ახალი ამბები

იციკ მოშე საქართველო–ისრაელის უვიზო რეჟიმის 100 დღით შეჩერების ინიციატივით გამოდის

24 თებერვალი, 2017 • 9401
იციკ მოშე საქართველო–ისრაელის უვიზო რეჟიმის 100 დღით შეჩერების ინიციატივით გამოდის

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე მხარეებს ურთიერთობის 7-პუნქტიან “შოკოთერაპიას” სთავაზობს. “ისრაელის სახლის” დამფუძნებელი ფიქრობს, რომ ეს გეგმა მოაგვარებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და მოიტანს განახლებულ ნდობას.

იციკ მოშეს ურთიერთობების 7-პუნქტიანი შოკოთერაპია

  1. შეწყდეს უვიზო რეჟიმი 100 დღით;
  2. შეიქმნას ორმხრივი საპარლამენტო/საგარეო კომისია;
  3. გაიცეს ლიცენზია ტურისტულ კომპანიებზე;
  4. გაიცეს სამუშაო ვიზები და კვოტა საქართველოსთვის;
  5. შეწყდეს ანტიქართული, ანტისემიტური, ანტიისრაელური გამოსვლები;
  6. ასდღიანი (100) შეხვედრები ისრაელის სახლში – განხილვა მომავალ თაობასთან;
  7. მთავრობებმა შეცვალონ კავშირების ტერმინოლოგია.

 


 

ეს რამდენიმეპუნქტიანი გეგმა იციკ მოშემ მედიას დღეს გააცნო, რომელიც ისრაელში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ შესვლის საკითხს უკავშირდება. ვინაიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში შესვლასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა და ზოგჯერ ეს გამოხატულია ანტისემიტური ფრაზეოლოგიით, მოშე გამოდის ინიციატივით, რომ დროებით, 100 დღით შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა:

“რათა ორივე მხარის მონაწილეობით სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა კარგად შეისწავლოს აღნიშნული საკითხი. ამასთან, ორივე ქვეყნის მოქალაქეებითვის დაიწყოს ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებულ პროცედურებსა და აკრძალვებზე ახსნა-განმარტებითი სამუშაოები, რომელშიც ასევე აქტიურად ჩაერთვება “ისრაელის სახლი.”

როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, უნდა მოხდეს ისრაელში ტურისტად ან სამუშაოდ ჩასულთა გამიჯვნა და ტურისტულმა კომპანიებმა იმუშაონ მხოლოდ ტურისტებზე. რაც შეეხება სამუშაოს მაძიებლებს, ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე უნდა გადაწყდეს.

“ოფიციალური სამუშაო კვოტის გამოყოფის საკითხი ჩვენ კარგა ხნის წინ დავსვით და ისრაელისგან მივიღეთ თანხმობაც. სასურველია, ახლა ეს შეთანხმება უკვე მხარეებს შორის ოფიციალურად გაფორმდეს და საქართველო, მსგავსად აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისა, მიიღებს სამუშაო კვოტას. გაუგებრობა და მედიის კითხვები – რატომ აჩერებენ ქართველ ტურისტებს ისრაელის აეროპორტში? უნდა დასრულდეს,” – განაცხადა იციკ მოშემ.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტს არ სურს, ორ ქვეყანას შორის კარგი წარსული ამ ფრაზეოლოგიამ დააზიანოს. მას სჯერა, რომ ინიციატივები, რომელთა შესახებაც მომავალ კვირას ისაუბრებენ,  შედეგს გამოიღებს:

“ორივე ქვეყნის მთავრობას უნდა მივმართოთ. პირველ ეტაპზე დროებით, 100 დღით, შეჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველო-ისრაელს შორის. ამ 100 დღეში უნდა შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც იმუშავებს საკითხების მოგვარებაზე. ისრაელის სახელმწიფომ უნდა გამოყოს სამუშაო კვოტა საქართველოდან ჩასული მოქალაქეებისთვის.”

იციკ მოშეს თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურისტულმა კომპანიებმა არ ივაჭრონ ადამიანებით და არ მოიტყუონ ისინი: “ტურისტულმა კომპანიებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ ტურიზმზე.”

 


 

შეგახსენებთ, რომ 7 თებერვალს საქართველოს რამდენიმე მოქალაქემ გამართა პრესკონფერენცია, სადაც ისრაელის მესაზღვრეები დაადანაშაულეს არასათანადო მოპყრობაში. ისინი საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ ამცირებდნენ ისრაელის საზღვარზე მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები არიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს 10 თებერვალს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა დაკავებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ცალკეულ შემთხვევებზე.

 


 

საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის ვიზების გაუქმებასა და დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე შეთანხმებას 2013 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი, ხოლო 2014 წლის მარტიდან ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. თუმცა 2016 წლის ნოემბერში ისრაელის მედია იუწყებოდა, რომ მათი შსს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ავტომატური უარის შემოღებას გეგმავდა. ადგილობრივი მედია ისრაელის შს სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ ასეთი თხოვნების დიდი ნაწილი შესაძლებელია უარყოფილი იყოს ყოველგვარი ზედმიწევნითი შემოწმების გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი