ახალი ამბები

თვეზე მეტი კომპენსაციის მოლოდინში – “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულები დღეს

7 მარტი, 2017 • 5916
თვეზე მეტი კომპენსაციის მოლოდინში – “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულები დღეს

“სავაჭრო სახლ – ბავშვთა სამყაროს” დაწვიდან თვეზე მეტი გავიდა დაზარალებულების ნაწილი დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება. როგორც დავით ნარმანიამ დღეს ტელეკომპანია “იმედს” უთხრა კომპენსაციების გაცემა დაზარალებულებისთვის არარეალურია:

“აქტიურად ვიყავით ჩართული ცენტრალურ მთავრობასთან ერთად კრედიტების გადავადების ნაწილში, დარჩნილი ნივთების გამოტანასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დემონტაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე ასევე ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ ბაზრების და ბაზრობების ასოციაციასთან, რათა დაზარალებული ადამიანები განთავსებულიყვნენ შეღავათიანი პირობებით და გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა ბაზრებზე. თუ მომავალში საჭირო იქნება ასევე კომპეტენციის ფარგლებში ვართ მზად თუმცა ის, რომ მერიამ თავის თავზე აიღოს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები და ამისთვის მოიძიოს რესურსი ,ეს არარეალურია,” – თქვა ნარმანიამ

მერის განცხადების მიუხედავად, საკუთარი ნივთები დღემდე არ გამოუტანია ბავშვთა სამყაროს შენობიდან თინა ხატიაშვილს. როგორც ამბობს, ხანძარი მის მაღაზიას არ შეხებია, თუმცა ტერიტორია, სადაც მუშაობდა დაიტბორა. დაზარალებულს იმედი აქვს, რომ ქსოვილების ნაწილი, რომლითაც ვაჭრობდა წყალს არ დაუზიანებია, თუმცა მაღაზიაში შესვლას ამ დრომდე ვერ ახერხებს:

“დაცვას ვთხოვე და ორი წუთით შევიხედე, მაგრამ დავკეტე ისევ და გამოვედი. არ გვიშვებენ. არანაირ კომპენსაციაზე ლაპარაკი არ ყოფილა. მინდა ,რომ შევიდე, ვნახო რა მდგომარეობაა და გავაგრძელო მუშაობა” – ამბობს დაზარალებული.

მანანა გიგინეიშვილის თქმით კი, ძვირფასი ლითონების სხვა ბაზარზე, სადაც შეღავათიანი პირობებით, პირველი თვის გადასახადის გადახდის გარეშე უნდა ემუშავა, მისვლის დღესვე დახლის დაქირავების საფასური გადაახდევინეს:

“შემოგვთავაზეს, ერთი თვე არ გადაგვახდევინებდნენ, მაგალითად, მაგრამ გადაგვახდევინეს 150 ლარი – მაისის თვისო, ასე გვითხრეს. ახლა მეორედაც 150 ლარს გადაგვახდევინებენ და მერე 300 ლარს,” – ამბობს გიგინეიშვილი.

როგორც დაზარალებულები “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებენ, კრედიტების გადავადება ყველა მათგანს შეეხო, თუმცა პირობები მათთვის არახელსაყრელია, რადგან გადავადებული თვეების პროცენტი მათ სესხებს მაინც ემატება:

“არაფერი არავისგან არ ყოფილა, არც დახმარება, არც კომპენსაცია. კრედიტები გადაავადეს. 3-თვიანი ან 6-თვიანია, მაგრამ ის პროცენტები სამ თვეში რაც იქნება ერიცხება. 6-თვიანი თუ გავაკეთეთ რაცაა შესატანი ის ნაწილდება დანარჩენ დროზე. ასე, რომ, არ არის მისაღები პირობები. ბაზრებზე არის ადგილები ჩვეულებრივ, თუმცა შეღავათი არ მომხდარა, ყველგან თანხა სჭირდება. ერთი ან ორი თვე რომ დასვან უფასოდ ეს დამწვარი ხალხი, არავინ ამბობს მაგას. ყველაფერი დაიწვა. ერთი ცალი ნივთი არ გამომიტანია,” – ამბობს ელიზა სუბელიანი.

დაზარალებულების ნაწილს დახმარების მიღების იმედი აღარ აქვს. მათ შორისაა ლავრენტი დანელია. როგორც  ამბობს მერიას დახმარებისთვის დაზარალებულებმა არაერთხელ მიმართეს, თუმცა დახმარებას არავინ დაპირებიათ:

“არანაირი დახმარება ჯერ არ მიგვიღია. კრედიტი ჩემს მეუღლეს ჰქონდა და გადაუვადეს 3 თვით, მაგრამ პროცენტი მაინც დაურიცხეს. მაინც გადასახდელია და რა მნიშვნელობა აქვს. კომპენსაციაზე მერიისგან არანაირი საუბარი არ ყოფილა. რამდენიც გინდა მიმართე, მაგრამ აზრი არ აქვს. ვინ მოგცემს დღეს რამეს. იმედი არ გვაქვს არაფრის,” – ამბობს დაზარალებული. 

ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. შენობა სრულად დამწვარია და მერიის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს მისი სრული დემონტაჟი.

ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი