ახალი ამბები

ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებს პოლიციამ პროკურატურასთან კარვის გაშლის საშუალება არ მისცა

14 ნოემბერი, 2017 •
ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებს პოლიციამ პროკურატურასთან კარვის გაშლის საშუალება არ მისცა

სავაჭრო სახლ – ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ. ისინი გამოძიების დაჩქარებას და ზარალის სრულ კომპენსაციას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა პროკურატურასთან კარვის გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს კარავი წაართვეს, პოლიციასა და დაზარალებულებს შორის შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინდა დახმარება:

“ორი ქალი იჯდა კარავში, პოლიციამ კარავი წაგვართვა, შეხლა-შემოხლაში ერთი ქალბატონი დაშავდა. ამ წუთასაც აქ დგას სასწრფო დახმარების მანქანა. ახლა ველოდებით, თუ გამოვა პროკურატურის წარმომადგენელი და შეგვხვდება, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოსულა. ჩვენ ვითხოვთ გამოძიების დროულად დასრულებას და ჩვენი ქონების ანაზღაურებას. გამოძიება გრძელდება, ასე იქნება წლები. მოვითხოვთ, დაჩქარდეს გამოძიება, გამოიკვეთოს დამნაშავე და ჩვენ ჩვენი კომპენსაცია მივიღოთ” – ამბობს მანანა გიგაშვილი.

“ჩვენი ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ ჩვენი სრული ანაზღაურება მოგვცენ, დაზარალებულის სტატუსი გვაქვს, ამდენი ქონება დაგვეკარგა. ამავე დროს, მოვითხოვეთ, რომ ჩვენ უყურადღებობას ვგრძნობთ მთავრობისაგან. არანაირი  საშუალება არ გვაქვს, მუშაობა გავაგრძელოთ და ვითხოვთ სრულ ანაზღაურებას, რაც არის დაზარალებულის სტატუსის ფურცელზე დაფიქსირებული. ამაზე ყურადღებას არავინ გვაქცევს. ჩვენ იძულებული გავხდით, მიგვემართა ამ ფორმისთვის და პროკურატურის წინ კარავი დაგვედგა, რაზეც წინააღმდეგობა გაგვიწია საპატრულო პოლიციამ,” – ამბობს თინათინ ვალიშვილი.

“ბავშვთა სამყაროს” შენობაში ხანძრის შესახებ განცხადება 30 იანვარს, დილის 4:10 საათზე შევიდა 112-ში. ადგილზე მუშაობდა 30-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება 9:00 საათამდე ვერ მოხერხდა. ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.

შენობის დაწვის შემდეგ დაზარალებულებმა კომპენსაციის მოთხოვნით აქციები სხვადსხვა უწყებებთან გამართეს. მათ თბილისის საკრებულომ ერთჯერადად 3000-3000-ლარიანი კომპენსაცია გამოუყო, თუმცა დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათთვის მიყენებული ზიანი გაცილებით მეტია. ეს თანხა ვალებისა და სესხების დასაფარად გმაოიყენეს, ბიზნესის თვიდან დასაწყებად კი დამწვარი პროდუქციის შესაბამისი კომპენსაცია სჭირდებათ.

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით პროკურატურამ “ბავშვთა სამყაროს დირექტორი, გიორგი მაჭავარიანი დააკავა.  წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი მაჭავარიანს ბრალად ედება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. ბრალდებულ მალხაზ თევზაძეს კი, რომელიც ბავშვთა სამყაროს თანამშრომელი იყო, ბრალად ედება გულგრილობა – ორგანიზაციაში სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. ორივე პირი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი