ახალი ამბები

შოთა თუთბერიძე: დეკანოზის საქმემ აჩვენა, რომ პროკურატურაში კატასტროფული მდგომარეობაა

23 თებერვალი, 2017 • 2844
შოთა თუთბერიძე: დეკანოზის საქმემ აჩვენა, რომ პროკურატურაში კატასტროფული მდგომარეობაა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” იურისტმა შოთა თუთბერიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მტკიცებულებების ნაწილის გაცნობა საპატრიარქოსთვის ცხადყოფს, რომ ის გამოძიების პროცესში ერევა.

შოთა თუთბერიძის თქმით, დაუშვებელია, გამოძიების მასალები ამ ფორმით ვინმესთვის გახდეს ხელმისაწვდომი, მით უმეტეს, რომ სისხლის სამართლის სხვა საქმეებში, რომლებიც მიმართულია კერძო პირის თუ ორგანიზაციის წინააღმდეგ, მტკიცებულებების გაცნობა დიდი ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი.

“ხელისუფლება და პროკურატურა დადის საპატრიარქოში, ანგარიშს აბარებს მას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და ცხადი ხდება, რომ საპატრიარქო ბევრად უკეთესადაა გარკვეული გამოძიების იმ დეტალებში, რომელიც არავისთვის უნდა იყოს ცნობილი, გარდა დაცვის და ბრალდების მხარისა,”- ამბობს თუთბერიძე.

იურისტის თქმით, ეს ყველაფერი ცხადყოფს, რომ ინსინუაციები საპატრიარქოს გავლენის შესახებ საფუძველს მოკლებული არაა და საპატრიარქოს შეუძლია გამოძიების მიმდინარეობაზე გავლენა მოახდინოს.

“არ არის გამორიცხული, საპატრიარქო ნებისმიერი გამოძიებით დაინტერესდეს და მას ამისი რესურსი გააჩნია. არანაირი განსხვავება სამართლებრივი თვალსაზრისით დეკანოზ მამალაძის საქმესა და ნებისმიერ სხვა საქმეს შორის არაა. საპატრიარქოს ზუსტად ისეთივე შეხება აქვს ამ საქმესთან, რამდენიც ექნება ნებისმიერ სხვა საქმესთან”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

თუთბერიძის შეფასებით, ის, რომ საპატრიარქო გამოძიების მიმდინარეობაში ხელებს აფათურებს, ასახავს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რაც საგამოძიებო უწყებაშია.

“ყველანაირ მითს, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ ბოლო პერიოდში, რომ პროკურატურა მოწყვეტილია პოლიტიკურ პროცესებს და მხოლოდ საქართველოს კანომდებლობას ემორჩილება, ხაზი გადაესვა იმიტომ, რომ არ შეიძლება, პროკურატურის საქმიანობა ვინმეს, მათ შორის სასულიერო პირს და პოლიტიკური თანამდებობის პირს, პირად კონტროლზე ჰყავდეს აყვანილი. ის საქმეც, რომელიც არავის კონტროლზე ჰყავს აყვანილი, ისევე ობიექტურად და სრულყოფილად უნდა გამოიძიონ, როგორც ის საქმე, რომელიც არ ჰყავს პირად კონტროლზე აყვანილი”, – ამბობს თუთბერიძე.

21 თებერვალს ილია მეორეს შეხვდნენ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მათ დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საკითხზე ისაუბრეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, და  მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი