ილია მეორე და მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ფოტო: ქეთი ქარდავა

მიტროპოლიტი დიმიტრი: თუ პატრიარქისგან კურთხევას მივიღებ, დეკანოზს შევხვდები

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი აცხადებს, რომ ილია მეორეს შეხვდება და თუ პატრიარქისგან მიიღებს კურთხევას, გიორგი მამალაძეს მოინახულებს. მისი თქმით, მღვდელმსახურები პროკურატურის თხოვნის გამო იკავებენ თავს, რომ დეკანოზი ციხეში მოინახულონ.

“მე ვიცი, რომ გიორგი მამალაძესთან იყო მამა ანდრეა, პეტრე და კიდევ ერთი–ორი მოძღვარი. გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ პატრიარქმა მითხრა, პროკურატურამ მოგვმართა თხოვნით, რომ მღვდელმსახურებს, თუ არ არის ზიარების მოთხოვნა, თავი შეგვეკავებინა მისი [დეკანოზ გიორგი მამალაძის] მონახულებისგან… პატრიარქს შევხვდები და თუ მივიღებ კურთხევას, გამოძიების დასრულებამდე შევხვდები გიორგი მამალაძეს,” – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დღეს ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.

მიტროპოლიტ დიმიტრის თქმით, ილია მეორემ ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნის დროს გამოთქვა დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების სურვილი, თუმცა პატრიარქიც პროკურატურის თხოვნით იკავებს თავს:

“პატრიარქმა ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნის დროს გვითხრა, რომ ჰქონდა სურვლილი, მამა გიორგის შეხვედროდა. თუმცა, როგორც გითხარით, მოსულები იყვნენ სამართალდამცველი ორგანოს, პროკურატურის წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ იქნებ თავი შეგვეკავებინა. თუ მომცემს პატრიარქი ლოცვა–კურთხევას, მზად ვარ, შევხვდე მამა გიორგის.”

გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, დეკანოზი მიტროპოლიტ დიმიტრისთან ითხოვს შეხვედრას, რადგან მის ეპარქიაში მსახურობდა და სურს გასაუბრება, როგორც სულიერ მამასთან.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. 02.03.2017. ფოტო: ჯაბა ანანიძე/ნეტგაზეთი

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. 02.03.2017. ფოტო: ჯაბა ანანიძე/ნეტგაზეთი

მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით დაკავებული დეკანოზის ადვოკატები დღესაც შევიდნენ სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში გიორგი მამალაძის მოსანახულებლად და მასთან სასაუბროდ. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ძალიან ცუდად არის გაგებული დეკანოზის ჩვენების ამბავი, თითქოს გიორგი მამალაძემ არ მისცა ჩვენება. მისი თქმით, 27 თებერვალს, როგორი ჩვენების მიცემაც შეეძლო დეკანოზს უსაფრთხოების ფარგლებში, ისეთი ჩვენება მისცა და 30 თაბახის ფურცელი გადასცა გამოძიებას. დეკანოზი გამოძიების დამატებით შეკითხვებს აღარ უპასუხებს, სანამ პროკურატურის მხრიდან მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს.

პარასკევს დაცვის მხარემ პროკურატურა დაადანაშაულა დაკითხვის პროცესის განზრახ გადადებასა და პროცესის გაჭიანურებაში. დეკანოზის დაკითხვა ორშაბათს დაიწყო და 8 სააათს გაგრძელდა. დაკითხვა მომდევნო დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ვერ მისცემდა ჩვენებას. ადვოკატებმა ორშაბათს პროკურატურაში განცხადება შეიტანეს და მოითხოვეს მამალაძის ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები, რის შემდეგაც დეკანოზი მზად იქნება, გარკვეულ კითხვებს უპასუხოს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.