ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შერიგების სამინისტრო: ჩვენი ძალისხმევის ფონზე ანექსიისკენ მიმართული პროცესები გრძელდება

14 მარტი, 2017 • 2221
შერიგების სამინისტრო: ჩვენი ძალისხმევის ფონზე ანექსიისკენ მიმართული პროცესები გრძელდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რუსეთის შეირაღებულ ძალებთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რიგი სამხედრო დანაყოფების შეერთების საკითხთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

“კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლის  გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი თვალსაჩინო გაგრძელება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული პროცესისა, რომლიც 2008 წლიდან მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციასა და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის უკვე გაფორმებულია ათეულობით მსგავსი ე.წ.  შეთანხმება, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სრული და ექსკლუზიური კონტროლის გაძლიერებას ემსახურება”.

განგრძობითი ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული პროცესები, როგორც შერიგების სამინისტროში აცხადებენ, “გრძელდება ჩვენი ძალისხმევის ფონზე, სამშვიდობო პროცესს შევმატოთ მეტი დინამიკა და მხარეებთან ერთად გამოვნახოთ მოსახლების კეთილდღეობისკენ მიმართული ჰუმანიტარული გამოსავალი”.

“ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების პარალელურად  რეგიონში მიმდინარეობს სამხედრო კონსოლიდაცია, რაც უდავო გამოწვევაა როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით. რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს აღებული  ძალის არგამოყენების ვალდებულება  და ეს თემა ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების დღის წესრიგის მთავარ  საკითხად რჩება.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადოდ შეაფასონ აღნიშნული ე.წ. შეთანხმება და მოსთხოვონ რუსეთის  ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება”.

რუსეთის მთავრობამ, რუსეთის გაერთიანებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის რიგი სამხედრო დანაყოფების შესვლის საკითხზე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი