ახალი ამბებიტექნოლოგიები

როგორ დავიცვათ მონაცემები ინტერნეტში – რჩევები სპეციალისტებისგან

10 მარტი, 2017 • 4617
როგორ დავიცვათ მონაცემები ინტერნეტში – რჩევები სპეციალისტებისგან

“კასპერსკის” IT სპეციალისტები ამბობენ, რომ “ინტერნეტ ჰიგიენის დაცვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ხელების დაბანა”, განსაკუთრებით კი თანამედროვე სამყაროში, სადაც მათივე მონაცემების თანახმად, ერთი დღის განმავლობაში 300 000-ზე მეტი კომპიუტერული ვირუსი იქმნება.

რა უნდა ვიცოდეთ, რომ კიბერ სივრცეში პერსონალური მონაცემები დავიცვათ და არ გავხდეთ ჰაკერების სამიზნე? – “დაფიქრდით, ვიდრე დააკლიკებთ”

როგორც კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი, ანტივირუსების დეველოპერი კომპანიის “კასპერსკის” ლაბორატორიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სერგეი ნოვიკოვი ამბობს, ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ინტერნეტ მომხმარებლები უშვენებ, არის მიამიტური დამოკიდებულება ინტერნეტ სივრცის მიმართ. უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლებს თავიანთი პერსონალური ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვნად არ მიაჩნია და თვლიან, რომ მათი ელექტრონული ფოსტით, საკვანძო სიტყვებით და სხვა ინფორმაციით არავინ დაინტერესდება.

“კასპერსკი” საკუთარი სამომხმარებლო ბაზის მონიტორინგის შედეგად, ინტერნეტ მომხმარებლის ქცევის შესახებ სხვადასხვა სახის სტატისტიკას აწარმოებს. მაგალითად, კომპანიის 2016 წლის მონაცემებით, საშუალოდ ინტერნეტის ყოველი 7 მომხმარებლიდან ერთი კიბერ შეტევის მსხვერპლი ხდება – მავნე პროგრამების, ჰაკერული შეტევების, ცრუ და ე.წ. “ფიშინგ საიტების”, სპამების მეშვეობით.

2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, ერთ ოჯახში საშუალოდ 6 მოწყობილობაა, რომელიც ქსელშია მიერთებული. მომხმარებელთა 46% არასამუშაო დროს, კვირის განმავლობაში 20–დან 50 საათამდე ატარებს ინტერნეტში. 87% კი ინახავს მნიშვნელოვან პერსონალურ ინფორმაციას ქსელში.

ტოპ 5 აქტივობა ინტერნეტში:

  1. მიმოწერა ელექტრონული ფოსტით;
  2. ონლაინ საყიდლები;
  3. სოციალური ქსელები;
  4. ონლაინ ბანკინგი;
  5. ვიდეოების ყურება.

მონაცემების მიხედვით, მომხმარებელთა 40% არ იცავს საკუთარ კომპიუტერს, 43% კი სმარტფონს. 79% მიიჩნევს, რომ ისინი სრულიად უმნიშვნელო და უინტერესო არიან იმისათვის, რომ მათ უთვალთვალონ ან მათი ინფორმაცია მოიპარონ.

ამჟამად, პერსონალურ კომპიუტერებზე დიდი რისკის ქვეშ სმარტფონები და პლანშეტები დგანან; განსაკუთრებით კი ანდროიდის ოპერატიულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობები, რომლებიც ფართო ღია ქსელის ნაწილი არიან.

“სმარტფონებში ვინახავთ აბსოლუტურად ყველა სახის ინფორმაციას. დღეს ლეპტოპს ან პერსონალურ კომპიუტერს უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი მოიხმარს. სმარტფონში გვაქვს სოციალური ქსელი, ინტერნეტ ბანკი და ყველაფერი, რაც შეიძლება დაგვჭირდეს. ისინი ჩვენი განუყოფელი ნაწლი არიან. ამიტომ სწორედ, მობილურები ხდება მთავარი სამიზნე,” – ამბობს სერგეი ნოვიკოვი.

საფრთხეების მასშტაბები ცვლილება წლების მიხედვით:

  • 1994 წელი – 1 ახალი ვირუსი 1 საათში;
  • 2006 წელი – 1 ვირუსი 1 წუთში;
  • 2011 – 1 ვირუსი 1 წამში;
  • 2016 – 310 000 მავნე პროგრამა 1 დღეში;

2016 წელს, საქართველოში ყოველი მეოთხე მომხმარებელი გახდა ე.წ. “ლოკალური საფრთხის” მსხვერპლი, რომლებიც დივაისებში სხვა მოწყობილობებიდან, მაგალითად, დავირუსებული მეხსიერების ბარათიდან გადადიან.

ჯამურად საქართველოში მომხმარებლების 14.6% ხდება ვირუსის მსხვერპლი ინტერნეტში, ამ სტატისტიკის მიხედვით საქართველო ე.წ. მწვანე ზოლში ხვდება, თუმცა ლოკალური საფრთხეების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 23%–მდე იზრდება და საქართველო უსაფრთხო ქვეყნების 100–ეულში 90–ე ადგილზეა.

სტატისტიკურად საშუალოდ საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელი წელიწადში 8–ჯერ აწყდება ინტერნეტ საფრთხეს ონლაინ, ხოლო 42–ჯერ კომპიუტერული პროგრამებიდან. გასულ წელს, სმარტფონების მომხმარებლების 5% გახდა სხვადასხვა მავნე პროგრამის მსხვერპლი – ყველაზე ხშირად იქმნება პროგრამები, რომლებიც პირდაპირ იპარავენ თანხებს მომხმარებლის ანგარიშებიდან.

ნოვიკოვის თქმით, ყველა სახის ელექტრონული მოწყობილობა ხდება კომპიუტერული ვირუსის მსხვერპლი – მნიშვნელობა არ აქვს ის ანდროიდია, თუ “ეფლის” iOS ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს.

“მართალია, ეფლის პროდუქციის “გატეხვა” უფრო რთულია, თუმცა მაინც შესაძლებელია. უბრალოდ, ეს სხვა მასშტაბებთან, თანხებთან და მიზნებთანაა დაკავშირებული. კიბერთავდამსხმელებს უნდა უღირდეთ მსგავსი შრომა,” – ამბობს ის.

რას გვირჩევენ სპეციალისტები “კასპერსკიდან”?

[checklist]

  • გამოყენეთ ინტერნეტ უსაფრთხოების მაღალი დონე;
  • ხშირად განაახლეთ ოპერაციული სისტემები – როგორც მობილურებში ისე პერსონალურ კომპიუტერში;
  • ხშირად შეცვალეთ პაროლები და არ იქონიოთ ერთი და იგივე პაროლი რამდენიმე ანგარიშზე. პაროლის წერისას გამოიყენეთ მაქსიმალურად რთული კონფიგურაციები (დიდი და პატარა ასოები, ციფრები, 6–7 სიმბოლოზე მეტი);
  • გამოიყენეთ კომპიუტერული პროგრამებისა და აპლიკაციების ლიცენზირებული ვერსიები;
  • არ მისცეთ საეჭვო ვებ–გვერდებს უფლება გამოიყენენონ თქვენი დივაისის მონაცემები, ანუ წვდომა ე.წ. “ნამცხვრებზე” (Cookies);
  • მოერიდეთ სოციალური ქსელით მნიშვნელოვანი პერსონალური ინფორმაციის გაზიარებას. დაიმახსოვრეთ, რომ არც პირადი მიმოწერებია უსაფრთხო;
  • არ ენდოთ ე.წ. “სოციალური ინჟინერიის” საშუალებით შექმნილ აპლიკაციებს, რომლებშიც ავტორიზაციის გავლა ფეისბუკითაც არის შესაძლებელი (ტესტები, თამაშები და საიტები, რომლებიც კონტენტის სანახავად პროგრამების ჩამოტვირთვას გთავაზობენ).
  • ერთდოულად გამოიყენეთ რამდენიმე ინტერნეტ ბრაუზერი და არ ჩართოთ ფუნქცია, რისი დახმარებითაც ბრაუზერი თქვენს პაროლებს დაიმახსოვრებს;
  • გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამები.

[/checklist]

ინტერნეტში არსებულ საფრთხეებზე “კასპერსკის” წარმომადგენლებმა თბილისში მედიის წარმომადგენლებისათვის სპეციალურად გამართულ კონფერენციაზე 9 მარტს ისაუბრეს. კომპანია საქართველოში ცენტრის გახნას და სამომავლოდ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას სტუდენტებისათვის გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი