ახალი ამბები

პროკურორის თქმით, ციანიდის საქმის მტკიცებულებები მაშინ გასაჯაროვდება, როცა საფრთხე აღარ იქნება

24 თებერვალი, 2017 • 2840
პროკურორის თქმით, ციანიდის საქმის მტკიცებულებები მაშინ გასაჯაროვდება, როცა საფრთხე აღარ იქნება

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ არ იცის, გააცნო თუ არა მტკიცებულებები მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პატრიარქსა და სინოდს. რაც შეეხება იმას, თუ როდის გაიგებს ამ მტკიცებულებების შესახებ საზოგადოება, პროკურორი პასუხობს:

“ეს შეკითხვები შეეხება საქმის დეტალებს და ამ ეტაპზე ამაზე ვერ ვისაუბრებთ, ვინაიდან ამით დაზიანდება გამოძიების ინტერესები. შესაბამისად, როდესაც ასეთი საფრთხე აღარ იარსებებს, ეს მტკიცებულებები გახდება საჯარო საზოგადოებისთვის. წინასწარ პროგნოზის გაკეთება, თუ როდის გასაჯაროვდება, შეუძლებელია. როდესაც საფრთხე აღარ იქნება მტკიცებულებების გასაჯაროებით, რომ დაზიანდეს გამოძიების ინტერესები, მაშინვე გასაჯაროვდება მტკიცებულებები, მაღალი საზოგადოებრივო ინტერესებიდან გამომდინარე.”

ტყეშელაშვილის თქმით, ამ საქმეზე უკვე დაიკითხა არაერთი მოწმე და მომავალშიც დაგეგმილია არაერთი პირის დაკითხვა. პროკურორი “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” არ პასუხობს დანარჩენ კითხვებს და აცხადებს, რომ ყველა მტკიცებულება კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურორი ე.წ. მატროსოვის ციხეში მივიდა, სადაც ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე იმყოფება. დღეს დაგეგმილია სხვადასხვა სახის ნიმუშების აღება და დეკანოზის დაკითხვა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება, მაგრამ ამის შემდეგ მისი დაკითხვისთვის პროკურატურას აღარ მიუმართავს ბრალდებულის ადვოკატისთვის. პროკურატურა, სავარაუდოდ, დღეს, 24 თებერვალს, დაკითხავს დეკანოზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი