ახალი ამბები

ოცნების ოფისთან, სხდომის პარალელურად, ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები აქციას მართავენ

14 ივნისი, 2018 • 1251
ოცნების ოფისთან, სხდომის პარალელურად, ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები აქციას მართავენ

“ქართული ოცნების” ოფისთან, უმრავლესობის სხდომის პარალელურად, ბავშთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები ოცნების ოფისში მყოფ ხელისუფლების წევრებს სთხოვენ,  გავიდნენ და მათ პასუხი გასცენ. ისინი საუბრობენ თავიანთ ეკონომიკურ პრობლემებზე, რაც მიადგათ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

აქციის მონაწილეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. ისინი მოითხოვენ დროულად დასრულდეს გამოძიება.

“ჩვენ წელიწადნახევარია ქუჩაში ვსხედვართ, ღამეებს ვათენებთ, ყურადღებას არ გვაქცევს არავინ, მოვითხოვთ ჩვენი ზარალის სრულ ანაზღაურებას, რომელიც ბავშვთა სამყაროს დაწვის მიზეზით უსამართლოდ მოგვაყენეს, ის პირები, ვისაც საქონლის დაცვა ევალებოდა, ადმინისტრაციის ჩათვლით დაუსჯელი რჩებიან, დასჯილები ჩენ ვართ”, – განუცხადა ნეტგაზეთს აქციის მონაწილემ.

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. სადაც მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის თაობაზე, თუ ვის დაასახელებენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად. გუშინ, 13 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა.

ხანძარი ბავშვთა სამყაროში 2017 წლის 30 იანვარს გაჩნდა, ხანძარი მეორე დღეს ჩააქრეს, შედეგად დაიწვა სივრცეები, სადაც ოქროთი ვაჭრობდნენ, ასევე დაიწვა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონლის მოვაჭრეთა ფართებიც, განადგურდა მათი პროდუქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი