დემირელის კოლეჯის მფლობელი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან, გერმანიაში  გააბრუნეს გერმანიის მოქალაქე, ბიზნესმენი ჯიჰან აქინი.

წარმოშობით თურქი ბიზნესმენი, რომელიც ახლა გერმანიაში ცხოვრობს,  საქართველოში არსებული დემირელის სახელობის კოლეჯის 60 %-ის მფლობელია. ამ კომპანიის საკუთრებაში არსებული შაჰინის სკოლა საქართველოს ხელისუფლებამ თებერვალში დახურა – 3 თებერვალს მას ავტორიზაცია გაუუქმა. 9 თებერვალს კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნა მისი მფლობელი. ამ ფაქტის შესახებ მხოლოდ შაბათს გახდა ცნობილი, რადგანაც ბიზნესმენმა ინტერვიუ გერმანულ მედიას და “ბიზნესკურიერს” მისცა.

ფოტოზე: ჯიჰან აქინი; კადრი ბიზნეს კურიერის რეპორტაჟიდან.

ფოტოზე: ჯიჰან აქინი;
კადრი ბიზნეს კურიერის რეპორტაჟიდან.

“აეროპორტში პასპორტი რომ გავუწოდე, თანამშრომელმა ქალმა, ისე, რომ  კომპიუტერისთვის არც კი შეუხედავს,  ტელეფონზე დარეკა და ვიღაცას ესაუბრა.

მოგვიახლოვდა პოლიციის თანამშრომელი, პასპორტები გამოგვართვა და რაღაც დოკუმენტებზე ხელის მოწერა გვთხოვა.  წაკითხვის გარეშე ხელს არ მოვაწერ-მეთქი, განვუმარტე, მაგრამ წაკითხვის შესაძლებლობა არ მომცეს”, – ამბობს ჯიჰან აქინი კურიერთან საუბარში.

მისი თქმით, ცოტა ხანში  მასთან პოლიციელი მივიდა და განუცხადა, რომ იმავე თვითმფრინავით უკან უნდა დაბრუნებულიყო.

“თვითმფრინავში ჩაჯდომამდე ჩასწორებული დოკუმენტი მომცეს და ხელის მოწერა მთხოვეს, მისი წაკითხვის შესაძლებლობა არც ამჯერად მომცეს.  მიუნხენში ჩავფრინდით, კართან ორი გერმანელი პოლიციელი გველოდებოდა, საბუთებითა და პასპორტებით ხელში. აეროპორტის განყოფილებაში გვითხრეს, რომ დოკუმენტებში მიზეზად სამგზავრო დოკუმენტების არასრულად წარმოდგენა ჰქონდათ ჩაწერილი”.

ბიზნესმენი საქართველოში სწორედ მაშინ მოდიოდა, როცა ბათუმში შაჰინის სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები აქციებს მართავდნენ და სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებას აპროტესტებდნენ.

“ჩვენი სკოლების მოსწავლეების 90% ქართველია და ჩვენ ამ სასწავლებლებს მხოლოდ ვაფინანსებთ.  არასდროს მიგვიყენებია ვინმესთვის ზიანი და მომავალშიც ასე იქნება. პოლიტიკური პოზიციების გამო ჩვენს ინვესტიციებს ზარალი არ უნდა მიადგეს”, – აცხადებს ჯიჰან აქინი.

მისი აერპორტიდან უკან გაბრუნების შესახებ ინფორმირებულია საქართველოში გერმანიის საკონსულოც, თუმცა საელჩოში ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა კითხვით, თუ რატომ არ შემოუშვეს საქართველოში  დემირელის სახელობის კოლეჯის მფლობელი, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

რატომ დახურა შაჰინის სკოლა საქართველოს ხელისუფლებამ

ბათუმში მოქმედი შაჰინის სახელობის სკოლას ავტორიზაცია 3 თებერვალს  შეუჩერეს. 20 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ შაჰინის სკოლის საჩივარი ავტორიზაციის საბჭოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ეს იმას ნიშნავს, რომ შაჰინის სკოლა ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს. სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მშობლებთან ერთად ავტორიზაციის შეჩერებას აპროტესტებდნენ და აქციებს მართავდნენ, ბათუმის სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდნენ.

პრობლემები აქვს მთლიანად დემირელის კოლეჯსაც  და შავი ზღვის უნივერსიტეტსაც – მათი ქონება დაყადაღებულია.

ასევე წაიკითხეთ:  თურქეთს სხვადასხვა ქვეყანაში, სავარაუდოდ, გიულენთან დაკავშირებული სკოლების დახურვა სურს

შაჰინის სკოლის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ სკოლა პოლიტიკური მიზეზებით დახურეს.

თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დემირელის სკოლების მსგავსი საგანმანათლებლო დაწესებულებების უკან, რომლებიც მსოფლიოში უამრავია, ფეტულა გიულენი დგას. ამიტომაც თურქეთმა ბევრ ქვეყანას ამ სკოლების დახურვა მოსთხოვა, რადგანაც 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სწორედ გიულენს ადანაშაულებს.

განათლების მინისტრმა 6 თებერვალს უარყო სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების პოლიტიკური მოტივი და განაცხადა, რომ “არც ერთი ქვეყნის არანაირი პოლიტიკური პროცესი, მათ შორის  ჩვენი ქვეყნის  პოლიტიკური პროცესები, არ უნდა აისახებოდეს და არც აისახება არანაირად სკოლებზე და საგანმანათლებლო პროცესზე”.

ვნახოთ, რა პროცესები უძღოდა ამ ფაქტს წინ.

მნიშვნელოვანი დეტალები:

16 ივლისი, 2016: საქართველოში თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ განაცხადა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან და უახლოეს ხანში მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ეს სკოლები დახუროს.  კონსულის განცხადებით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

18 ივლისი, 2016: საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე შეხვდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუსთან დაკავშირებით.

18 ივლისი, 2016:  თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ კონსულის სიტყვა ინტერპრეტირებული იყო და სკოლის მოსწავლეები ტერორისტები არ არიან. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ქართველ პარტნიორებს გაუზიარა თურქეთის შეშფოთება “ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და სკოლების მართვის გამო, როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში”.

18 ივლისი, 2016: ალექსანდრე ჯეჯელავა: “ფაქტია, რომ გიულენის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობა მთელ მსოფლიოში ფინანსდება, მათ შორის არის სკოლების მთელი ქსელი საქართველოში, რომელიც ამ მიმარულებიდან ფინანსდებოდა. მეორე მხრივ, აქამდე არანაირი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს (ეს სკოლები არის უმეტეს შემთხვევაში აკრედიტირებული ჩვენი კანონმდებლობით, ქართულ ენაზე მიდის სწავლება ჩვენი პროგრამების მიხედვით). შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაიმე ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან კავშირი ჰქონდეს ამ სკოლებს, აქამდე არ ყოფილა”.

3 თებერვალი, 2016: შაჰინის სახელობის სკოლას ავტორიზაცია შეუჩერეს.

9 თებერვალი, 2017: საქართველოში არ შემოუშვეს და აერპორტიდან უკან დააბრუნეს დემირელის კოლეჯის მფლობელი ბიზნესმენი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი