ახალი ამბები

საზმაუს მენეჯმენტი ომბუდსმენს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე მიანიშნებს

24 თებერვალი, 2017 • 2350
საზმაუს მენეჯმენტი ომბუდსმენს  სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე მიანიშნებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი, რომლის მიერ წარმოდგენილ რეფორმის გეგმას საზოგადოების ნაწილი ბოლო დღეებიის განმავლობაში აკრიტიკებს, სახალხო დამცველს პასუხობს.

განცხადება მაუწყებლის ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული და მანამდე ომბუდსმენის მიერ გავრცელებული განცხადების პასუხს წარმოადგენს.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე  გადაცემების მხოლოდ რეიტინგის მიხედვით დახურვის გეგმა კითხვის ნიშნებს აჩენს, განაცხადა ომბუდსმენმა 23 თებერვალს.

“იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრია, დაუშვებელია, მისი საქმიანობა შეფასდეს მხოლოდ რეიტინგებზე დაყრდნობით და მხოლოდ ეს გარემოება დაედოს საფუძვლად გადაცემების დახურვას”, – განაცხადა ომბუდსმენმა.

საზმაუს მენეჯმენტი [აღმასრულებელი საბჭო] აცხადებს, რომ სიტყვების- “დაუშვებელია” “მიუღებელია”- გამოყენება მათ “სარედაქციო  სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის განცდას” უჩენს:

“გვსურს აღვნიშნოთ, რომ ტერმინების – „მიუღებელია“, „დაუშვებელია“ და სხვ. გამოყენება იმასთან მიმართებით, თუ რას დაეფუძნება მენეჯმენტის გადაწყვეტილება გადაცემათა დახურვის, ან გახსნის ნაწილში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის განცდას აჩენს”, – ნათქვამია მაუწყებლის 24 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომერციული მაუწყებლებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რეიტინგს განიხილავს, როგორც ყურებადობის დადგენის ერთადერთ, ყველაზე ობიექტურ ინსტრუმენტს და არ გვაქვს რაიმე საფუძველი, ვისაუბროთ რეიტინგის მთვლელის სანდოობაზე.

ჩვენი აზრით, სახალხო დამცველის მიერ გამოთქმული პოზიცია, რომ „საზოგადოებაში არსებობს კითხვები მთვლელის სანდოობასთან დაკავშირებით“, არ წარმოადგენს საკითხზე პროფესიონალური მჯელობის ფორმას”, – აცხადებს მაუწყებელი.

სრულად მაუწყებლის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი