თვითმფრინავის ამბავზე გადაღებული ფილმი – უცხოელი კრიტიკოსების შეფასება

რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმი “მძევლები” თბილისში, დიდ ეკრანზე სავარაუდოდ, შემოდგომით გამოჩნდება. მანამდე კი გავეცნოთ, როგორ აფასებენ უცხოელი კინოკრიტიკოსები რეჟისორის ბოლო ნამუშევარს, რომლის პრემიერაც თებერვალში, ბერლინის კინოფესტივალზე შედგა.


გავლენიანი ამერიკული გამოცემა Variety-ის კრიტიკოსი ჯესიკა კიანგი აქებს ფილმის შემქმნელებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ის ერთი მხრივ, ხელიდან გაშვებული შანსია:

“ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო განვითარება მსოფლიო კინოში, პოსტ-საბჭოთა საქართველოში ერთიანი და გასაოცარი ახალი კინო ტალღის გამოჩენა გახდა. რეზო გიგინეშვილის “მძევლები” შესაძლოა, სწორედ ამ მოძრაობის დაღვინებულ წერტილს წარმოადგენდეს.

ეს არის გასაოცარი და ძალიან კარგად შექმნილი ტრილერი, თუმცა რჩება განცდა, რომ ის არის ხელიდან გაშვებული შანსი, რადგან ის საბოლოო გადაწყვეტილებას არ იღებს. ის ყოყმანობს გამტაცებლების პირდაპირ დაგმობაში… ეჭვი არა არის, რომ ფილმი გვიყვება ტრაგედიაზე, თუმცა კითხვა რჩება: ვის ტრაგედიაზე?”


ბრიტანული Cine-vue-ის კრიტიკოსი ჯონ ბლისდეილი კი განსაკუთრებით ფილმის ოპერატორულ ნამუშევარს იწონებს:

“ფილმი შესანიშნავად არის გადაღებული ვლადისლავ ოპელიანცის მიერ. მისი საოპერატორო ნამუშევარი კარგად აღწერს როგორც გატაცების ინტენსიურ სცენას, ასევე გვაძლევს საქართველოს ხედებს, რომელიც თავისი გასაოცარი სიცარიელით პარადოქსულად მკაცრია. სცენარს მრავალი პერსონაჟი ჰყავს, თუმცა მათ მოტივაციებს ის არასდროს უღრმავდება; მიუხედავად ამისა ფილმი ახერხებს გადმოსცეს სასოწარკვეთა და შეცდომა. სახელი “მძევლები” იმდენად არ აღნიშნავს გატაცებულ უდანაშაულო მგზავრებს, რამდენადაც მათ ოჯახებსა და მშობლებს, ისევე როგორც თავად გამტაცებლებს,” – წერს ბლისდეილი.


Hollywood Reporter-ის კრიტიკოსი სტივენ დალტონი წერს, რომ ეს არის დანაშაულისა და სასჯელის სულისშემძვრელი ისტორია. ფილმის სრულ სიუჟეტსა და განვითარებას ის დადებითად აფასებს, თუმცა ისურვებდა, რომ რეჟისორს უკეთ წარმოეჩინა პერსონაჟების მოტივაცია:

“გიგინეიშვილი გვიჩვენებს, რომ კარგად გამოსდის დაძაბულობისა და მოლოდინის შექმნა, მაგრამ იმდენად კარგად ვერ გადმოსცემს პერსონაჟების მოტივაციებს. “მძევლები” არასდროს სცდება საკუთარ ანტიგმირ პროტაგონისტებს, რომლებიც არაადეკვატურად არიან წარმოჩენილი და სქემატურად არიან დახატული. ცოტა უფრო მეტი შიდა პერსპექტივა დაეხმარებოდა მაყურებელს, უკეთ გაეგო ახლო წარსულში განვითარებული მოვლენები, რომლებიც ხდება იმ წარუმატებელ უტოპიაში, სადაც “ბიტლზის” ალმობის ქონა საშიში დანაშაულია,”


“მძევლები” საქართველოში 1983 წელს განვითარებულ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და 7 ქართველი ახალგაზრდის მიერ საბჭო კავშირის დატოვების სურვილით თვითმფრინავის გატაცების მცდელობის შესახებ გვიყვება.

ფილმის სცენარზე რეჟისორთან ერთად მწერალმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა. მწერალი კრიტიკას პერსონაჟების მოტივაციის ნაკლებობასა და კითხვაზე – ვისი ტრაგედიაა ფილმში გადმოცემული, ნეტგაზეთთან საუბარში პასუხობს.

ვიდრე გადაღებებს დაიწყებდნენ, ლაშა ბუღაძე და რეზო გიგინეიშვილი 3 წლის განმავლობაში მუშაობდნენ სცენარზე. ამ პერიოდში ისინი საარქივო მასალებს გაეცნენ. გამოკითხეს ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობნენ გამტაცებლებს, ესაუბრნენ მათი ოჯახის წევრებსა და თვითმფრინავის გზავრებს, გამცილებელს. მწერლის თქმით, მათ ინფორმაციულ ოკეანეში შეცურეს, რომლის დახარისხება და მხოლოდ მნიშვნელოვანი დეტალების გადარჩევა ყველაზე მძიმე და საპასუხისმგებლო პროცესი იყო. აქედან გამომდინარე, რთული იყო მხოლოდ რამდენიმე საათში ყველაფრის ჩვენება.

მწერლის თქმით, ასევე, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ფილმის გზავნილებს ქართველი და უცხოელი მაყურებელი სხვადასხვაგვარად აღიქვამს და შედეგად, მაყურებლის კრიტიკაც სხვადასხვა მხარესაა მიმართული:

“ბევრი მოსაზრება მოვისმინე. ქართველი მაყურებელი სხვანაირად უყურებს ამ ფილმს და უცხოელი მაყურებელი, რომელმაც არ იცის ამბის ისტორიული კონტექსტი აბსოლუტურად განსხვავებულად. ქართველი მაყურებელი, ბუნებრივია, ემოციურადაც და ინტელექტუალურადაც მომზადებულია. საინტერესო იყო უცხოელი მაყურებლების რეაქციებიც, რადგან ისინი უყურებდნენ მხოლოდ ამბავს და არა ისტორიული ფაქტის მხატვრულ რეტროსპექტივას.

საბოლოოდ, ფილმში არის ნაჩვენები ახალგაზრდა ადამიანების ამბავი, რომლებიც თითქოსდა ინფანტილურად და ამავდროულად, პარადოქსულია, მაგრამ პრაგმატულადაც რაღაც ისეთი ნაბიჯისკენ მიდიან, რომლისკენაც არ მინდა ვთქვა სიტყვა “ბედი”, უფრო მოვლენათა რიგი მიაქანებთ,” – ამბობს ბუღაძე.

მწერალს მართებულად მიაჩნია, რომ ფილმში ისტორიული ფაქტების გადამოწმებაზე მეტად, მნიშვნელოვანი თავად პერსონაჟები და ის გარემოა, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. ფილმის მთავარი ამოცანა არ არის გაარჩიოს ტყუილი სიმართლისაგან, არამედ ისტორიულ კონტექსტზე დაყრდნობით გვიჩვენოს მსგავსი რეალობის ტყეობაში ჩავარდნილი ახალგაზრდების გაუაზრებელი სწრაფვა:

“ერთი მონაწილე ამობს: “რაც მოხდა, იმის გაცნობიერება მოვახერხეთ მხოლოდ თვითმფრინავში” და რეჟისორისათვის ეს იქცა მათი ხასიათის ინტერპრეტაციის გასაღებად. ეს იყო მნიშვნელოვანი მინიშნება – ფსიქოლოგიურიც და არსობრივიც.

ჩემი აზრით, მართებული გადაწყვეტილება იყო, რომ ვკონცენტრირებულიყავით მხოლოდ გმირების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. როდესაც თითქოსდა ჩვეულებრივ, რუტინულ ყოფაში ყველასათვის მოულოდნელად რაღაც კონტრასტული და ფატალური ხდება. რა ხდებოდა ამ ახალგაზრდების ყოფაში ცოტა ხნით ადრე, სანამ ისინი ამას ჩაიდენდნენ და რა ხდებოდა მათ გონებაში უშუალოდ ტრაგედიის პროცესში, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა…”

რეზო გიგინეიშვილის ფილმი "მძევლები". წყარო: IMDB

კადრი რეზო გიგინეიშვილის ფილმიდან “მძევლები”. წყარო: IMDB

რაც შეეხება კითხვას, არიან თუ არა ფილმის მოქმედი პერსონაჟები გმირები, ბუღაძე ამბობს, რომ ამაზე პასუხის გაცემა ფილმის მიზანი არ ყოფილა და ამის გამორკვევას თავად მაყურებელს მიანდობს:

“ჩვენ არ გვინდოდა, რომ ეს ყოფილიყო რომანტიკული კიჩი და არ ყოფილიყო აქ ის პარადიგმა, რომ ვიღაც არის გმირი. ეს არის ისტორია, რომელშიც ერთდროულად შეიძლება იყო გმირიც და ანტიგმირიც. სწორედ, ამიტომ არის ეს ისტორია საინტერესო. მუდმივად ვიმეორებ, რომ ეს ჰგავს ანტიკურ ბერძნულ ტრაგედიას, სადაც მედალს ორი მხარეს აქვს და გმირს განაჩენს ვერ გამოუტან.

როდესაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ქორწინებიდან მეორე დღეს ცდილობს გაიტაცოს თვითმფრინავი – ამაში რა თქმა უნდა, არის ლირიკის ელემენტი და ტრაგიკულ ლირიკულობას გვერდს ვერ აუვლი. ამაში არის რაღაც პირქუშად, საშიშად ლამაზი.

შეიძლება პროფესიული კუთხით ჩვენ რაღაც უკმარისობები გვქონდეს. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ვართ ამბის შთაბეჭდილების ქვეშ. არქივის გაცნობის დროს გვეჩვენებოდა, რომ ყველა დეტალი მნიშვნელოვანი იყო… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასალა დაივიწყო. ის ინფორმატიული ოკეანე, რომელშიც აღმოჩნდი,” – ამბობს ფილმის სცენარის ავტორი.

რეზო გიგინეიშვილის ფილმი "მძევლები". წყარო: IMDB

“მძევლების” პრემიერა თბილისში 20 აპრილს შედგა და მისი ნახვა მაყურებელს კინოთეატრებში უკვე შეუძლია.

“მძევლები” საქართველოს, რუსეთისა და პოლონეთის საერთო პროდუქციაა. მისი საერთო ღირებულება კი 2 მლნ. დოლარამდეა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი