Haaretz: ისრაელი საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მიცემაზე ავტომატურ უარს შემოიღებს

ებრაული გამოცემა Haaretz იუწყება, რომ ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და უკრაინის მოაქალაქეებისთვის თავშესაფრის თხოვნაზე ავტომატური უარის შემოღებას გეგმავს, რის შესახებაც მოთხოვნა ისრაელის იუსტიციის სამინისტროში უკვე შეტანილია.

როგორც Haarets.com-ის სტატიაშია ნათქვამი, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან ისრაელში თავშესაფრის მინიჭებაზე მოთხოვნა გაიზარდა. გამოცემა ისრაელის შს სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ასეთი თხოვნების დიდი ნაწილი შესაძლებელია უარყოფილი იყოს ყოველგვარი ზედმიწევნითი შემოწმების გარეშე.

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის დევნილის სტატუსზე ავტომატური უარის თქმა ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს საშუალებას მისცემს, რომ მათი რესურსები გაცილებით მნიშვნელოვანი სიტუაციების განსახილველად გამოიყენოს.

Haarets.com-ის ცნობით, ბოლო 10 თვის განმავლობაში ისრაელში თავშესაფრის მისაღებად საქართველოსა და უკრაინის მოქალქეების 8574 თხოვნა დაფიქსირდა: 5505- უკრაინის, ხოლო 3069- საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. ებრაული გამოცემის ინფორმაციით, 2013 წელს ამ ორი ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მსგავსი მოთხოვნა მხოლოდ 5 იყო.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ უკრაინის მოქლაქეების ნაწილი მათ მოთხოვნაში ძირითადი მიზეზად რუსეთთან ბრძოლაში ჩართვისგან თავის არიდებას ასახელებდა. ებრაული გამოცემის ინფორმაციით, ზოგიერთი უკრაინელი ამბობდა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულიდან იყო, რომელიც რუსეთის მიერ უკვე 2 წელია ანექსირებულია. ამავე მასალაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მიიღების მოთხოვნაში მათი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზად პოლიტიკური რეპრესიების საშიშროებას ასახელებენ.

საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოებს შორის ვიზების გაუქმებასა და დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობაზე შეთანხმებას 2013 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.