ახალი ამბებისაზოგადოება

საქართველოს მოქალაქეები ისრაელის მესაზღვრეებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

7 თებერვალი, 2017 • 32330
საქართველოს მოქალაქეები ისრაელის მესაზღვრეებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

“დაკარგულები” – ასე უწოდებენ საკუთარ თავს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელის მესაზღვრეებს არაადამიანურ მოპყრობაში და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. მათ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს და ისაუბრეს, თუ როგორ ამცირებდნენ ისრაელის საზღვარზე მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები არიან. საქართველოს მოქალაქეების უფლებების შესაძლო დარღვევების ფაქტებს ისრაელის მისაზღვრეების მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო იკვლევს.

ისრაელიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები და ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშრის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ისრაელიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები და ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშრის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ერთ–ერთი მათგანი, ვინც ისრაელის მესაზღვრეებს უკანონო დაკავებასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს, შშმ ბავშვთა უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის, “ნათელი მომავლის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი მარამ მენაბდიშვილია. მისი ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტრომ 2012 წელს დაარეგისტრირა. მარიამის თქმით, ისრაელში ამავე ქვეყნის მოქალაქესთან საქმიან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც შშმ ბავშვებისთვის საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრის გაკეთებას გეგმავდა.

“ჩემს ორგანიზაციას შემოაქვს ეტლები და უწევს დახმარებას შშმ ბავშვებს. ზუსტად ამ მიზეზით დავუკავშირდი ისრაელის მოქალაქეს, ბატონ იონი ბენიაშვილს, რომელმაც მოისურვა საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრის აშენება შშმ ბავშვებისთვის. მან მოისურვა, რომ ამისთვის გამოეყო 150 ათასიანი ინვესტიცია და თბილისში შეეძინა 400 კვ/მ ნაკვეთი, სადაც ააშენებდა ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო და დასასვენებელ პარკს, რითაც გაახალისებდა შშმ ბავშვების ყოფას. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც მაქვს აპოსტილითაც ნათარგმნი. აქ ჩაიდო პირობები და მოსალოდნელი ფორსმაჟორებიც. გადავწყვიტეთ, რომ მე საქმიანი ვიზიტით ჩავსულიყავი ისრაელის სახელმწიფოში.  22 იანვარს ავიღე ბილეთი თბილისი–კიევი–თელ-ავივი. დაახლოებით ღამის 6 საათზე გავფრინდი და 22–ში უკვე თელ-ავივის აეროპორტში ვიყავი, სადაც უკანონოდ დამაკავეს. თან მქონდა მხოლოდ ხელჩანთა, მობილური ტელეფონი, საფულე და ჩემი დოკუმენტაცია. ასევე, მქონდა ის დოკუმენტაცია, თუ ვინ ვიყავი მე და რას ვსაქმიანობდი საქართველოში,” – ამბობს მარიამ მენაბდიშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისრაელთან უვიზო მიმოსვლა აქვს, საზღვარზე მაინც მოსთხოვეს ვიზა. როგორც მენაბდიშვილი ამბობს, მის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკუთარი უფლებების დასაცავად ადვოკატი და თარჯიმანი მოითხოვა:

“მე მქონდა საზღვარგარეთის პასპორტი და არ მაქვს არანაირი დარღვევა. საქართველოში მაქვს ჩემი სამსახური, მყავს ოჯახი – ექვსი თვის ბავშვი. არანაირი ალიბი არ მქონდა იმისა, რომ დამეტოვებინა ჩემი სახელმწიფო და წავსულიყავი სხვა სახელმწიფოში სამუშაოს საძებნელად, თუმცა, რა თქმა უნდა, არ მეთაკილება თუნდაც დამლაგებლად მუშაობა. უბრალოდ, ამის არანაირი საფუძველი არ მქონდა. გამომართვეს საბუთები, გამომართვეს პირადი ნივთები და შემიყვანეს პატარა ოთახში, სადაც ორი ქალი იჯდა. მათ დაუძახეს ერთ კაცს, ვინაიდან ვუთხარი, რომ ინგლისურს ცუდად ვფლობდი და მერჩივნა, რუსულად მესაუბრა. ასევე ვუთხარი, რომ მქონდა უფლება, მომეთხოვა თარჯიმანი, ვინაიდან ივრითული არის ჩემთვის უცხო ენა – არ მესმის და ვერც ვსაუბრობ. მითხრეს, რომ კიდევ 5–ვარსკვლავიანი სასტუმროს გამოყოფაც ხომ არ მსურდა.”

მენაბდიშვილი ამბობს, რომ მალევე მიხვდა მის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას და მოსალოდნელი შედეგებიც უფრო მწვავდებოდა, ვიდრე წარმოედგინა. როგორ მარიამი ამბობს, მისი არც ერთი კანონიერი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და დაიწყეს უკანონო დაკითხვა, რომელიც 3–4 საათს გაგრძელდა.

“სახეზე მონათებული მქონდა პატარა კამერა და მეუბნებოდნენ, რომ თუ რამეს მოვიტყუებოდი, დამაკავებდნენ და 3 წელი მომიწევდა ისრაელში პატიმრობაში ყოფნა. ვუთხარი, თავადაც ვიყავი იურისტი და კანონიერად ვითხოვდი ადვოკატს, ვინც დაიცავდა ჩემს უფლებებს. ვუთხარი, რომ ეს იყო დაკითხვის ფორმა, რასაც ამ ქვეყანაში არ ვსაჭიროებდი, ვინაიდან არ ვარ დამნაშავე და არ გადავსულვარ უკანონოდ ისრაელში. ვიყავი სტუმრად საქმეზე და უკან უნდა დავბრუნებულიყავი – ამის ალიბები მქონდა. მომთხოვეს საფულე და ამოიღეს 10 ცალი 100–დოლარიანი. მქონდა ასევე ქართული ვალუტა, რომელიც ჩემს თვალწინ გადაითვალეს. მკითხეს, თუ რად მინდოდა ამდენი თანხა, რაზეც ვუპასუხე, რომ ვარ მორწმუნე და ისრაელიდან საჩუქრების წაღება მსურდა. ვუთხარი, რომ ყველა ქართველის ოცნებაა, რომ “წმინდა მიწაზე” ფეხი დაადგას, მაგრამ დღეს ვნანობ ამ ყველაფერს,” – ამბობს მარიამ მენაბდიშვილი.

მარიამის თქმით, სურდა, მისი ამბავი საქართველოსთვის და საკუთარი ოჯახისთვის ეცნობებინა, თუმცა არც ამის საშუალება მიეცა:

“დავდექი დილემის და რეალობის წინაშე, თუ რა მდგომარეობა იყო და როგორი მოტყუებულები ვართ. ვნახე, როგორ გვამცირებენ და სულში გვაფურთხებენ – გვეძახიან მათხოვარი ქვეყნის შვილებს.”

როგორც მარიამი ამბობს, რუსულ ენაზე დაკითხეს, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს ოთახში, სადაც მის გარდა კიდევ ბევრი ადამიანი იყო – ქალები, კაცები და ხანდაზმულები. მისი თქმით, დამცირების გარდა, იყო მუქარაც, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.

“ქუდის ფორმის ელასტიური ნაჭრით აგვიხვიეს თვალები და გვითხრეს, რომ 5 წუთით უნდა შევჩერებულიყავით. აეროპორტიდან თვალახვეულები გისოსებიანი მანქანით წაგვიყვანეს და უკვე შიშმა შემიპყრო. როგორც მივხვდი, 20–25 წუთის შემდეგ შევედით ეზოში, ჩამოგვიყვანეს მანქანიდან და გვითხრეს, რომ სიგარეტი მოგვეწია, ვინაიდან მეტჯერ ვეღარ მოვწევდით. ვთქვი, რომ თამბაქოს მომხმარებელი არ ვარ, რაზეც მიპასუხა, რომ “შენ თუ მოინდომებ, შემიძლია გცემო”. შეგვიყვანეს ოთახში, სადაც ხელმეორედ გაგვჩხრიკეს: გამხადეს ფეხზე, ჩამომართვეს პირადი ნივთები, ამიკრძალეს გარესამყაროსთან ურთიერთობა,” – ამბობს მარიამი.

მისი თქმით, მობილური ტელეფონი ჩამოართვეს, თუმცა ავტომობილის გადაღება მაინც მოასწრო. მარიამი ამბობს, რომ საკვებად გამოუყენებელი პროდუქტი მიუტანეს დაკავებულებს – პურში ჩადებული მოხარშული კვერცხი და ვადაგასული თევზის კონსერვი:

“წითელი ორლიტრიანი პლასტმასის ჭურჭლით შემოიტანეს ადუღებული წყალი, რომელშიც ქაღალდიან–ძაფიანად ეყარა ფერები და სამი ცალი ჭიქა, რომელიც 15–20 ქართველს უნდა გვეხმარა და დაგველია. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიყავით ღორები და მოსამსახურეები – ჩასულები დასარეცხად, და ეს ყველაფერი უდნა გვეჭამა, თუ არადა მოვკვდებოდით შიმშილით. მე მათ მივმართავდი “ძმით” და უმორჩილესად ვთხოვე, რომ მოეცათ ადუღებული წყალი, რომელსაც ჭიქებში ჩავასხამდით და ისე დავლევდით, ვინაიდან რაც მოგვიტანეს, ის იყო ბინძური. ერთ–ერთი დამთანხმდა, გაიღო რკინის კარები და გამიყვანეს სატუსაღოდან. შემიყვანეს ოთახში, სადაც კამერები იყო დამონტაჟებული… ამივსო [მესაზღვრემ] ახალი წყლის ჭურჭელი, ჩამიფურთხა და მითხრა, დალიეო. რა თქმა უნდა, არ დავლიე და ამივარდა ისტერიკული ტირილი. ვუთხარი, რომ ჩვენ მოძმე ერი ვართ და არ შეიძლება ასეთი დამცირება ადამიანის – ეს იყო დანაშაული.”

როგორც მარიამ მენაბდიშვილი ამბობს, ისრაელის საბაჟოს თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამის შესახებ ყველას გააგებინებდა:

“ამაზე მიპასუხა, რომ ყოველდღე შენისთანა 10 ბოზი ჩამოდის და ამას იძახიანო. მე ვარ ქართველი, მე ვარ დედა, მე მაქვს სინდისი, მე მყავს ოჯახი და ჩემთვის ეს შეურაცხყოფა იყო მოუნელებელი. მოვითხოვე ტელეფონზე დარეკვა, რაზეც მიპასუხეს, რომ მქონდა ამის უფლება. შემომიტანეს შავი ყუთი, სადაც იდო დამჯდარი ტელეფონი. ვუთხარი, რომ ბატარეა იყო დამჯდარი და ამით ვერ ვისარგებლებდი, რის მერეც მომკიდეს თმაში ხელი და გამათრიეს განცალკევებით ოთახში – შენ ბევრი მოთხოვნილება გაქვსო. შენ თუ ხარ იურისტი, შენს ქვეყანაში იყავი, აქ მათხოვარი ხარო.”

მარიამ მენაბდიშვილი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მარიამ მენაბდიშვილი. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მენაბდიშვილი აცხადებს, რომ კამერებიან ოთახში ყოფნის დროს პლასტმასის კოვზით თვითმკვლელობა სცადა: “ავიღე ეს ჩანგალი, გადავტეხე და დავიდე მაჯაზე. ვთქვი, რომ ვენებს გადავიჭრიდი და ეს იქნებოდა ხმამაღალი განაცხადი, რომ ქართველები აღარ დაეჩაგრათ. რა თქმა უნდა, წამართვეს, დამადეს ხელბორკილი და შემოსასვლელში მიმაგდეს კიბესთან. იქ ვიდექი დიდი ხანი.”

მისი მოთხოვნების შემდეგ, საქართველოში რომ დაებრუნებინათ, როგორც თავად ამბობს, ოთახში ქერათმიანი რუსულენოვანი კაცი შევიდა და და ისრაელის დატოვება 300 დოლარად შესთავაზა.

“როდესაც უკვე მაქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ისინი ვალდებულები არიან, რომ როცა გამოჩნდება ამის საშუალება, უკან დაგაბრუნონ, მაგრამ არაფერი მითქვამს, ვინაიდან ამის მოსალოდნელი შედეგიც ცხადი იყო. ჩემთან ერთად იყო ბევრი ქართველი. მათაც 300–300 დოლარი გამოართვეს, რის მერეც ჩვენ ისინი თვალით აღარ გვინახავს. 30 დოლარი დოლარი მხოლოდ ერთს მოუტანეს, რომელიც იყო ისრაელის მოქალაქის საცოლე. ფაქტობრივად, ფარატინა ფურცლები დაგვახვედრეს თვითმფრინავში, სადაც საბარგულიდან აგვიყვანეს დამნაშავეებივით,” – ამბობს მენაბდიშვილი.

მარიამი აცხადებს, რომ ეს არის დანაშაული, რასაც ჩვენი სახელმწიფო არ აქცევს ყურადღებას. მარიამი და კიდევ არაერთი საქართველოს მოქალაქე საკუთარ თავს “დაკარგულებს” უწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ არ აპირებენ ამ ფაქტების დაფარვას და რეაგირების გარეშე დატოვებას.

“ჩვენ ვართ “დაკარგულები” და ამ ამბავს ჰქვია “დაკარგულები”. ჩვენ სახელმწიფოდან გავედით, თუმცა უკან დაბრუნება არ ჩანს. ეს არის მიზეზი სასწრაფო ბრიფინგის მოწყობისა იმიტომ, რომ დღეს და ხვალ რომ იგივე განმეორდეს, მაშინ ვსვამ კითხვას – სად ვართ ჩვენ? ჩვენ მივმართეთ როგორც თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, თედო კობახიძეს, ასევე საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგრაციის კომისიის თავმჯდომარეს გულიკო ზუმბაძეს. დავიწყებთ მასობრივ აქციებს და გამოვა ყველა ქართველი, ვინც ამ უკანონობის მსხვერპლია. მე არ ვარ არასასრუველი მოქალაქე, არ ვარ არასასურველი სტუმარი ნებისმიერ ქვეყანაში და გავალ იქ, სადაც განვახორციელებ პროექტს, რომელიც შშმ პირებისთვის და ბავშვებისთვის არის საჭირო,” – ამბობს მენაბდიშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა ყველა პასუხისმგებელ ორგანოს, თუმცა რეაგირება ჯერჯერობით არ ყოფილა: “საგარეო საქმეთა სამინისტროდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ მოგვცეს იმედი, განვიხილავთო. გვაქვს ფოტომასალები და წარწერები, რომლებსაც მოგაწვდით აუცილებლად. ეს ყველაფერი მივაწოდეთ სახალხო დამცველსაც და ველოდებით შეხვედრას. ყველა ორგანო უნდა დაიძრას და დადგეს ფეხზე.”

მარიამ მენაბდიშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იწყებს შიმშილობას და მოითხოვს, დაიდოს რეალური ფაქტები იმედგაცრუებული და მოტყუებული მოქალაქეებისთვის.

“მითხრეს, რომ მე სამუშაოდ მივდიოდი, რის გამოც არ შემიშვებდნენ ქვეყანაში. ყველაზე დიდი მიზეზი, თუ რატომ ვერ წავიდოდი იქ სამუშაოდ, არის ის, რომ მყავს 6 თვის შვილი მათე, რომელსაც ვერ დავტოვებდი. მას აქვს გულზე პრობლემები, არის საოპერაციო და არის ყველაზე დიდი მიზეზი, რომ მე უკან უნდა დავბრუნებულიყავი,” – აცხადებს მარიამი.

მარიამ მენაბდიშვილის გარდა, ისრაელის საზღვარზე მათი უფლებების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბრობენ ხატია ხიზანიშვილი და ელიკო ჯიოშვილიც. მათ იურიდიული დახმარების თხოვნით საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირს მიმართეს. როგორც თავად ამბობენ, განცხადებები გაუგზავნეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისიებს, სახალხო დამცველს და ყველა შესაბამის ორგანოს.

ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშრის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება შეიცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების, ღირსებისა და კანონიერი ინტერესების სერიოზულ ხელყოფის ნიშნებს, რაც საჭიროებს სათანადო და ობიექტურ შესწავლას. თევზაძე ვარაუდობს, რომ ეს შემთხვევა ერთეული არ არის და ხშირია მსგავსი უკანონო და უპატივცემულო დამოკიდებულებები. დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ მარტო იმ პერიოდში 100–დან 200–მდე ქართველი გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

გიორგი თევზაძის თქმით, მოქალაქეების განცხადებები შეიცავს აღმაშფოთებელ ფაქტებს, რომელიც საკითხის ყოველმხრივ შესწავლას და სათანადო რეაგირებას საჭიროებს.

“საქართველოს მოქალაქეს საქართველო იცავს, მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა. ეს საკითხი და მარიამ მენაბდიშვილის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა არა მარტო ამ პირის ღირსების დაცვას ნიშნავს, არამედ მთელი ქვეყნის ღირსების საკითხია. დაუშვებელია, დაუსჯელი რჩებოდეს მსგავსი ქმედებები,” – ამბობს თევზაძე.

ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, განცხადება აყვანილია პირად კონტროლზე და მასზე განხორციელდება საზოგადოებრივი მონიტორინგი. როგორც თევზაძე აცხადებს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, შეისწავლოს ეს საკითხი.

“ისრაელი არის მოძმე ერი და გვიკვირს მათი აგდებული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ჩინოვნიკების ბრალი, თუმცა არაა გამორიცხული, პროვოკაციაც, რასაც სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება,” – ამბობს გიორგი თევზაძე.

კობა ხაჩიძე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

კობა ხაჩიძე. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ისრაელის საზღვრიდან დეპორტაციის გზით გამოაბრუნეს, კობა ხაჩიძეა. მისი თქმით, ისრაელში მეგობართან ერთად სამი დღით აპირებდა დარჩენას და ქვეყნის დათვალიერებას, თუმცა განმარტების გარეშე მისი დეპორტირება მოახდინეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა.

“Go Tour–ში მქონდა დაჯავშნული ისრაელში 3–დღიანი სასტუმრო და ასევე დაზღვევა, რაც მირჩია ტურისტულმა სააგენტომ. აეროპორტში ჩასვლისთანავე ჩამოგვართვეს პასპორტები და გასაუბრების ოთახში შეგვიყვანეს. ახსნა–განმარტებების გარეშე პირდაპირ გვითხრეს, რომ დეპორტირებულები ვართ საქართველოში და ვერ დავისვენებდით და გადავაადგილდებოდით  “ჩვენს გემოზე” ისრაელში. ამის შემდგომ შეგვყარეს თეთრ კამერაში, სადაც აგროვებდნენ ქართველ ადამიანებს. ამის მერე აბსოლუტურად ყველა აეროპორტის უკანა მხრიდან გადაგვიყვანეს სხვა კამერაში და იქ გვალოდინეს უკან წამოსასვლელ ბილეთს. მიზეზად გვითხრეს, რომ არ სჭირდებოდათ ქართველი ტურისტები იმიტომ, რომ ისინი ჩადიან იქ და მუშაობენ. ამის გამო, რატომღაც არც ტურისტებს ენდობოდნენ. ვიყავით ამ კამერაში ჩაკეტილები, სანამ ჩვენი წასვლის დრო არ მოვიდა. არ გვაძლევდნენ არაფრის უფლებას, წყალსაც არ გვალევიდნებდნენ. მოგვიტანეს უხარისხო და ვადაგასული საკვები პროდუქტები, რომელსაც ასდიოდა საშინელი სუნი,” – ამბობს კობა ხაჩიძე.

მისი თქმით, კამერაში ასევე იყვნენ შშმ პირები, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდნენ, ასევე იყვნენ სასულიერო პირებიც და შეუძლოდ მყოფი ადამიანებიც. როგორც ხაჩიძე ამბობს, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ კამერაში გამოკეტილი ადამიანები წაიყვანეს აეროპორტში, საიდანაც მოხდა მათი დეპორტირება:

“პასპორტებში ჩაგვირტყეს არასასურველი სტუმრის სტატუსი და გამოგვიშვეს, რაზეც ძალიან უკმაყოფილო ვარ. ისრაელის საზღვარი არ მქონდა გადაკვეთილი არასდროს და პირველად მინდოდა რამდენიმე დღით დათვალიერება. ჩვენს კამერაში ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, თუმცა მრავლად იყვნენ რუსეთის და უკრაინის მოქალაქეებიც, რომლებიც ასევე დეპორტით გაისტუმრეს საკუთარ ქვეყნებში. რომ ვიკითხე საზღვარზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი რომ ვყოფილიყავი, მაინც ასე მომექცეოდით-მეთქი, მიპასუხეს, რომ ასე მოგექცეოდით იმიტომ, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას პატივს არ ვცემთო.”

ნეტგაზეთი ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს ელჩს, პაატა კალანდაძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღეს ინფორმაცია. როგორც კალანდაძე ამბობს, ისრაელი ამასთან დაკავშირებით დღეს საღამოს ან ხვალ დილით გააკეთებს ახსნა განმარტებას.

“შეკითხვა უკვე ოფიციალურად გაგზავნილი გვაქვს, რომ მივიღოთ ახსნა–განმარტება, თუ რა პირობებში და რატომ უთხრეს უარი ქალბატონ მარიამ მენაბდიშვილს ისრაელში შემოსვლაზე. ასევე, მივუთითეთ მისი ქვეყანაში შემოსვლის მიზანი და ის, რასაც განცხადებაში უთითებს, რომ უხეშად მოეპყრნენ. სავარაუდოდ, დღეს საღამოს ან ხვალ უკვე პასუხი მექნება და არსებული წესის მიხედვით, ისევე როგორც ვმოქმედებდით აქამდე, გადაეგზავნება საქართველოს საგარეო საქმეთა საკონსულოს, რომელიც თავის მხრივ განმცხადებელს ან ადვოკატს ამის თაობაზე შეატყობინებს, როგორც წესი და რიგია,” – ამბობს პაატა კალანდაძე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების შესაძლო მასობრივი დეპორტაცია 2016 წლის ნოემბერში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ისრაელი ავტომატურ უარს ეტყვის თავშესაფარზე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს, ელჩი პასუხობს:

“არა… მე გიდასტურებთ, რომ ასეთი სახის ერთი და ორი არ იყო. ერთი პერიოდი ბევრი სტატია იწერებოდა ადგილობრივ მედიაში, დაახლოებით, 3–4 დღის განმავლობაში. რაც შეეხება რაღაც კანონების შეცვლას უკრაინის ან საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მოითხოვენ ისრაელში ყოფნისას თავშესაფარს, ამის თაობაზე არც წერილობით, არც სიტყვიერად, რაიმე განცხადება ოფიციალური ისრაელის მხრის ჩვენ არ გაგვაჩნია.”

საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის ვიზების გაუქმებასა და დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე შეთანხმებას 2013 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი, ხოლო 2014 წლის მარტიდან ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. თუმცა 2016 წლის ნოემბერში ისრაელის მედია იუწყებოდა, რომ მათი შსს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ავტომატური უარის შემოღებას გეგმავდა. ადგილობრივი მედია ისრაელის შს სამინისტროზე დაყრდნობით წერდა, რომ ასეთი თხოვნების დიდი ნაწილი შესაძლებელია უარყოფილი იყოს ყოველგვარი ზედმიწევნითი შემოწმების გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი