ახალი ამბებიხელოვნება

2017 წლის საბავშვო ევროვიზია თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება

16 მარტი, 2017 • 3589
2017 წლის საბავშვო ევროვიზია თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი 26 ნოემბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურსის ორგანიზატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საქართველოში საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ჩატარდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მე-11-ედ წარადგენს მონაწილეს საბავშო ევროფესტივალზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამჟამად საქართველოში იმყოფება საბავშვო ევროვიზიის კონკურსის საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ჯგუფი სამუშაო შეხვედრებს მართავს 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების საკითხებთან დაკავშირებით.

2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. ამ დრომდე მსგავსი შედეგი არცერთ ქვეყანას ჰქონია.

საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა, რის შემდეგაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ.

მარიამ მამადაშვილი, 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული. ფოტო: ევროვიზიის ვებ–გვერდი

მარიამ მამადაშვილი, 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული. ფოტო: ევროვიზიის ვებ–გვერდი

მასალების გადაბეჭდვის წესი