პუტინის პლაკატები კოკოითის მხარდამჭერ აქციაზე ცხინვალში

ცხინვალში დღეს, 13 მარტს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერის [2001-2011] ედუარდ კოკოითის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები  ცხინვალში უზენასესი სასამართლოს შენობასთან  მივიდნენ. ხვალ, 14 მარტს დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლო 2017 წლის 9 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ კოკოითისთვის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით კოკოითის განცხადებას განიხილავს.

კავკაზსკი უზელის ცნობით, აქციაზე დაახლოებით, 300 ადამიანი შეიკრიბა და მათი დიდი ნაწილი ცხინვალში, სოფელ ხეთაგუროვიდან და წინაგარიდან ჩამოვიდა. როგორც გამოცემის ადგილობრივი კორესპონდენტი წერს, აქციის მონაწილეებს ყოფილი პრეზიდენტის თანამოაზრეები და ყოფილი თანამშრომლები წარმოადგენდნენ.

აქციის მონაწილეებს  რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დროშები და ედუარდ კოკოითისა და ვლადიმერ პუტინის, რუსეთის პრეზიდენტის პორტრეტები ეკავათ.

აქციის მიმდინარეობის დროს ედუარდ კოკოითი სასამართლოს შენობაში ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა და კონსულტაციებს მართავდა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ კი მხარდამჭერებს, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით, კანონის დაცვისა და მშვიდობიანი ქცევისკენ  მოუწოდა.

2017 წლის 4 მარტს ედუარდ კოკოითის კანდიდატურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ მოტივით მოხსნა, რომ კოკოითი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთში არ ცხოვრობდა და ამასთან, არ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის ცნობა ნასამართლეობის შესახებ.

დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთისთვის “ალანიას” დარქმევის საკითხზე, 2017 წლის 9 აპრილს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნებში დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვიც მონაწილეობს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე, კერძოდ, პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი გამოეხმაურნენ. გარდა ამისა, ოფიციალური განცხადება გააკეთა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.

ედუარდ კოკოითის მხარდამჭერი აქცია ცხინვალში; 2017; ფოტო: კოკოითის მხარდამჭერთა ფეისბუკის ჯგუფიდან

ედუარდ კოკოითის მხარდამჭერი აქცია ცხინვალში; 2017; ფოტო: კოკოითის მხარდამჭერთა ფეისბუკის ჯგუფიდან

ედუარდ კოკოითის მხარდამჭერი აქცია ცხინვალში; 2017; ფოტო: კოკოითის მხარდამჭერთა ფეისბუკის ჯგუფიდან

ედუარდ კოკოითის მხარდამჭერი აქცია ცხინვალში; 2017; ფოტო: კოკოითის მხარდამჭერთა ფეისბუკის ჯგუფიდან

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი