შენ გეხება”, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი “ფარული თვალთვალის” შესახებ, კვლავ არ შეესაბამება კონსტიტუციას.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.